ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტიტუციის პროექტის საფრთხე და სარგებელი


საქართველოს პარლამენტი
როგორც ცნობილია, კონსიტუციის ვარიანტი, რაც საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს დაამტკიცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ შევა ძალაში. პარლამენტის მიერ დღეს წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი სწორედ მომავალში ასამოქმედებელი კონსტიტუციის შეცვლას ითვალისწინებს. როგორც კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საია პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილს დადებითად აფასებს, ნაწილს კი არ ეთანხმება.

მისი თქმით, კანოსტიტუციის 2013 წლის ბოლოს ასამოქმედებელ მოდელში პრემიერის უფლებამოსილება გაზრდილი იყო ისე, რომ მას კანონის მიღების უფლებაც კი ჰქონდა, პარლამენტის სურვილის საწინააღმდეგოდ. წარმოდგენილ ცვლილებებში ეს ხარვეზი გამოსწორებულია. თუმცა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის პრობლემა შესაძლოა ბიუჯეტის განხილვისას მწვავედ წარმოჩინდეს. კახა კოჟორიძე ამბობს იმასაც, რომ პარლამენტმა ცვლილებები მოულოდნელად წარმოადგინა, ისე რომ არასამთავრობო სექტორი მასზე მუშაობის შესახებ საქმის კურსში წინასწარ არ ჩაუყენებია, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ამ დრომდე არ შემდგარა საყოველთაო განხილვები.

„პარლამენტის წევრები რომ ამ საკითხზე მუშაობდნენ, ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკვე შეიტანეს ინიცირებული კანონპროექტი. ანუ, პროცედურული საკითხი უარყოფითად უნდა შეფასდეს. გასაგებია, რომ ახლა შექმნილია საყოველთაო სახალხო განხილვის უზრუნველყოფის კომისია, მაგრამ თავიდანვე თუ მოხდებოდა ჩვენი ჩართვა, არ ვგულისხმობ მხოლოდ საიას, ალბათ ამ კანონპროექტის დახვეწილობაზე და ხარისხზე ეს დადებითად აისახებოდა. ახლა რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს. ამ ცვლილებით, რომელიც უნდა შევიდეს ძალაში 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, თუ ის არ შეიცვალა, პრემიერს, ფაქტობრივად, კანონის მიღების უფლებამოსილება ექნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი ამ კანონის მიღებას არ ეთანხმება.

პარლამენტი აყენებს მთავრობის უნდობლობის საკითხს და თუ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, მაშინ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც პარლამენტმა დაიწუნა მანამდე. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, თუ არც ერთმა დეპუტატმა ხმა არ მისცა პრემიერის მიერ შემოთავაზებულ კანონის პროექტს ხმა, ის მაინც შეიძლება იქცეს კანონად, თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ესაა ცვლილება, რომელიც შევიდა კონსტიტუციაში 2010 წელს, რომელიც, ჯერ არ ამოქმედებულა, მაგრამ ამოქმედდება 2013 წელს, თუ მანამდე არ შეიცვალა. მოქმედი პარლამენტი გვთავაზობს ამ ცვლილების გაუქმებას, რასაც ჩვენ დადებითად ვაფასებთ, რადგან ხელისუფლების დანაწილებაზე დგას ბალანსი ზოგადად, სახელმწიფოებრივ მოწყობაში და არ შეიძლება რომელიმე შტოს მიენიჭოს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე მას უნდა ჰქონდეს იდეაში. ამ შემთხვევაში პრემიერს საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭებოდა,“
- ამბობს კახა კოჟორიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს ასევე პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, რაც ცვლილებებისას საჭირო ქვორუმის რაოდენობას შეეხება. კახა კოჟორიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვორუმის შემცირება, შეიძლება არ იყოს სწორი გადაწყვეტილება, გამომდინარე უახლეს ისტორიიდან. პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში არ უჭირდათ ხოლმე ხმათა 2/3-ის მოგროვება. უმრავლესობის 2/3 კი განაპირობებდა იმას, რომ კონსტიტუციაში შედიოდა ცვლილებები, რაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ასახავდა. ამიტომ ეს ასე არ უნდა მოხდეს. 2010 წელს მიღებული ვარიანტი ამ ბარიერს ზრდიდა ¾-მდე. დღეს წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს, ჯერ ძალაში არშესული ცვლილება კვლავ იცვლება და ვუბუნდებით ძველ ვარიანტს, 2/3 -ს, რაც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა სწორი არ იყოს.“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის შეცვლისას დეპუტატთა რაოდენობის საკითხს ასე ხსნის: „მთავრობას ექნება შესაძლებლობა დასვას ნდობის საკითხი მხოლოდ ბიუჯეტის კანონთან დაკავშირებით. თუ ბიუჯეტის საკითხში პარლამენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ, მაშინ პარლამენტმა ან უნდა შეცვალოს მთავრობა, ხოლო თუ მთავრობის შეცვლა ვერ მოახერხა, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს. ოქტომბერში , საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეს თუ ვერ შევცვალეთ, მაშინ ამოქმედდება ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო იქნება ¾ -იანი უმრავლესობის მხარდაჭერა. ასეთი მაღალი ქვორუმი შესაძლებლობას აძლევს პარლამენტში არსებულ თუნდაც მცირე ოპოზიციურ ჯგუფს, დაახლოებით, ¼ -იან ოპოზიციურ ჯგუფს ბლოკირება გააკეთოს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ დაიწყოს, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ვაჭრობა,“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

დღეს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს: „იყო პრობლემები და მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა განხილვის პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ იმავე ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლოს ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მათ შეუძლებლად ჩათვალეს. დღევანდელ შეხვედრაზე მათი დაუსწრებლობა არამგონია იმით იყოს განპირობებული, რომ დღეს ჟურნალისტებისგან ისინი აგრესიას ელოდნენ. მე მგონია, რომ ყველა ჟურნალისტი მოთოკავს თავს ყველასთან მიმართებაში და არა მგონია ნაციონალურ მოძრაობას თქვენგან საფრთხე ელოდეთ. ალბათ ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის მუშაობის ბოლო ეტაპზე გამოაცხადა და რაც ბოიკოტს გულისხმობს.“

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა საქართველოში დღეს დაიწყო და 25 ივლისს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG