საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. ორგანიზაციის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება რამდენიმე პუნქტში ფერხდება, სადაც გაეროს მონაცემებით, ის ასობით ათას ადამიანს ძალიან სჭირდება.
უფლებადამცველები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მათ სასწრაფოდ დართონ ნება დახმარება სულ ცოტა ორ დასახლებაში იქნას შეტანილი. „სირიის მთავრობა ვერაფრით შეძლებს გაამართლოს დამასკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის შიმშილის ტაქტიკა და ჰუმანიტარული ტვირთიდან საბაზისო მედიკამენტების ამოღება“ - განაცხადა ნადიმ ჰაურლიმ. ის ორგანიზაციაში ახლო აღმოსავლეთის დირექტორია.