ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის მხარდაჭერა თუ გავლენის შენარჩუნება?


სირიასა და ირანს შორის ისედაც ახლო ურთიერთობები კიდევ უფრო მყარდება

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საიდ ჯალილი დამასკოში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა და „უცხოელი ოპონენტების“ წინააღმდეგ დამასკო მოკავშირეობის შენარჩუნების გამო შეაქო.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შიიტური ირანი უკვე დიდი ხანია სუნიტ საუდის არაბეთს რეგიონში დომინანტური როლი მოპოვებაში ეპაექრება. ამასთან ერთად, თეირანი უკვე რამდენიმე წელია ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს და დასავლეთის ქვეყნების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი და მას სამხედრო დანიშნულება არ აქვს.

ირანის ყოფილი პრეზიდენტი აბოლჰასან ბანი სადრი ამბობს, რომ ირანისთვის სირიაში მიმდინარე მოვლენები მეტად საყურადღებოა. მისი თქმით, სირიაში არაერთი უცხო ქვეყნის ძალები მოქმედებს. ერთ მხარეს შეერთებული შტატები, ევროპა, თურქეთი, საუდის არაბეთი და ყატარია, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს, ხოლო ირანი, რუსეთი და ჩინეთი კი ასადს უმაგრებენ ზურგს.

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სირიაში შიიტური რეჟიმის დამხობას ირანისთვის ორი მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ერთი ის, რომ რეგიონში თეირანის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ ხელისუფლების შეცვლა შეიძლება ირანშიც იგივე სცენარით განვითარდეს.

სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა აბდულბასეტ სიედამ ამერიკის ხმის სპარსულ რედაქციასთან საუბრისას, სადრის შეხედულება უარყო.
მისი თქმით, სირიის ოპოზიციას არანაირი ბოროტი ზრახვა არ აქვს ირანის მთავრობის წინააღმდეგ და არ აპირებს თეირანის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯების გადადგმას იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ასადის რეჟიმი დაემხო.

ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ სირიელი ამბოხებულები ირანის მიმართ არც თუ ისე კეთილგანწყობილი არიან. მათ 48 ირანელი ჯერ ისევ დატყვევებული ჰყავთ, რომლებიც დამასკოში გასულ კვირას აიყვანეს მძევლად.

თეირანი აცხადებს, რომ მძევლები მლოცველები არიან, რომლებიც სირიაში რელიგიური მიზნებით იმყოფებოდნენ, ხოლო სირიის თავისუფალი არმია კი ამბობს, რომ ისინი ირანის რევოლუციური გვარდიის მზვერავები არიან.

დევიდ შენკერი ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის არაბული პოლიტიკის პროგრამის დირექტორია. მისი აზრით, თეირანს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სირიის ხელისუფლების მხარდაჭერა საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქციოს:

„ისინი იზოლირებული არიან. ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სირიაში რეჟიმის დამხობამ შეიძლება ირანშიც განაახლოს სახალხო მოძრაობა. მოგეხსენებათ, მსგავსი ანტი-სამთავრობო მოძრაობა 2009 წელს თეირანმა დაუნდობლად ჩაახშო ძალის გამოყენებით.“

შენკერი ამბობს, რომ მიუხედავად ამ საფრთხეებისა, ირანი პრაგმატულობას გამოიჩენს:

„ირანელებს ასადის შემდეგ სირიასთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. ღა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ ძალაუფლება ასადმა შეინარჩუნოს, მაგრამ მისი დამხობის შემთხვევაში, ირანი ეცდება სირიასთან ურთიერთობა შეინარჩუნოს.“

შენკერის თქმით, ეს ურთიერთობა ირანისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგანაც ირანს არა მხოლოდ სირიასთან სჭირდება კეთილგანწყობის შენარჩუნება, არამედ რეგიონში დარჩენილ მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოკავშირე - ლიბანის შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლასთანაც.
XS
SM
MD
LG