ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელებს მიმართა და საზღვარზე კედლის აშენება მათ უსაფრთხოებას დაუკავშირა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან პირდაპირ ეთერში მიმართა.

პრეზიდენტის გამოსვლა ამერიკის მთავრობის ნაწილობრივ გათიშვას უკავშირდებოდა, რომლის დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენება ეროვნული უშიშროების საკითხს წარმოადგენს.

პრეზიდენტის თქმით, “ფედერალური მთავრობა გათიშულია ერთი მიზეზის და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ დემოკრატები საზღვრის უსაფრთხოებას არ აფინანსებენ.”

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისია და რომ იქ კედლის აშენება ამ პრობლემას გადაჭრის.

პრეზიდენტმა კონგრესს კიდევ ერთხელ სთხოვა 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა საზღვარზე კედლის აშენების დასაფინანსებლად. ბოლო კვირის განმავლობაში, პრეზიდენტმა რამდენჯერმე მიანიშნა იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ეს არ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მას კონგრესის თანხმობის და დაფინანსების გარეშე შეუძლია საზღვარზე კედლის ასაშენებლად თავდაცვის და სხვადასხვა სპეციალური სამსახურების ბიუჯეტებიდან საჭირო თანხების მოძიება.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არალეგალური იმიგრაცია ქვეყნის უშიშროებას საფრთხეს უქმნის და ამერიკლების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. “კიდევ რამდენმა ამერიკელმა უნდა დაღვაროს სისხლი, სანამ კონგრესი საკუთარ საქმეს გააკეთებს?”, თქვა ტრამპმა მას შემდეგ, რაც არალეგალი იმიგრანტების მიერ ჩადენილ რამდენიმე მკვლელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ამერიკელებს დემოკრატმა ლიდერებმა, წამომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა მიმართეს.

დემოკრატები კედლის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში, კედლის აშენება ამერიკის ბიუჯეტს 24 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

ნენსი პელოსიმ საკუთარი გამოსვლა შემდეგი წინადადებით გახსნა - “პრეზიდენტმა დაშინება აირჩია. ჩვენ გვსურს ფაქტებით დავიწყოთ.” პელოსიმ თქვა, რომ ტრამპმა უარი თქვა ორპარტიული კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც ამჟამად დახურული სააგენტოების მუშაობას დააფინანსებდა. მან ტრამპი დაადანაშაულა “ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მილიარდობით დოლარის გაფლანგვაში ძვირი და არაეფექტური კედლის აშენებით - რომლის აშენების საფასურსაც ის ამბობდა, რომ მექსიკას გადაახდევინებდა.”

ჩაკ შუმერმა თქვა, რომ პრეზიდენტმა “მთავრობის გათიშვა საზღვრის უსაფრთხოების არგუმენტისგან უნდა განაცალკევოს.” მან დასძინა, რომ “არც ერთმა პრეზიდენტმა არ უნდა მოითხოვოს, რომ მან საკუთარ მიზანს მიაღწიოს, თუ არა და მთავრობა გაითიშება, რითაც ის მილიონობით ამერიკელს აზარალებს, რომლებსაც როგორც [მოლაპარაკების] ბერკეტს ისე ექცევა.”

პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს ამერიკა-მექსიკის საზღვარს უნდა ეწვიოს. ამ ეტაპზე, უცნობია გამოაცხადებს თუ არა ის საგანგებო მდგომარეობას საზღვარზე ჩასვლის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG