პრეზიდენტი ბარაქ ობამა წლის ბოლომდე ცდილობს მიაღწიოს სენატში რუსეთთან დადებული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას.
პორტუგალიაში ნატოს შეხვედრის დროს ევროპელმა ლიდერებმა ბარაქ ობამას თავიანთი მხარდაჭერა აღუთქვეს. თუმცა თავად ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამას გეგმებს სენატში რესპუბლიკელთა ოპოზიცია ემუქრება.
თეთრი სახლი არ მალავს შეშფოთებას შექმნილი სიტუაციის გამო. პრეზიდენტ ობამას განცხადებით: “ შეერთებული შტატების სახელმწიფო უშიშროებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია ამ წლის ბოლომდე.
ამაზე უფრო მწვავე საკითხი ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით არ დგას კონგრესის წინაშე.“ განაცხადა ბატონმა ობამამ.
შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებმა მხარი დაუჭირეს ბარაქ ობამას პოზიციას სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით:“ ვინც ფიქრობს რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის გადატანა, ან იგნორირება მას არ ესმის თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყანა.“
ახალი სტარტის ხელშეკრულებას რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვევდევმა აპრილში მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულების მიხედვით 30%-ით უნდა შემცირედეს შორი რადიუსის მოქმედების სტრატეგიული ბირთვული იარაღი.
პრეზიდენტმა სენატს აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაციისკენ მოუწოდა, თუმცა უცნობია მიიღებს თუ არა ის 67 სენატორის მხარდაჭერას, მაშინ როდესაც ახლახანს ჩატარებული არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა შეამცირეს სხვაობა სენატში დემოკრატიულ უმრავლესობასთან.
ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი ხელშეკრულების რატიფიკაციის განხილვას იანვარში მოითხოვს, როდესაც ახლად არჩეული კონგრესი შეუდგება მუშაობას. მაგრამ ამ დროისთვის კიდევ უფრო ძნელი იქნება ამ საკითხის გატანა.
ევროკავშირი და რუსეთი შეერთებულ შტატებს ახალი სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციისკენ მოუწოდებენ, რადგან 1991 წელს მიღებულ ძველ ხელშეკრულებას დეკემბერში გასდის ვადა.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით:“სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციის გადატანა უარყოფითად იმოქმედებს მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ რაც შეიძლება სრაფად მოახდინონ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია.“
როგორც ჰერიტიჯის ფონდის წარმომადგენელი ჯეიმს კარაფანო ამბობს ევროპელთა მხრადაჭერა არაფერში გამოადგება ბარაქ ობამას:“ ჯერ ეს ერთი ამ ხელშეკრულებას რამდენიმე თვეა ხელი მოაწერეს და თუ ევროპელები ასე აღფრთოვანებულები იყვნენ მისით ეს ცოტა ადრე უნდა გამოეხატათ.
რაც შეეხება ამერიკელი სენატორების პოზიციას, მათთვის სულ ერთია რას ფიქრობენ ლისაბონში ამასთან დაკავშირებით.“
ბატონი კარაფანოს განცხადებით აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთს ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაციის შანსს უტოვებს, რაც ბევრისთვის მიუღებელია ვაშინგტონში.
მისი თქმით:“ ახლანდელ პრეზიდენტს არასოდეს უთქვმს, რომ ამერიკული ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას აპირებს. პირიქით მან არა ერთხელ განაცხადა რომ არ გეგმავს ამის გაკეთებას. ახლა როდესაც ის ლაპარაკობს რომ ფულს ჩადებს ბირთვული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეს სრულიადაც არ ნიშნავს მოდერნიზაციას.“
კარაფანოს ასევე ეჭვი ეპარება ნატოს განცხადებაში, რომ ლისაბონში რუსეთმა ამ სფეროში ალიანსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით კრემლი კიდევ დიდხანს შეისწავლის ამ სისტემის მუშაობის პრინციპებს ვიდრე თავის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.