ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები ომიდან ოთხი წლის შემდეგ


დევნილთა დასახლება გორში
გორთან ახლოს, კარალეთის დევნილთა ჩასახლებას პრეზიდენტი სააკაშვილი ომიდან ოთხი წლის თავზე ესტუმრა. შეხვედრა კამერებისთვის დახურული აღმოჩნდა, დევნილთა ჩასახლებაში ავტომანქანით შესვლა კი შეუძლებელი. პრეზიდენტის მოსვლამდე კარალეთის დევნილთა ჩასახლებასთან მისასვლელი გზა რამდენიმე საათის მანძილზე იყო გადაკეტილი. დევნილებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. „ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ის ვიცი, რომ ახლა თქვენ გიყურებთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„დიდი ხანია მინდოდა თქვენთან მოსვლა ბოლო კვირების განმავლობაში, რადგან ვნახე და მთელმა საქართველომ ნახა, როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. ჩვენმა მტერმა თქვენ წაგართვათ ყველაფერი სიცოცხლის გარდა და ზოგიერთ თქვენს ახლობელს სიცოცხლეც. მე ბევრი ვარ ნასიარულები თქვენს ხეობებში და ჩემთვის პირადად ყველაზე მოუშუშებელი ტკივილია, ის რაც მათ ფეხქვეშ გათელეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერ ამას დავიბრუნებთ. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ახლა რომ თქვენ გიყურებთ.

ისტორიისთვის წლები არის ერთი წამი. ჩვენთვის მთელი სიცოცხლე შეიძლება იყოს. რუსეთი, ვერ შეიტყაპუნებს იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. ქართლის შუაგულში ვდგავართ. ვერც ერთმა დამპყობელმა, ისტორიულად ვერ მოიკიდა ფეხი ქართლში და ესენი როგორ მოიკიდებენ? ამიტომ ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენ ქვეყანას, ხეობებს, სოფლებს, ჩვენ სახლებს დავიბრუნებთ. მე ხომ ვიცი, როგორი ხალხი ხართ თქვენ, რას გაუძელით ამ წლების მანძილზე, როგორი იყო ტყვიების ქვეშ ბავშვების გაზრდა, მეურნეობის წარმოება, განათლების მიღება. ვიღაცეებს თქვენ ვაშლის ხის ძირში წამოწოლილი უსაქმურები გონიხართ. მაგრამ ჩემთვის და დანარჩენი საქართველოსთვის გმირები და ღირსებით აღსავსე პატრიოტები ხართ.

როგორი ხალხიც თქვენ ხართ, მე მსოფლიო მომივლია და არსად შემხვედრია. რომელი ჰოლანდიელი, რომელი შვეიცარელი, ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელი გაუძლებდა იმას, რასაც თქვენ გაუძელით ათწლეულების მანძილზე. ყველა სხვა თავს ჩაქინდრავდა, ხელს ჩამოუშვებდა, ცხოვრებაზე ხელს აიღებდა. აი, ეს არიან ჩვენი ქართლელები და ვერავინ ვერაფერზე ხელს ვერ ააღებინეს. ეს არის სახელმწიფოებრიობის მთავარი რეზერვი, რაც ჩვენ გვაქვს თქვენი სახით. ვერც საქართველოს კურსი შეცვალეს, ვერც მთავრობა ვერ გამოცვალეს, ვერც ჩვენი პოლიტიკური არჩევანი ვერ გააჩერეს, როგორც გაირკვა, ვერც ნატოს გაფართოება ვერ გააჩერეს ბოლო სამიტზე და ესე იგი, ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ რა თქმა უნდა დავბრუნდებით და საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ, ერთი წუთით არ მეპარება ამაში ეჭვი. საქართველოს სიყვარულს აქვს კონკრეტული შინაარსი. როცა შენ აცხადებ, რომ ომი თურმე საქართველომ დაიწყო, არ გიყვარს საქართველო! როდესაც აცხადებ, რომ უნდა შეწყვიტო ლაპარაკი ოკუპირების შესახებ, რაც მთელმა მსოფლიომ თქვა, არ გიყვარს საქართველო! როდესაც შენ აცხადებ, დათვს ბაბაია უნდა დაუძახო, ვერ დაუძახებ, რადგან დათვი არ არის ბაბაია“.


დევნილებთან გასაუბრების მიზნით დევნილთა სხვა ჩასახლებაში მოგვიხდა წასვლა. როდესაც ფოტოაპარატით დაგვინახეს, მათი პირველი ემოცია გაკვირვება იყო: „როგორ მოხდა, რომ შემოგიშვეს?“ - იკითხეს მათ. განმარტებისთვის უნდა ითქვას, რომ კამერების შესვლას დევნილთა ჩასახლებებში და მათგან ინტერვიუებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. გიორგი მაისურაძე, ერედვიდან დევნილი ამბობს: „იქ ორი სახლი დამრჩა. ამ კოტეჯზე დიდი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ძროხების სადგომი მქონდა. აქ სიცოცხლეს იქ სიკვდილი მერჩია“.

გორში, კომბინატის დასახლებაში მოსკოვის ქუჩა 2008 წლის აგვისტოში დაიბომბა და მას ცამეტი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ყველა შენობა აღდგენილია, თუმცა ზოგიერთ მათგანში წვიმის წყალი ჩამოდის. ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელთაგან ყველა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ჯერ ერთმანეთთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ „ცუდი არაფერი ეთქვათ“ და შემდეგ გაგვესაუბრნენ.

ქალაქ გორს ომიდან ოთხი წლის შემდეგ ომის კვალი აღარ ატყვია. ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში კი, ჯერაც მრავლად ნახავთ ომის დროს დამწვარსა და აფეთქებული სახლის ნანგრევებს.
XS
SM
MD
LG