ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკა ჩიხშია


შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ნიუ იორკი, 27 იანვარი, 2014

სოჭის ოლიმპიადის წინ სტივენ სესტანოვიჩი აცხადებს,"საქართველომ უნდა ილოცოს რომ სოჭში ინციდენტები არ მოხდეს" და პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთოს

სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ოლიმპიადის ჭრილში მსჯელობდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა ამერიკის ყოფილმა საგანგებო ელჩმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სტივენ სესტანოვიჩმა, ასვე ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში ჯონ ბეირლიმ და ჯოჯრთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, იქვე ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრის დირექტორმა ანჯელა სტენტმა ისაუბრეს. მოხდა თუ არა რეალურად ურთიერთობის გადატვირთვა ორ ქვეყანას შორის, რატომ არ მიდის ბარაკ ობამა სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, რამდენად რეალურია თამაშების დროს ტერაქტების საფრთხე - ეს იყო თემები რომელიც ამ შეხვედრაზე განიხილეს. მოგვიანებით სტივენ სესტანოვიჩს და ანჯელა სტენტს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ნიუ იორკში თეა თუაშვილიც გაესაუბრა.

ედვარდ სნოუდენი, სირიის კონფლიქტი და ირანი - სწორედ ამ სამ სადავო თემას ასახელებს ორ ქვეყენას შორის ურთიერთობაში რუსეთსა და ევრაზიაში ეროვნული დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, ავტორი წიგნის „ თანამშრომლობის ლიმიტი ამერიკა -რუსეთს შორის ოცდამეერთე საუკუნეში“ ანჯელა სტენტი. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი პროგრამისტის ედვარდ სნოუდენის მიერ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გამომზეურებამ, რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკა ისევ ჩიხში შეიყვანა. სნოუდენი ამ სკანდალის შემდეგ რუსეთმა შეიფარა. ამერიკა რუსეთს შორის სიტუაცია რუსეთის მხრიდან სირიის ხელისუფლების ღია მხარდაჭერის და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის ოფიციალური პოზიციის დაცვის გამოც დაიძაბა. ერთ კვირაში კი სოჭის ოლიმპიადა იხსნება, სადაც გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ამერიკის პრეზიდენტი ჩასვლას არ აპირებს. ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. სოჭი საქართველოს ესაზღვრება. შავ ზღვაში ოლიმპიადის დღეებში კრიზისის განვითარების შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამერიკული გემები განლაგდებიან. რამდენად რეალურია ტერაქტების საფრთხე ამ თემაზე ამერიკის ხმასთან ამერიკის ყოფილი ელჩი სტივენ სესტანოვიჩი საუბრობს.

სტივენ სესტანოვიჩის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ოლიმპიური თამაშების დროს რაიმე ტერორისტული ინციდენტის შესაძლებლობის შემთხვევაში ყველაზე მეტად შეიძლება დაზარლდეს. ის რუსეთის გვერდით მდებარეობს. აქედან გამომდინარე ბევრი კითხვა გაჩნდება ინციდენტების დაგეგმვის და წარმოშობის წყაროს შესახებ. იქნება ძალიან დაძაბული მსჯელობა თუ რა უნდა გაკეთდეს საპასუხო ზომების მიღების მიზნით. ქვეყანა, რომელმაც უნდა ინატროს, რომ რაიმე არ მოხდეს სოჭში ეს საქართველოა. საქართველო არის იმ ქვეყნების სიაში, რომელმაც რუსეთთან და ამერიკასთან ერთად პრევენციის მიზნით თანამშრომლობის ვალდებულება უნდა აიღოს.

ოლიმპიადის წინ ვლადიმერ პუტინმა საშინაო პოლიტიკის კუთხით პოზიციების გამყარება მოახერხა. დიპლომატები ხოდარკოვსკის და რუსული პანკ-ჯგუფის წევრების „პუსი რაიოტის“ შეწყალების საკითხს სწორედ ოლიმპიადის თემას უკავშირებენ. რუსეთის ოპოზიცია საეჭვოდ დახარჯულ 51 მილიარდ დოლარზე საუბრობს, რომლის ათვისების მიუხედავად სოჭის თამაშებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დასრულებული ისევ არ არის. სკეპტიციზმის საფუძველს ამყარებს ის ფაქტი, რომ ზაფხულში დუმამ არატრადიციული ორიენტაციის შემცვლელი ლიტერატურის გავრცელება აკრძალა, რასაც ევროპის და ამერიკის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რეაქციები მწვავეა ასევე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით რუსეთის მხრიდან გაკეთებული ალტერნატიული შეთავაზებების გამოც. დიპლომატები თვლიან, რომ რუსეთს კვლავინდებურად არ სურს დასავლეთთან დაახლოვება და იმპერიალისტური ზრახვებით დამუხტული ამ ნაბიჯის გადადგმას მეზობელ ქვეყნებსაც მთელი ძალით უშლის. ამ საკითხზე ანჯელა სტენტი საუბრობს.

მისი თქმით, ამ მომენტში რუსეთი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს უკრაინას, შეიძლება მოსკოვი ცდილობს დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველომ საბოლოოდ არ მოაწეროს ხელი სრულ შეთანხმებას ევროკავშირთან, თუმცა დიდ ხანს ლოდინი მოუწევს. უკრაინაში დაძაბულობა გრძელდება, იქ სამი ოპოზიციური პარტიაა, ხალხი დაშლას არ აპირებს, იანუკოვიჩი წასვლას. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება.

სტივენ სესტანოვიჩი თვლის, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობა ევროპის უსაფრთხოების საკითხს ეხება.

სესტანოვიჩის აზრით, სიტუაცია იქ უკიდურესად საშიშია. უკრაინის ხელმძღვანელობა აგრძელებს ოპოზიციასთან კონსოლიდირებული შეთანხმების შეთავაზებებს, თუმცა ხალხის და ოპოზიციის მხრიდან ამას ძალიან აგრესიული პასუხი მოჰყვა. ეს არის ფეთქებადსაშიში სიტუაცია, იმ ევროპული ქვეყნებისთვისაც, რომელთაც ევროპის უსაფრთხოებას აინტერესებს.

სოჭში ოლიმპიადის გამართვის საკითხი 2008 წელს გადაწყდა. იმ პერიოდში როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის მხრიდან საქართველოში წარმოებული 5-დღიანი ომის შესახებ საუბრობდა. ექვსი წლის შემდეგ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოზიცია ასეთია: ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი არ გადაისინჯება, თუმცა ხელისუფლების ოფიციალური პირები ოლიმპიადის გახსნაზე არ ჩავლენ. ამ საკითხზე ისევ ანჯელა სტენტი საუბრობს.

მისი აზრით, ისინი უფრო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მიდიან, თუმცა გამორიცხული არ არის რომ საქართველო ცდილობს ურთიერთობები დაალაგოს რუსეთთან. თუმცა მისი თქმით, საინტერესოა რა მოხდება მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ამიტომ ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ამერიკელ დიპლომატებს ეეჭვებათ, რომ ოლიმპიადის შემდეგ სოჭის ტურისტული მნიშვნელობა ბევრად გაიზარდოს და მან რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს დიდი მოგება მოუტანოს. სოჭი მიმზიდველი ადგილი უფრო ალბათ ბულგარელი და გერმანელი ტურისტებისთვის იქნება, ფიქრობენ დიპლომატები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG