ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოტალიზატორი - ტრილიონიანი ბიზნესი


სპორტის უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრმა სპორტული ტოტალიზატორების საქმიანობა შეისწავლა

ბმული

ბრაზილია, რიო დე ჟანეირო - 12 ივნისს მთელი მსოფლიოს ფეხბურთის ფანების ყურადღება ამ ქალაქისკენ იქნება მიპყრობილი. 4 წელია ისინი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ელიან. ახალი ჩემპიონის ვინაობა ცნობილი 13 ივლისს გახდება.

ფანები მხოლოდ ფავორიტების გულშემატკივრობას როდი გეგმავენ. ბევრი მატჩებზე სანაძლეოებსაც დადებს. ფსონები განსაკუთრებული აზარტით ნებისმიერ სხვა სპორტზეც იდება, ამერიკული ფეხბურთი იქნება ეს, კრიკეტი, ჩოგბურთი, მოტოსპორტი, თუ სხვა.

სპორტის უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრმა ახალ ანგარიშში ტოტალიზატორების საქმიანობა შეაჯამა. ორგანიზაციის დირექტორი კრის იტონი სკაიპის საშუალებით გვესაუბრა.

„სამივე ბაზარი რომ ავიღოთ, არალეგალური, ნაკლებ-რეგულირებადი და ლეგალური, სპორტულ შეჯიბრებებზე დადებული ფსონების წლიური რაოდენობა თითქმის ტრილიონ დოლარს უდრის“ - ამბობს ის.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მარტო ერთ, 2010 წლის ფინალურ მატჩზე სანაძლეოს რაოდენობამ მილიარდი დოლარი შეადგინა. ახალი ანგარიშის მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატები ტოტალიზატორებზე ყოველწლიურად დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს ათეთრებენ. ბირჟების 30-მა პროცენტმა უკვე ინტერნეტზე გადაინაცვლა. არალეგალური ტოტალიზატორების 53-მა პროცენტმა კი აზიის ქვეყნებში დაიდო ბინა.

უკანონო ტოტალიზატორების მფლობელები ლეგალურ ბირჟებთან გარიგებული არიან - ამბობს სელფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ფორესტი.

„ფსონების აკრეფვისთანავე უკანონო წვრილი ორგანიზაციები თანხებს ლეგალურ კომპანიებში რიცხავენ, რათა ნაკლები რისკი გაწიონ. კონვეირული სისტემის სათავეში ფილიპინებზე რეგისტრირებული ტოტალიზატორია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ხუთეულში შედის“ - აღნიშნავს ბრიტანელი ანალიტიკოსი.

არალეგალური ტოტალიზატორები უოლსტრიტის „რისკის მენეჯმენტის“ ზოგ პრაქტიკას იყენებს და კაპიტალის უსაფრთხოებისთვის პოზიციას ორივე მხარეს იჭერს, რათა შედეგის მიუხედავად, მაინც მოგებული დარჩეს, გვიხსნის ანალიტიკოსი სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტიდან - რიჩარდ ბორგესი.

„არალეგალები თანხების მოგროვების შემდეგ მომგებიან პოზიციას იჭერენ: თუ მოთამაშეთა უმრავლესობა ფსონს ერთ გუნდზე დებს, ისინი ლეგალურ ტოტალიზატორში თანხას მოწინააღმდეგე გუნდზე დებენ, რათა წაგებული არ დარჩნენ“ - ამბობს პროფესორი ბორგესი.

სპეციალისტები თვლიან, რომ სპორტული ფსონების ინდუსტრია საერთაშორისო ანგარიშვალდებულების ისეთივე სისტემას უნდა დაემორჩილოს, როგორიც ბოლო ათწლეულების მანძილზე გლობალურ ფინანსურ ბირჟებს დაუწესდა.

„თანამშრომლობის ანალოგიური მოდელი გვჭირდება როგორც ტოტალიზატორთა ოპერატორების, ასევე მოთამაშეებისთვისაც. მეტი გამჭვირვალობა უნდა იყოს, რათა მსგავსი დარღვევები აღმოიფხვრას და დავინახოთ, თუ ვინ დებს ფულს, სად და როგორ“ - აცხადებს ანგარიშის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრის იტონი.

სპორტში მოგებული და წაგებული ყოველთვის იქნება. შესაბამისად, ფსონებიც აუცილებლად დაიდება. დამნაშავეობის შესამცირებლად კი, ანალიტიკოსების აზრით, პროცესების მეტი რეგულირებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG