ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩომახიძის გუნდი: ქართველ წყალბურთელთა მესამე ევროპა


ევრო 2018-ის პლეი-ოფი, ისრაელი - საქართველო: მეტოქეს გიორგი მაგრაქველიძე უტევს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპული წყალბურთის ელიტაში იასპარეზებს. კონტინენტის რიგით 33-ე პირველობაზე ქართველები პლეი-ოფში, ისრაელის ძლევით მოხვდნენ, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 23:11 აჯობეს. ყველაფერი პირველ შეხვედრაში თბილისში, საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში“ გადაწყდა, სადაც საქართველომ ისრაელს 12 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

ამ გამანადგურებელმა გამარჯვებამ განმეორებითი შეხვედრა ნეთანიაში, ორდ უინგეიტის სახელობის ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტის აუზში ფორმალობად აქცია. ქართველების მოდუნებამ თავიდან ისრაელს რევანშის შანსი გაუჩინა, თუმცა მეორე და მესამე პერიოდებში ჩვენები გამოფხიზლდნენ და აღთქმულ მიწაზე მათ საქომაგოდ მისული გულშემატკივარის გასახარად, მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს - 11:10.

ნეთანიაში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი არ აკლდა
ნეთანიაში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი არ აკლდა

ორივე შეხვედრაში ტრადიციულად მაღალი კლასი აჩვენა ნატურალიზებულმა ელაჩამ, რომელიც იტალიის Serie A1-ის სირაკუზას „ორტიჯიას“ ღირსებას იცავს. კარგად გამოიყურებოდნენ იტალიის ქვედა ლიგებში მოასპარეზე ბითაძე და იმნაიშვილი, სლოვაკეთში მოთამაშე მაგრაქველიძე, მეკარე შუბლაძე, მონტენეგროს „პრიმორაციდან“ და თბილისის „დინამოს“ ვეტერანები რურუა და ბაღათურია.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მიუხედავად ისრაელში ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე, რომელმაც ბრძანა რომ წინ დიდი სამუშაოა:

თბილისში დიდი ანგარიშით გამარჯვებამ მოტივაცია დაგვიკარგა, განწყობა არ ვარგოდა, თავისთავად დასკვნას გამოვიტანთ და უფრო სერიოზულად ვიმუშავებთ, მით უმეტეს, რომ წინ ევროპის პირველობაა და მეტი კონცეტრაცია გვმართებს“
რევაზ ჩომახიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ისრაელთან მატჩი მოვიგეთ, გენერალური ამოცანა გადავჭერით, ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ ნეთანიაში ნაჩვენები თამაშის ხარისხით არც მე და არც ბიჭები კმაყოფილები არ ვართ. თბილისში დიდი ანგარიშით გამარჯვებამ მოტივაცია დაგვიკარგა, განწყობა არ ვარგოდა, თავისთავად დასკვნას გამოვიტანთ და უფრო სერიოზულად ვიმუშავებთ, მით უმეტეს, რომ წინ ევროპის პირველობაა და მეტი კონცეტრაცია გვმართებს.“

44 წლის რევაზ ჩომახიძე, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და პირველივე ცდაზე ევროპაზე გაიყვანა, ქართული და მსოფლიო წყალბურთის ცოცხალი ლეგენდაა. თბილისის „დინამოში“ დაფრთიანებულ ქუთაისელ ჩომახიძეს რუსეთის ნაკრებთან ერთად, მოგებული აქვს სიდნეისა (2000) და ათენის (2004) ზაფხულის ოლიმპიადების ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატის (2001) ბრინჯაო ფუკუოკაში, მსოფლიო თასი ბელგრადში (2002), მსოფლიო ლიგა პატრასში (2002) და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო სევილიაში (1997).

რევაზ ჩომახიძე კარიერის პიკზე
რევაზ ჩომახიძე კარიერის პიკზე

საკლუბო კარიერაში ჩომახიძე არის იტალიის Serie A1-ს ბრინჯაოს პრიზიორი ფლორენციის Rari Nantes-ის მაისურით (1996), ხორვატიის ორგზის ჩემპიონი (2001, 2002) ზაგრების „მლადოსტის“ რიგებში, რუსეთის ექვსგზის ჩემპიონი (1997, 1999, 2000, 2005, 2006, 2009) მოსკოვის „დინამოსთან“ და ჩეხოვის „შტურმთან“ ერთად.

ევროტურნირებში ყველაზე დიდ წარმატებას ჩომახიძემ ასევე რუსულ გუნდებთან ერთად მიაღწია, 2000 წელს მოსკოვის „დინამოს“ LEN Cup Winners Cup მოაგებინა, 2008 წელს კი „შტურმთან“ ერთად LEN Euro Cup მოიგო.

2000-იან წლებში ქართველი ჩომახიძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო წყალბურთელად ითლებოდა, ერთი სეზონი იტალიური გრანდის, რეკოს PRO-ს რიგებშიც გაატარა, 2002-03 წლების სეზონის მიხედვით, იგი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ჩომახიძე ნეთანიაში საქართველოს ნაკრებს არიგებს
ჩომახიძე ნეთანიაში საქართველოს ნაკრებს არიგებს

2009 წელს 36 წლის ასაკში, რეზო სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად დაეხმარა, 2014 წელს კი 40 წლისამ, ლომის წილი ითამაშა პლეი-ოფში თურქეთის დამარცხებაში, რის შემდეგაც საქართველომ პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიგო.

ბოლო წლებში რეზო ჩომახიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში და ახლა ეროვნულ ნაკრებში მისივე გაზრდილ ბიჭებს, წინა წლებში, ნატურალიზებული წყალბურთელების (ელეზი, ცრიპულია, ფრანიჩევიჩი, სტრუჯიჩი) ნაცვლად აწინაურებს.

თბილისის „დინამოს“ და ნაკრების ვეტერანი მიხეილ ბაღათურია ამბობს, რომ ჩომახიძის პოლიტიკა გარკვეულ რისკს შეიცავს, თუმცა გამართლებულია:

"ჩომახიძის ბოლო გადაწყვეტილება რომ პლეი-ოფში აღარ გამოეძახა ნატურალიზებული ლეგიონერები, ვფიქრობ, რომ სწორია, უკვე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა და მგონია რომ მზად ვართ, ქართველებით მივაღწიოთ წარმატებას“
მიხეილ ბაღათურია, თბილისის "დინამოს" და ეროვნული ნაკრების წყალბურთელი

„წინა წლებში უცხოელი წყალბურთელების ნატურალიზაცია საქართველოს ნაკრებში იმ აუცილებლობით იყო განპირობებული რომ პროფესიონალი მოთამაშეების დიდი დეფიციტი გვქონდა, მაშინ ლეგიონერები ნამდვილად სჭირდებოდა საქართველოს. ზოგადად მსოფლიო წყალბურთში ნატურალიზაცია მიღებული პრაქტიკაა, ისეთ გრანდს, როგორიც იტალიია ხუთი ნატურალიზებული წყალბურთელი ჰყავს.

რაც შეეხება ჩომახიძის ბოლო გადაწყვეტილებას რომ პლეი-ოფში აღარ გამოეძახა „ლეგიონერები“, ვფიქრობ, რომ ეს სწორია, უკვე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა და მგონია რომ მზად ვართ, ქართველებით მივაღწიოთ წარმატებას.“

ევროპის 33-ე ჩემპიონატი წყალბურთში 14-დან 28 ივლისის ჩათვლით ბარსელონაში ბერნარდ პიკორნელის სახელობის საცურაო აუზში გაიმართება. მასპინძელი ესპანეთის გარდა კატალონიაში ევროპის კიდევ 15 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს. ევრო 2018-ის კენჭისყრა ბარსელონაში ხვალ შედგება, საქართველო მესამე კალათაში არის განთესილი.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პირველად კონტინენტის პირველობაზე 2014 წელს უნგრეთში იასპარეზა და ყველა შეხვედრაში დამარცხდა. 2016 წლის ევრო სერბეთში, ქართელებისთვის ცოტა უფრო იღბლიანი გამოდგა, მათ თურქეთის დამარცხება შეძლეს და 16 გუნდში მე-14 ადგილი დაიკავეს.

2014 წელი: საქართველოს დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე
2014 წელი: საქართველოს დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოში, სადაც ყველა ასაკის სულ 1500-მდე წყალბურთელია რეგისტრირებული და მხოლოდ ოთხი ნახევრადპროფესიული კლუბი არსებობს ზედიზედ სამჯერ ევროპაზე გასვლა დიდი წარმატებაა. ეროვნული წყალბურთის განვითარების მიზნით, ახლახანს თბილისში, ცურვისა და წყალბურთის აკადემია გაიხსნა, რომელსაც ვეტერანი წყალბურთელები გიორგი ხვედელიანი, ზურაბ რურუამ და მიხეილ ბაღათურია უდგანან სათავეში.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა
ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა

საქართველოს ეროვნული ნაკრები (2018)

  1. ნიკოლოზ შუბლაძე - „პრიმორაცი“ (მონტენეგრო)
  2. ბექა ქავთარაძე - „ლოკომოტივი“ (თბილისი)
  3. ალექსანდრე რუსიშვილი - „ლოკომოტივი“ (თბილისი)
  4. რევაზ იმნაიშვილი - „სორი“ (იტალია)
  5. ანდრია ბითაძე - „ვის ნოვა“ (იტალია)
  6. მარკო ელაჩა - „ორტიჯია“ (იტალია)
  7. ხვიჩა ჯახაია - „ჰერაკლიონი“ (საბერძნეთი)
  8. მიხეილ ბაღათურია - „დინამო“ (თბილისი)
  9. ზურაბ რურუა (კაპ) – „დინამო“ (თბილისი)
  10. ლევან ჩიქვინიძე - „ჰერაკლიონი“ (საბერძნეთი)
  11. გიორგი მაგრაქველიძე - „ნოვაკი“ (სლოვაკეთი)
  12. ზურაბ ჩიკვაიძე - „ლოკომოტივი“ (თბილისი)
  13. ირაკლი რაზმაძე - „დინამო“ (თბილისი)
  14. კონსტანტინე გეგელაშვილი - „ლოკომოტივი“ (თბილისი)
  15. გიორგი მესხი - „შაბაცი“ (სერბეთი)

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

ბარსელონას ბერნარდ პიკორნელის სახელობის საცურაო აუზი
ბარსელონას ბერნარდ პიკორნელის სახელობის საცურაო აუზი

ევრო 2018-ის მონაწილეები

  1. ესპანეთი
  2. სერბეთი
  3. მონტენეგრო
  4. უნგრეთი
  5. იტალია
  6. ხორვატია
  7. საბერძნეთი
  8. რუსეთი
  9. საფრანგეთი
  10. ჰოლანდია
  11. გერმანია
  12. საქართველო
  13. რუმინეთი
  14. თურქეთი
  15. მალტა
  16. სლოვაკეთი

XS
SM
MD
LG