ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე მიწვეული სტუმრები


პრეზიდენტ ტრამპის მიმართვა გასულ წელს. 30 იანვარი, 2018 წ.
პრეზიდენტ ტრამპის მიმართვა გასულ წელს. 30 იანვარი, 2018 წ.

ამერიკა პრეზიდენტის ერისადმი ყოველწლიური მიმართვის მოლოდინშია. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ვაშინგტონში, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მიმართავს.

შემდეგ პოდიუმს ოპოზიციური დემოკრატიული პარტია გადაიბარებს. დემოკრატების სახელით წელს სტეისი აბრამსი გამოვა, ამერიკელი პოლიტიკოსი, იურისტი და მწერალი, რომელიც 2011-17 წლებში ჯორჯიის შტატის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი იყო. გასულ წელს მან პარტიისგან ჯორჯიის გუბერნატორობისთვის ბრძოლის მანდატი, დემოკრატთა ნომინაცია მოიპოვა, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა.

ყოველწლიურ მიმართვაზე დასასწრებად, კანონმდებლების გარდა, კონგრესში ოფიციალური სტუმრებიც არიან მიწვეული. სტუმრების დაპატიჟება შეუძლია როგორც პრეზიდენტს, ასევე სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს.

როგორც წესი, სტუმრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნითაც ხდება და იმაზე მიუთითებს, თუ რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტის გამოსვლაში. ვაშინგტონში, პრეზიდენტის მიმართვაზე ოფიციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის რამდენიმე საინტერესო ფიგურაა.

დონალდ ტრამპმა კონგრესში დაპატიჟა იუდა სამეტი, ადამიანი, რომელიც ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკშია ნამყოფი და 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას გადაურჩა. პრეზიდენტის სტუმრებს შორის ასევე არიან ნევადელი დევიდ და ჯერალდ შარონების ოჯახის წევრები. წყვილი იანვარში, ქვეყანაში არალეგალურად მყოფმა იმიგრანტმა მოკლა. თეთრმა სახლმა მიიწვია მეთიუ ჩარლზიც, რომელიც კონაინის გაყიდვისთვის ციხეში 35 წელი იჯდა, შემდეგ კი იანვარში, ტრამპის ინიციატივით განხორციელებული რეფორმის შედეგად გათავისუფლდა და ბევრი სხვა სტუმარი.

ნენსი პელოსის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სტუმრებს შორის იქნება ელიზაბეტ გუზმანი, ვირჯინიის დელეგატი, რომელიც დემოკრატიული ოპოზიციის სახელით, ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობას მიმართავს. პელოსიმ ასევე მიიწვია მელოდი კლინგენფუსი, ქალი რომელიც ბავშვობაში ამერიკაში არალეგალურად შემოიყვანეს. ის „დაკას“ სახელით ცნობილი პროგრამის მონაწილეა, რომელიც 800 ათასამდე ახალგაზრდა უსაბუთო იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა და მათ სამუშაოს უფლებით უზრუნველყოფდა. პროგრამაში ის იმიგრანტები ერთიანდებოდნენ, რომელიც შეერთებულ შტატებში მცირეწლოვან ასაკში არალეგალურად შემოიყვანეს. "დაკა" 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო, მაგრამ შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ის აღარ განაახლა.

სხვა კანონმდებლების მიერ მიწვეულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები. სენატის და კონგრესის წევრებმა ასევე დაპატიჟეს სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG