ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები კონფლიქტის ზონაში, დევნილთა ჩასახლებებსა და სპეც-უბნებში


შიდა ქართლში განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა სოფლებში, რომლებიც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მდებარეობს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

არჩევნების შედეგებს ამ დროისთვის გორის საოლქო საარჩევნო კომისია ღებულობს და აჯამებს სხვადასხვა უბნიდან. რამდენიმე უბანზე აქ დაფიქსირდა დარღვევები, რომელთა თაობაზე ისაუბრეს ბრიფინგებზე, რომლებიც დღეს პირველ და ექვს საათზე გაიმართა. მაგალითად, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის ხელმძღვანელმა, ირინა ფუტკარაძემ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ მათი ორგანიზაციის წარმომადგენელი ტირძნისის საარჩევნო უბნიდან გამოაგდეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ ბიულეტენების შეკვრა, დაახლოებით 50 ცალი ერთად, უბნის გარეთ გაჰქონდათ კომისიის წევრებს. „ეს საქმე ისეთი სიმძიმის არის, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს,“– ამბობს ირინა ფუტკარაძე.

მომხდარის თაობაზე არსებობს ვიდეო ფირი, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე. კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზურაბ ფუტკარაძე აცხადებს, რომ დამკვირვებელზე ფიზიკური ზეწოლაც კი განხორციელდა აქვე, უბნის გარეთ.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შიდა ქართლში განსაკუთრებულ ვითარება შეიქმნა სოფლებში, რომლებიც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მდგებარეობს. განსაკუთრებით ის დასახლებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს უშუალოდ ესაზღვრება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლით გამოირჩევა. ამ რამდენიმე დღის წინ სოფელ დიცში დაფიქსირდა პოლიტიკურ ნიადაგზე შეხლა-შემოხლის ფაქტები, კოალიციის ერთ-ერთ მხარდამჭერს მაღაზიაც კი დაურბიეს. მე პირადად ვიმყოფებოდი ამ სოფელში და ერთ-ერთმა აქტივისტმა ისიც კი მითხრა, რომ იმდენად ეშინია, საკუთარი ცოლ-შვილი სხვაგან გაასახლა დროებით. კოალიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა აგრეთვე სოფელ ნიქოზში შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებაზე. ნიქოზიც, მოგეხსენებათ უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს. მისი თქმით, ამ სოფელში მობილიზებულია სპეც-დანიშნულების რაზმების წარმომადგენლები დიდი ოდენობით, მისივე თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობა საზღვრისპირა სოფლებს პირწმინდად აგებს.

განსხვავებული ვითარებაა დევნილთა ჩასახლებებში. ასეთი გორის ირგვლივ სულ შვიდია. მათში დაახლოებით 3500–მდე ამომრჩეველია. დევნილთა ჩასახლებებში, როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ძირითადად ხმას ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ დევნილთა ჩასახლებებში, „ქართული ოცნების“დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად შესვლასაც კი ერიდებოდნენ, რადგან ეშინოდათ პირადი ანგარიშსწორების. ამგვარი განწყობის საფუძველი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დევნილთა ჩასახლებებში კოალიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამ დაპირისპირებაში, რაც ქვების სროლაში გადაიზარდა, მონაწილეობას დევნილი ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებდნენ.

ზოგადი პრობლემაა ნაკლები ბიულეტენების მიტანა ძალიან ბევრ უბანზე. დაფიქსირდა აგრეთვე ისიც, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ნაწილი დღეს საარჩევნო პროცესის მიღმა დარჩა, რადგან მათ არ ჩამოუვიდათ ეგრეთ წოდებული ბეჯები, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენდა, როგორც დამკვირვებლების. საქართველოს მასშტაბით, 60,000-დან 20,000 „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი დარჩა ბეჯის გარეშე. ამდენად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესი გაეკონტროლებინათ.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, მოითხოვენ ერთ-ერთი სპეც-უბნის ედეგების გაუქმებას. გორში სულ 6 სპეც-უბანია. ხუთი მათგანი წარმოადგენს სამხედრო ბაზასა და უბანს, ხოლო მეექვსე გორის სამხედრო ჰოსპიტალს. იურისტები მიიჩნევენ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხმას არ აძლევენ სამხედროები. სიებში შესულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალი, რომელმაც, წესით ხმა უნდა მისცეს საკუთარ საცხოვრებელ უბანზე. წინა არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ჰოსპიტალში მომუშავე ადამიანები დატოვეს და აიძულეს ეთქვათ, ვის მისცეს ხმა. იმ პერიოდში, როდესაც მე გორის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ვიმყოფებოდი, განხორციელდა ზარები ჰოსპიტალში მომუშავე ადამიანების მხრიდან. ისინი ითხოვდნენ დამატებით დამკვირვებლების შეყვანას ჰოსპიტალში, მათ ეშონოდათ, არ განმეორებულიყო პრაქტიკა, რასაც გასულ არჩევნებზე უკვე ჰქონდა ადგილი.
XS
SM
MD
LG