ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი კატალონიელი ლიდერების სასამართლო პროცესისთვის ემზადება


ესპანეთი პოლიტიკურ ორომტრიალში აღმოჩნდა გახვეული. ამ კვირაში, უზენაეს სასამართლოში კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 12 ლიდერის საქმის განხილვა, სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის კონგრესში დამარცხების ფონზე დაიწყება. შესაძლოა პრემიერს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუხდეს.

გასულ წელს, კონსერვატიული სახალხო პარტიის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რაჰოის წინააღმდეგ საპარლამენტო პროცედურის გამოყენების შემდეგ, სანჩესის მიერ თანამდებობის დაკავებისთანავე, კონსერვატორები მოითხოვდნენ, რომ სანჩესს არჩევნები დაენიშნა. იმ დროს, მას კატალონიელი ნაციონალისტების მხარდაჭერა ჰქონდა, რომლებსაც დამოუკიდებლობის მოთხოვნის უარყოფის გამო რაჰოის დასჯა სურდათ.

ახლა, როცა სანჩესი პარლამენტში თავის სოციალისტურ, მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადებით ბიუჯეტს წარადგენს, კატალონიელები სანჩესს ზურგს აქცევენ. სოციალისტი პრემიერი კატალონიელებს სოციალური ხარჯვების უხვ დაპირებებს აძლევს, მაგრამ სეპარატისტების მკვეთრი უკმაყოფილების მიზეზია თვითგამორკვევის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნელი პროგრესი და მათი ლიდერების სასამართლო, რომელსაც პრეს მდივანმა ელზა არტადიმ „სამარცხვინო“ უწოდა.

გასულ კვირა დღეს, კონსერვატორმა ოპონენტებმა მადრიდის ცენტრში 200 ათასი ადამიანი შეკრიბეს, რათა სანჩესის მიერ, საერთაშორისო შუამავლის მეშვეობით კატალონიის ლიდერებთან ოფიციალური მოლაპარაკებების მცდელობა დაეგმოთ.

მთავრობის ადვოკატები ცდილობენ, რომ კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ორიოლ იუნქუერასს და სხვა ოფიციალურ პირებს ამბოხების ბრალდება მოუხსნან. 2017 წელს მათ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მოაწყეს, რომელიც ესპანეთის მთავრობამ უკანონოდ გამოაცხადა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ამბოხებას არ ნიშნავს, რადგან ძალადობა არ გამოუყენებიათ. ადვოკატების შუამდგომლობას ეწინააღმდეგება უკიდურესად მემარჯვენე პარტია, რომელიც მედიაში საჯარო ბრალმდებლის როლს ირგებს და იუქუერასისთვის 74 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო დრამა სულ მცირე სამ თვეს გაგრძელდება, რომლის დროსაც დაახლოებით 500 მოწმეს დაკითხავენ, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ რაჰოის და მეფე ფელიპეს.

XS
SM
MD
LG