ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი და ბიზნესი


სირიელებმა ხარჯვა შეამცირეს და მხოლოდ გადაუდებელ პროდუქციას ყიდულობენ

ძველი დამასკოს სანელებლების ბაზარი შეცვლილია. ქვეყანაში, სადაც ერთ წელზე მეტია სამოქალაქო ომი მძვინვარებს, სირიის სამხედროები დედაქალაქში ოპოზიციის კონტროლირებად რაიონებს უტევენ, თუმცა დამასკოს შუაგულში, ბიზნესი ბიზნესია.

ნაემ ბეზრა იმ მაღაზიიდან გვესაუბრება, სადაც ადრე მისი მამა და დიდი ბაბუა ვაჭრობდნენ. იგი ამბობს, რომ საქმე გრძელდება, თუმცა ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რაც ბიზნესის მესაკუთრეებსა და მომხმარებელზე ერთნაირად მოქმედებს.

ბეზრას დაკვირვებით, სირიელებმა ხარჯვა შეამცირეს, და მხოლოდ გადაუდებელ პროდუქციას ყიდულობენ. მომხმარებელი იმასაც განიცდის რომ უცხოური საქონელი განსაკუთრებით გაძვირდა.

სირიის მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრი აფიფ დალა ამბობს, რომ დასავლურმა სანქციებმა ადგილობრივ ეკონომიკას დაღი დაასვა.

„სირიის ეკონომიკა ფაქტობრივად თვითმკმარია. ეკონომიკაში საკუთარ რესურსებზე დამოკიდებულება დიდია იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან მრავალფეროვანია და ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ.“

დამასკოს ჰამადეიას ბაზარში გამყიდველები ვაჭრობის დუნე ტემპს უჩივიან.
აქვე, ქსოვილების ერთ-ერთ მაღაზიაში აბდელ რეჰიმი მომხმარებლის მოზიდვას ჰიჯაბის დიდი კოლექციის გამოფენით და ამით, მუშტრის დაინტერესებას ცდილობს.

„ძალიან რთული ატმოსფერო სუფევს, ეს არის კრიზისის ატმოსფერო. მაგრამ რახან პროდუქციისთვის მასალას სირიაში მოვიპოვებთ, დახლების შევსება არ გვიჭირს.“

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, დედაქალაქში ბიზნესი ნორმალურად ვითარდება. იქ, სადაც სირია ვითარებას თვითონ ვერ აგვარებს, მას სანდო მოკავშირეები უწვდიან დახმარების ხელს.

აფიფ დალა, რომელიც სირიის ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობს ამბობს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა ძლიერი სავაჭრო პარტნიორები არიან. მისი განცხადებით, არაერთი ქვეყანაა, რომლებსაც ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, სირიასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. სირიის ეკონომიკა ამ ქვეყნებს სარგებლის მიღებაში ეხმარება. იგი იქვე დასძენს, რომ, რომ ზოგიერთ ქვეყანას კითხვები აქვს სირიასთან, კავშირის მორალურ მხარესთან დაკავშირებით.

ფაქტი ცხადია: საქმის ტემპი ომამდეც და ომის შემდეგაც ერთია. არაერთი მშრომელის განცხადებით, მათთვის თითქმის არაფერი შეცვლილა, მაშინაც კი როცა ომი ასე ახლოსაა. მიუხედავად ამისა, არცერთმა მათგანმა არ იცის, კიდევ რა პერიოდი გასტანს ეს მეტნაკლებად ნორმალური ვითარება სირიის დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG