ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ აყოვნებს ობამა სირიაში ინტერვენციას?


140-ზე მეტი კანონმდებელი აწერს ხელს ობამასადმი მიწერილ წერილს, რომელშიც ისინი სირიის საკითხებზე პრეზიდენტს სთხოვენ, კონგრესის თანხმობას დაელოდოს

შაბათს თეთრი სახლიდან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის, რომ შეუძლია სირიაზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. თუმცა, მიაჩნია, რომ ქვეყანაში ამ მნიშვნელოვან თემაზე დებატების გამართვა აუცილებელია.

პრეზიდენტმა განაცხადა: „ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი ძლიერება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში არ მდგომარეობს, არამედ იმ ხელისუფლებაში, რომელიც ხალხის მიერ და ხალხისთვის არის არჩეული. სწორედ ამიტომ მივიღე მეორე გადაწყვეტილება. სირიაში ძალის გამოყენების შესახებ თანხმობას კონგრესში ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან დაველოდები“.

ბმული

სირიაში ორი კვირის წინ მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტმა ობამამ 21-ე საუკუნის ყველაზე უარესი ქიმიური იარაღით განხორციელებული შეტევა უწოდა. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, ამერიკას ამ ფაქტზე თვალის დახუჭვის უფლება არ აქვს. სირიის ხელისუფლება აგრძელებს ქიმიური იარაღის ხმარების უარყოფას. პრეზიდენტი ობამა კი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ამ ფაქტს სირიაში სულ ცოტა 1 000 ადამიანი შეეწირა.

პარალელურად, მთელ მსოფლიოში ისევე როგორც სირიაში ინტერვენციის, ასევე მის საწინააღმდეგოდ მიმართული აქციები დაიწყო. ანტისაომარი დემონსტრაციები ვაშინგტონში თეთრ სახლთან გაიმართა. ანალოგიური აქციები ჩატარდა საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იორდანიაში და თურქეთში.

დამასკოს მთავარი მოკავშირე, მოსკოვი, სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას აგრძელებს და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს პროვოკაციას უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ელემენტარულად საღი აზროვნების მიხედვით, იმ ფონზე, როცა მთავრობის ძალები დაწინაურდნენ, რამდენიმე რეგიონში ამბოხებულები ალყაში მოაქციეს და საერთაშორისო საზოგადოებას სირიის მთავრობის ძლიერების სერიოზული გზავნილი მიაწოდეს, „არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ფაქტი სწორედ იმ დღეს, როცა გაეროს ინსპექტორები სირიაში უნდა ჩასულიყვნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იმ ადამიანების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციაა, ვისაც სირიის კონფლიქტში სხვა ქვეყნების ჩათრევა სურს, ვისაც საერთაშორისო მოთამაშეების მხარდაჭერა სურს და ეს პირველ რიგში შეერთებულ შტატებს ეხება“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასობაში გაეროს ინსპექტორების გუნდმა სირიაში მუშაობა დაასრულა და შაბათს ქვეყანა დატოვა. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის პრესმდივნის განცხადებით, მას ბრიფინგი კვირას ჩაუტარეს. პრესმდივანი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება ინსპექტორების საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდეს.

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერები კმაყოფილებას არ მალავენ შაბათს პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული განცხადების გამო. პრეზიდენტმა ობამამ სირიაზე მოსალოდნელი იერიში გადადო და განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონგრესის თანხმობას დაელოდება. კონგრესის ლიდერები პრეზიდენტის განცხადებას მიესალმებიან, რომელმაც აღნიშნა: „ვიცი, რომ ამ კურსს თუ გავაგრძელებთ, ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენი ქმედებები კიდევ უფრო ეფექტური გახდება. დებატები აუცილებლად უნდა გაიმართოს, რადგან განსახილველი საკითხები ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანია. ამ დილით, ჯონ ბეინერმა, ჰარი რიდმა, ნენსი პელოსიმ და მიჩ მაკონოლმა (კონგრესის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა ლიდერებმა) თანხმობა განაცხადეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენი დემოკრატიისთვის მართებული ნაბიჯი იქნება“.

140-ზე მეტი ამერიკელი კანონმდებელი აწერს ხელს პრეზიდენტ ობამასადმი მიწერილ წერილს, რომელშიც ისინი ქვეყნის ლიდერს სთხოვენ, ვიდრე სირიაზე იერიშის მიტანას გადაწყვეტს, კონგრესის მიერ ამ საკითხის განხილვას და მათ თანხმობას დაელოდოს. თუმცა, კონგრესი ამჟამად საზაფხულო არდადეგებზეა და კანონმდებლები შვებულებიდან დაბრუნებას 9 სექტემბრიდან დაიწყებენ. ისინი მთელ ქვეყანაში არიან გაფანტული და საარჩევნო უბნებზე ელექტორატთან შეხვედრებს აწარმოებენ.

კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერების მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლება შეერთებული შტატების კონგრესს ენიჭება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის და მისი მმართველი გუნდის განცხადებით, ისინი მოელიან, რომ პრეზიდენტი ობამა კონგრესს და ამერიკელ ხალხს სირიაში მოქმედების გეგმას სექტემბრის თვის მეორე კვირაში წარუდგენს. კონგრესმენთა განცხადებას მთელი რიგი სენატორებიც მიესალმებიან.

ვეტერანი პოლიტოლოგი ლარი საბატო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი, მაგრამ ძალზე ბრძნული იყო.

მისი თქმით, პრეზიდენტი მზად იყო სირიაზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. არ ვიცი ამ შემთხვევაში მოკავშირეები საერთოდ გვეყოლებოდა თუ არა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა დიდმა ბრიტანეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენციას მხარი არ დაუჭირა. ვფიქრობ, რეალობა სხვაგვარია და პრეზიდენტმა ეს კარგად გააცნობიერა“.

საბატოს და სხვა ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტს დიდი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ შეერთებული შტატების კონგრესი, ამერიკელი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის მიზანშეწონილობაში დაარწმუნოს. თეთრი სახლის განცხადებით, ობამას ადმინისტრაციამ კონგრესის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრები და კონსულტაციები კვირას დილიდან დაიწყო.
XS
SM
MD
LG