ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის თაობაზე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კითხვა მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას დაუსვეს


2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის თაობაზე პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კითხვა მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას დაუსვეს. მისი პასუხი მდგომარეობდა შემდეგში: საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში.

კონფლიქტებისა და მოპალარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება ოლიმპიადის თაობაზე წარმოადგენს პოლიტიკურ მესიჯს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს მზადყოფნას ქართულ-რუსული დიალოგისადმი ზოგადად და აფიქსირებს წინასწარ კეთილგანწყობას, რაც ურთიერთობების აღდგენისა და ნორმალიზაციისთვის აუცილებელი პირობაა.

საპარლამენტო უმცირეოსობის წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას, ერთის მხრივ, ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა-არ მონაწილეობა თავად სპორტსმენების გადასაწყვეტია, მეორეს მხრივ კი დასძენს, რომ ეს პრობლემა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა უნდა განიხილონ.

„ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც შეიცვალა ისე ფიქრობს, როგორც ფიქრობს. შეფასების თვალსაზრისით იმას გეტყვით, რომ ოპლიმპიადა არის სპორტსმენების ღონისძიება. ანუ სპორტსმენებმა და მათმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტონ, რა უღირთ და რის ფასად. დავიწყება იმისა, რა წარმოადგენს პრობლემას საქართველოსა და რუსეთს შორის, არამგონია მართებული იყოს. გააქვთ ინერტული მასალა და სოჭის ოლიმპიადის ადგილი ესაზღვრება იკუპირებულ ზონას, ამის თაობაზე თუ არ აქვს ინფორმაცია ივანიშვილს, მიაწვდიან ალბათ. ხელისუფლება დაკავებული იყო ძირითადად იმით, რითაც უნდა ყოფილიყო დაკავებული. დიპლომატიური არხებით ოკუპაციის ფაქტის წინააღმდგეგ ბრძოლით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გენერირებით იმ საკითხში, რომ მიეცეს კვალიფიკაცია არსებულ ვითარებას და აქ სერიოზული წარმატებები იყო. ოლიმპიადის საკითხზე კი იქნებ სპორტის წარმომადგენლებს კითხოთ. სოჭის ოლიმპიადის მონაწილეობა-არ მონაწილეობის თაობაზე, მგონია, რომ პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა მაინც უნდა ისაუბრონ, როგორც პრობლემურ საკითხზე, რადგან ეს ოკუპირებული ზონის გვერდით ხდება და სხვა პრობლემებიც არის. მაგრამ მგონია, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი სპორტსმენებს ბრძანებებს ვერ დაუწერს,“ - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები არაა ქართული სპორტის საუკეთესოდ წარმოჩენის ადგილი. „ახლა ეს თემა დახუნძლულია პოლიტიკური სირთულეებით. უნდა გავაცნობიეროთ, მხოლოდ ჩვენ არ ვართ მარტონი უკმაყოფილო იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი აწარმოებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ოლიმპიური წარმატებების მქონე ქვეყნების გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ოლიმპიადაში. თუ საქართველო არ იქნა მხარდაჭერილი სხვა ქვეყნების მიერ, გაცილებით სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით,“ - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ოლიმპიადა სოჭში 2014 წლის ზამთარშია დაგეგმილი.

ამ დრომდე, ოფიციალურ დონეზე არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის მიუღებელია ოლიმპიადის გამართვა ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს. არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ინფრასტურტურის უზრუნველსაყოფად რუსეთი ინერტული მასალებით სარგებლობს აფხაზეთის ტერიტორიიდან. საქართველოს დამოკიდებულებას სოჭის ოლიმპიადის მიმართ ამ დრომდე არ მოჰყოლია ღია მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG