კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასთან ახლოს მდებარე პოლიციის აკადემიასთან თავდამსხმელმა სატვირთო მანქანაში თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა. დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია დროდადრო ვრცელდება და რაოდენობა იცვლება.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკემ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა და დედაქალაქში დაბრუნდა. მან თავდასხმის ადგილიც მოინახულა.
"ეს თავდასხმა არის არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ან პოლიციის წინააღმდეგ მიმართული, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების", - განაცხადა პრეზიდენტმა და თქვა, რომ ეს ტერორისტული აქტი არ დარჩება დაუსჯელი.
კიმბერლი ბრეიერმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ლათინური ამერიკის საკითხებში, ასევე დაგმო თავდასხმა და თქვა, რომ ამერიკა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
პიკაპის ტიპის ავტომობილი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო სავსე. ის პოლიციის აკადემიის სასწავლო დაწესებულების ჭიშკარს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შესასვლელი შეიარაღებული მცველებითა და გაწვრთნილი ძაღლებით იყო გარშემორტყმული, თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა. ეს სკოლა დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს.
კოლუმბიის პროკურატურამ მძღოლი ამოიცნო, თუმცა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
Facebook Forum