ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლვილი: მინდა ექიმი გამოვიდე და სირია ავაშენო


თურქეთში მყოფი, დაახლოებით 500 ათასი სირიელი ლტოლვილი ბავშვი სკოლაში არ დადის. მთავრობა მეტი საგანმანათლებლო პროგრამის გატარებას აგრძელებს. სტამბოლის გარეუბანში, საცდელი პროექტი ლტოლვილთა ბანაკების გარეთ მცხოვრები ბავშვების განათლების საკითხის მასიური პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება

სტამბოლის ათათურქის სახელობის სკოლაში კიდევ ერთი დღის დასასრულს ათასობით თურქი ბავშვი სკოლიდან გამოდის და სახლისკენ მიეშურება.

სხვებისთვის სასწავლო დღე სწორედ ახლა იწყება. მეორე შესასვლელთან 700 სირიელი ბავშვი მოუთმენლად ელის სკოლაში შესვლას. მათ სიტკი დეიერი ეგებება.

ის, გასულ წელს, თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული საცდელი პროექტის კოორდინატორია, რომელიც სირიელი ბავშვებისთვის, სირიელ მასწავლებლებთან ერთად, პარალელურ სკოლას გულისხმობს. დეიერის თქმით, ისინი თავიდანვე გადატვირთულნი იყვნენ.

ის ამბობს:

„განათლების სამინისტრომ ოთხი საკლასო ოთახის გამოყოფა გვთხოვა, ფიქრობდნენ, რომ ოთხი საკმარისი იქნებოდა. ჩვენ 18 საკლასო ოთახის გახსნა მოგვიხდა. მოთხოვნა ისეთია, საშუალება რომ გვქონოდა, ამის გაორმაგებაც მოგვიწევდა.“

თითქმის ყოველდღიურად, სირიელ მშობლებს ახალი ბავშვები მოჰყავთ. ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, ზოგიერთ ბავშვს მშობლებისგან პირველი განცალკევება აშინებს.

პროგრამის ფარგლებში გრამატიკის საწყისებს, არაბულად კითხვას და წერას ასწავლიან. მოჰამედ ჰუმადი ამბობს, რომ უცხო ენის კლასებიც არსებობს, მათ შორის თურქული ენის.

ელ ჰუმადი ამბობს:

„ამ სკოლის გახსნამ ბევრი მოსწავლის მთავარი პრობლემა გადაჭრა. სკოლის არსებობა, განსაკუთრებით 5-10 წლის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თაობა შეიძენს ცოდნას და შეისწავლის კულტურას, რაც კარგია.

სკოლა იმის გამო შეიქმნა, რომ სირიელ ბავშვებს თურქულ სახელმწიფო სკოლებში ინტეგრაცია გაუჭირდათ, ამბობს სკოლის დირექტორი ერკან პოლატი.

„როცა სირიელები თურქულ სკოლებში მიდიან, ისინი თურქულ პროგრამას, თურქულ ენაზე სწავლობენ. ენის ბარიერის გამო, მათ სასწავლო პროცესის მიყოლა არ შეუძლიათ. სემესტრის ბოლოსთვის ცოტაოდენ თურქულს სწავლობენ, მაგრამ სხვა საგნებში ჩავარდნა აქვთ.“

ზოგიერთი მშობელი, ბესმა ფისტიკის მსგავსად, შეშფოთებულია, რომ დრო არ იცდის.

„შესაძლოა, მთელი თაობა ტერორიზმში წავიდეს. არა განათლება, არა ფული. ფულის საშოვნელად ვერაფერს იპოვნიან. სირიელებს უფრო მეტი განსაცდელი შეხვდება, განსაკუთრებით თურქეთში.“

ასეთი საგანმანათლებლო პროექტების არსებობა იმედს იძლევა

ბავშვის ხმა: „მინდა ექიმი გავხდე და სირია ვაშენო.“

სახლში დაბრუნების და საკუთარი ქვეყნის თავიდან აშენების სურვილს ბევრი ბავშვი გამოთქვამს. არის იმედი, რომ განათლების მეშვეობით, სირიელთა ეს თაობა უკეთესი მომავლის შენების დაწყებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG