ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპის ერისადმი მიმართვის რამდენიმე მთავარი გზავნილი


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვის დროს კიდევ ერთხელ სცადა მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის მხარდაჭერის მოპოვება. 15 თებერვალს ამერიკის მთავრობა, კონგრესსა და თეთრ სახლს შორის ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მორიგი გათიშვის საფრთხის წინაშე დგას.

“მე მას ავაშენებ,” - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს “ჭკვიანური, სტრატეგიული, გამჭვირვალე ფოლადის ბარიერი იქნება.” კედლის ასაშენებლად დაფინანსების მისაღებად, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა.

კონგრესისა და ამერიკელი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა დროის ყველაზე დიდი ნაწილი იმ საფრთხეებზე საუბარს დაუთმო, რომელიც მექსიკის საზღვარზე არსებობს.

“ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდი ზომის, ორგანიზებული ქარავანი შეერთებული შტატებისკენ მოემართება,” თქვა პრეზიდენტმა მიგრანტების ჯგუფზე, რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკაში შემოსვლას გეგმავს და დასძინა, რომ ეს “უდიდესი თავდასხმაა.”

პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს და ამერიკელ ხალხს ყოველწიური მოხსენებით მიმართა
პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს და ამერიკელ ხალხს ყოველწიური მოხსენებით მიმართა

​მოხსენების განმავლობაში პრეზიდენტმა რამდენჯერმე სცადა კონგრესში ორპატიული ერთობის გაღვივება. პარტიული დაპირისპირება განსაკუთრებით საგრძნობი ახალი კონგრესის მოწვევის შემდეგ გახდა, როცა რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს და პალატის მართვის უფლება ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ დემოკრატებმა მოიპოვეს.

“მე ვთხოვ ამ კონგრესის წევრ კაცებს და ქალებს: შეხედეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა! ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევები ჯერ ისევ წინ გვაქვს,” - უთხრა პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს.

თუმცა, ჯერ უცნობია, რამდენად მიიღებენ დემოკრატები ტრამპის ერთობისკენ მოწოდებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად დამამცირებელ მეტსახელებსაც კი უწოდებს. ეს კი დემოკრატებში აღიქმება ისე, რომ ტრამპი საკუთარი მხარდამჭერების ბაზის გამყარებას ცდილობს და ორპარტიული კონსესუსის მიღწევაზე, სინამდვილეში, არ ზრუნავს.

ტრამპის გამოსვლის დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მთელი კონგრესი მის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდა. მაგალითად, როცა პრეზიდენტმა ახსენა, რომ ამ მოწვევის კონგრესში იმაზე მეტი ქალი მხახურობს, ვიდრე ოდესმე. მთელი პალატა ტაშმა და “U-S-A” შეძახილმა მოიცვა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე ქვეყნის მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე ქვეყნის მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ტრამპმა “აბსურდული” გამოძიებები გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა სპეციალური გამომძიებელი რობერ მალერის მიერ წარმოებული ე.წ. რუსეთის გამოძიება შეუფარავად გააკრიტიკა.

რამდენიმე ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ერთადერთი რამ, რასაც მისი “ეკონომიკური სასწაულის” შეჩერება შეუძლია “სულელური ომები, პოლიტიკა ან პარტიულად მიკერძოებული გამოძიებებია.”

“თუ გვინდა გვქონდეს მშვიდობა და კანონწარმოება, არ შეიძლება მიმდინარეობდეს ომები და გამოძიებები - ეს ასე, უბრალოდ, არ მუშაობს.” ამ წინადადების შემდეგ პალატაში თითქმის სრული სიჩუმე სუფევდა.

ამ ეტაპზე, მალერის გამოძიება 2016 წლის ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან, სავარაუდო, კავშირების თაობაზე თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. გამოძიების საფუძველზე, 34 ადამიანს ბრალი უკვე წაუყენეს. აქედან 6 ტრამპის ყოფილი მრჩეველია. პრეზიდენტი მალერის გამოძიებას ხშირად “კუდიანებზე ნადირობას” უწოდებს მისი უსაფუძვლობის ხაზგასასმელად.

მთავრობის გათიშვა

დეკემბერსა და იანვარში ფედერალური მთავრობის 9 სააგენტო ნაწილობრივ გათიშული იყო იმის გამო, რომ პრეზიდენტი და კონგრესი ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო, 800 ათასი ადამიანი 35 დღის განმავლობაში იძულებული იყო უხელფასო შვებულებაში ყოფილიყო ან ანაზღაურების გარეშე ემუშავა. ამ სააგენტოებს წლის ბიუჯეტი დღემდე არ აქვთ. თეთრმა სახლმა და დემოკრატებმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც მთავრობა 15 თებერვლამდე დააფინანსა.

ერისადმი მიმართვის დროს, პრეზიდენტ ტრამპს არ უხსენებია ისევ უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ მთავრობას 15 თებერვლის შემდეგაც გათიშავს იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები მის წინადადებას არ მიიღებენ.

პრეზიდენტი ბიუჯეტში ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდ დოლარს ითხოვს, რასაც დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

დემოკრატიული პარტიის პასუხი

სტეისი აბრამსმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ქვეყანას დემოკრატიული პარტიის პასუხით მიმართა
სტეისი აბრამსმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ქვეყანას დემოკრატიული პარტიის პასუხით მიმართა

წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს, სავარაუდოდ, არ მისცემს იმას, რაც მას სურს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო სტეისი აბრამსის სიტყვით გამოსვლის გზავნილი.

აბრამსმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი და ჯორჯიის შტატის კონგრესის ყოფილი წევრია, დემოკრატიული პარტიის პასუხი ატლანტიდან გააჟღერა. მისი თქმით, მთავრობის ნაწილობრივი გათიშვა “შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელოვნურად შექმნილი ხრიკი იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობის ყველა პრინციპს და რომელმაც მიატოვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხი, არამედ ჩვენი ღირებულებებიც.”

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG