ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის ნატოში გაწევრიანება - ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში ჩადის


თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახლა მთავრობის ფორმირება ხდება, ანკარაში კი სულ ცოტა ხანში ნატოს გენერალურ მდივანს ელოდებიან. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ის უკვე ესაუბრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ამბობს, რომ თურქეთში უახლოეს პერიოდში ჩავა, რათა განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები.

მათ შორის, ნატოში შვედეთის გაწევრიანება - რომელიც ამ დრომდე ვერ ხდება, რადგან რატიფიცირების პროცესს თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან.

”მე ასევე მივემგზავრები ანკარაში, რათა გავაგრძელო განხილვა, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შვედეთის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანება”, - ამბობს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგი ახლა ოსლოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფება, სადაც გამოითქვა ოპტიმიზმი, რომ ერდოღანის მთავრობა არჩევნების შემდეგ გადახედავს საკუთარ პოზიციას სტოკჰოლმის წინადადებაზე, შეუერთდეს ის სამხედრო ალიანსს.

„ახლა, როდესაც თურქეთის არჩევნები დასრულდა, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა გააგრძელოს რატიფიკაციის პროცესი,“- განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ.

თურქეთმა მარტში ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო რატიფიცირების პროცესი დაასრულა, თუმცა ანკარა ამბობს, რომ შვედეთი იცავს იმ შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ისინი ტერორისტებად მიიჩნევენ.

მიუხედავად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთი პოზიციას შეიცვლის და შვედეთი ნატოს ვილნიუსის სამიტზე ან მანამდე ალიანსის წევრი გახდება.

"ძალიან დიდია მოლოდინი, რომ შვედეთის დროშა აღიმართება (ვილნიუსში)", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ოსლოში მიწვეულმა შვედეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან შეასრულა ყველა პირობა, რომ გამხდარიყო სამხედრო ალიანსის წევრი.

"ჩვენ შევასრულეთ ყველა ჩვენი ვალდებულება", - განუცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს. დროა თურქეთმა და უნგრეთმა დაიწყონ ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიკაცია",- ამბობს ბილსტრომმი.

კონკრეტული თარიღი როდის ჩავა სტოლტენბერგი ანკარაში ამ დროისთვის უცნობია, ვილნიუსის სამიტი კი ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG