ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები


სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები

ქართული ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს რომ ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება. იგი არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს

- რამდენიმე დღის წინ გვაცნობეთ, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტეთ. რა არის ამის მიზეზი ? საით მიდის დღეს თქვენი გზა?

- ეს არის არასწორი ცნობა რომელსაც ავრცელებს ხელისუფლება. მე ვთქვი ძალიან გარკვევით თბილისში პრესკონფერენციაზე, რომ დროებით მივდივარ ქართული პოლიტიკიდან. ეს არ არის საბოლოო წასვლა. ეს არის მხოლოდ გამოცლა იმ სიტუაციიდან რომელიც დღეს არის გაუსაძლისი ხალხისთვის, მაგრამ ყველაზე უფრო, ალბათ, ოპოზიციისთვის.

მე ეს დემარში იმიტომ გავაკეთე რომ ყველასთვის გასაგები გამხდარიყო, შიგნით და გარეთ, რომ დღეს თამაში დემოკრატიისა საქართველოში აღარ შეიძლება. საზოგადოება დაშინებულია: დაკეტილი გადაცემები ტელევიზიაში, ყოველდღიური დაჭერები. ამ პირობებში ჩვენ როცა ვაგრძლებთ ვითომ ოპოზიციონერობას, ხელს ვუწყობთ ხელისუფლებას რომ ეს ასე გაგრძელდეს. ამიტომ, მე მივიღე ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომ დროებით - რადგან ვთვლი რომ ეს სიტუაცია, ალბათ, შეიცვლება - გავიდე ამ თამაშიდან. ამავე დროს, პარტია აგრძელებს თავის არსებობას, თუმცა, ალბათ, უფრო დისიდენტურ პირობებში. მე თვითონ გადავწყვეთ როდის მოვა დრო, როცა მე ჩავთვლი რომ ჩემი ენერგიით და ჩემი მცდელობით დავეხმარები ამ ქვეყანას. დღეს ეს შეუძლებელია.

-როგორც თავად განაცხადეთ, გაეროს უშიშროების საბჭოსთან ითანამშრომლებთ. კონკრეტულად რაზე იმუშავებთ ?

- გაეროს უშიშროების საბჭოსთან არსებული ექსპერტთა კომიტეტი შეიქმნა ირანის შესახებ სანქციებზე. მე ამ ექსპერტთა ჯგუფის უფროსი ვიქნები რათა ჩვენ ზედამხედველობა მოვახდინოთ სანქციებზე. ვფიქრობ რომ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია რადგანაც ეს არის გზა მშვიდობისა.

- ეს საკითხი პირდაპირ კავშირში არ არის საქარველოსთან. თანაც, გაეროს უშიშროების საბჭოსთან მუშაობისათვის საქართველოს დატოვება მოგიწევთ და მასთან ერთად ქართულ რეალობასაც ჩამოშორდებით. ასეთ პირობებში, როგორ მოახერხებთ ქართული საზოგადოების ნაწილის ნდობის შენარჩუნებას ?

- მე მგონი რომ ამ პერიოდში და მანამდეც, მეტი ნდობა მოვიპოვე ვიდრე ბევრმა სხვამ, რომელიც ვითომდა ჩართულია პილიტიკაში. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ვარ იმ ემიგრანტული ოჯახიდან რომელიც სულ ქვეყნის გარეთ იყო, დაწყებული ნიკო ნიკოლაძით და დამთავრებული მამაჩემით, ივანე ზურაბიშვილით, მაგრამ არასდროს ყოფილა შორს საქართველოსგან. მეც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ასევე გავატარე. ვიზას არ მაძლევდა საბჭოთა კავშირი თავის დროზე მაგრამ მაინც ვიყავი ძალიან ახლოს ყველა იქაურ სიტუაციებთან და მდგომარეობასთან. ასე რომ ეს ძალიან დიდი და ძველი გამოცდილებაა და ამის სულ არ მეშინია. მე ის ხალხი მაინტერესებს რომელსაც ჩემსავით გული სტკივა დღევანდელ მდგომარეობაზე. მთავარია ამ ნაწილმა ჩათვალოს რომ ამ ნაბიჯით და ამ სათქმელით მე მათი ნდობის ღირსი გავხდი. ამ პირობებში წასვლა არ არის კომფორტაბელური ნაბიჯი როცა არა ხარ ახალგაზრდა და არ იწყებ ცხოვრებას. მაგრამ, მომავალი გვეტყვის თუ რამდენად გაიგო ხალხმა ეს ნაბიჯი და რამდენად დააფასა. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორ იქნება ეს დაფასებული მერე და არა დღევანდელ დღეს ოფიციალური ხელისუფლების სახელისუფლო არხების მიერ.

- დაბრუნების შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში მიიღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ?

- შემთხვევაში არა, მე დავბრუნდები. არაფერს არ გამოვრიცხავ. ჩემი ცხოვრების გავლილი მაგალითებიდან, ალბათ, არაფერი არ უნდა გამოვრიცხო. მაინცდამაინც, ჩვეულებრივი ეტაპებით არ მიდის ჩემი ცხოვრება, ამიტომ, მე მგონი, უფლება მაქვს რომ არაფერი გამოვრიცხო.

XS
SM
MD
LG