ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორც ერაყის ქურთისტანის და ესპანეთის კატალონიის სეპარატისტებმა აღმოაჩინეს, გამოყოფა ძნელია. შოტლანდიელ სეპარატისტებსაც კი მოუწიათ დამოუკიდებლობის საკითხის კენჭისყრის გადადება მას შემდეგ, რაც იმის ნიშნები გამოჩნდა, რომ შოტლანდიელები ამ საკითხთან დასაბრუნებლად მზად არ იყვნენ.

კატალონიის სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუიგდემონტმა დამარცხება აღიარა და ბელგიაში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის გამოყოფაზე უარი თქვას და მადრიდთან სამომავლო ურთიერთობის სახე გამოძებნოს, რომელიც სრულ დამოუკიდებლობას გამორიცხავს.

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონული მთავრობის ყოფილმა პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე 25 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმი დროული იყო, რადგან რეფერენდუმი იქნებოდა თუ არა, ბაღდადი ქურთების წინააღმდეგ მოქმედებისთვის და ავტონომიის ჩამორთმევისთვის ემზადებოდა.

რეფერენდუმის დროის თაობაზე, ბარზანის ყველა ქურთი ლიდერი არ ეთანხმებოდა. ქურთისტანის პატრიოტული კავშირი ბარზანის დაჟინებით სთხოვდა რეფერენდუმის დაყოვნებას. რეფერენდუმის შემდეგ კი, სრულად გამოყოფის გარეშე ბაღდადთან შერიგება ურჩია.

სხვა სეპარატისტები, მათ შორის ბასკები, ბრეტონელები, ფლამანდიელები, შოტლანდიელები და ბავარიელები, რომელთაც კატალონიელების და ქურთების წარმატების დიდი იმედი ჰქონდათ, მათ მარცხს ანალიზს უკეთებენ, რათა ნახონ, თუ მომხდარიდან რა გაკვეთილის მიღება შეუძლიათ.

ისინი ამბობენ, რომ საკვანძო მიზეზი, კატალონიის და ქურთისტანის მიერ სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერის არქონა და რეფერენდუმის დაჩქარებულად მოწყობა იყო იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ნათლად გამოხატა. ქურთების პლებისციტამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოკავშირეებმაც და მტრებმაც ბარზანიზე უზარმაზარი წნეხი განახორციელეს, რათა ხმის მიცემა არ შემდგარიყო.

შეერთებული შტატების დიპლომატები, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ორი საკვანძო პარტნიორის, ბაღდადის და ირბილის ინტერესებს შორის აღმოჩნდნენ და ბარზანი გააფრთხილეს, რომ ავტონომიური მმართველობიდან დამოუკიდებლობაზე გადართვა, ანტი-„ისლამურ სახელმწიფო“ კოალიციას ამოატრიალებდა.

ამის მსგავსად, დიდი ან მეზობელი სახელმწიფოებისგან ფორმალური საგარეო მხარდაჭერა ან რაიმე სახის დაპირება კატალონიელებსაც არ ჰქონიათ. კატალონიელმა სეპარატისტებმა აღიარეს, რომ მათ მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.

თუმცა მათ ვერ გათვალეს, თუ ბრიუსელს რამდენად შეაშინებდა დამოუკიდებლობისადმი მათი სწრაფვა, რასაც კონტინენტზე სხვა სეპარატისტული და ნაციონალისტური მოძრაობების წახალისება შეეძლებოდა, რაც თავის მხრივ, დამყარებულ ევროპულ წესრიგს ძირს გამოუთხრიდა.

ახლა კატალონიელი და ქურთი სეპარატისტები, გამოყოფის წარუმატებლობას მეტწილად სხვა სახელმწიფოებს აბრალებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხარდაჭერა თავიდანვე არ ჰქონიათ.

ზოგიერთი კატალონიელი სეპარატისტი აღიარებს, რომ ბრალი თვითონ უფრო მიუძღვით. პუიგდემონტის ყოფილი თანაშემწე სანტი ვილა კოლეგებს გულუბრყვილობაში ადანაშაულებს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ევროკავშირის შესაძლო რეაქცია ვერ გათვალეს. ის ამბობს, რომ კატალონია დამოუკიდებლობისთვის მზად არ იყო. მან თქვა: „სად არის კონტროლი ტერიტორიაზე, პორტებზე, აეროპორტებზე, ტრანსპორტის მენეჯმენტი? მთავრობაში ჩემმა კოლეგებმა გულუბრყვილობის ისეთი დონე გამოამჟღავნეს, რაც მათი ასაკისთვის გასაოცარია.“

შვეიცარიის ყოფილი ელჩის, დენიელ ვოკერის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობის კამპანია „იმის მრავლისმთქმელი მაგალითია, თუ თვითგამორკვევის წმიდათა წმიდა პრინციპი რატომ უნდა აამოქმედო მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის სათანადო პირობები არსებობს.“

იგივე შეიძლება ითქვას ქურთების რეგიონულ მთავრობაზეც, რომელიც ახლა იმისთვის იბრძვის, რომ ავტონომია შეინარჩუნოს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების პრეტენზიის გამოცხადებამდე ჰქონდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG