ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზარდიაანთკარი – შუაზე გაყოფილი სოფელი


2008 წლის ომის შედეგად ზარდიაანთკარი ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ მძიმე კრიმინოგენული ვითარების ფონზე დატოვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:03 0:00
ბმული
ზარდიაანთკარი ქართული სოფელია, რომელიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს ემიჯნება. იმდენად, რამდენადაც იგი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ოსურ ადმინისტრაციას პრეტენზია მასზე არ გამოუთქვამს. ამის მიუხედავად, 2008 წლის ომის შედეგად ზარდიაანთკარი ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ მძიმე კრიმინოგენული ვითარების ფონზე დატოვა. ისინი დღემდე გორში, საბავშვო ბაღების შენობებში ცხოვრობენ და ხელისუფლებისგან ითხოვენ დევნილის სტატუსის მინიჭებას, ან სოფელში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. სამიოდე კვირის წინ, საქართველოს შსს–ში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ქართული საგუშაგო ზარდიაანთკარში გაიხსნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია დე–ფაქტო ადმინისტრაციაში. მათ მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ქართული პოსტის დაყენების შემდეგ, ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ზარდიაანთკარს ტოვებს. აღნიშნული საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს. საქმე იმაშია, რომ ზარდიაანთკარში რამდენიმე კვირის წინ გახსნილი საგუშაგო, სოფლის შუაშია განთავსებული, რომლისგან ჩრდილოეთით ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. ქართული პოლიცია ჟურნალისტებს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, პოსტიდან ჩრდილოეთით გადაადგილებისა და ოსურ მოსახლეობასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს. ნოდარ სხირტლაძემ, „მეცხრე არხის“ჟურნალისტმა მოახერხა ადგილობრივებთან შეხვედრა და რამდენიმე მაცხოვრებელთან გასაუბრება. ლევან ბესტაევი, ზარდიაანთკარის მცხოვრები, რომელსაც სოფელი ომის შემდეგ არ დაუტოვია, ქართული საგუშაგოს გახსნას შიშით უცქერის და ფიქრობს, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. „ოსი და ქართველი თავიდანვე ერთად იყვნენ და კიდევ ერთად ვიქნებით, მაგრამ საგუშაგოს გახსნა უკვე საწყენია. რატომ უნდა იყოს ის? იქნებ მე ჩემს ძმაკაცთან მინდა წასვლა, ბიძაშვილთან, ან მეზობელთან? პოლიციელები არაფერს მიშლიან, მაგრამ როცა მე მათ ვხედავ, არ მომწონს, თავისუფლად გავლა მირჩევნია. არეულობა არ მინდა. შვილიშვილები საქართველოშიც მყავს და აქაც და ამას რომ ვხედავ, არ მაწყობს, შიში მაქვს. მე აქედან არსად არ წავალ, ჩემი სიკვდილი აქ უნდა იყოს“,– ამბობს ლევან ბესტაევი.
თავად ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ოსი ეროვნების ზარდიაანთკარელებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას პრობლემა არ ჰქონიათ და ახლადმოხარშულ ლუდზეც გულითადად მიიპატიჟეს. ნოდარ სხირტლაძე: „მათ უბრალოდ ეშნოდათ ქართული პოლიციის. ხალხი მეუბნებოდა, რომ პოლიცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდა. საპირისპიროს ამბობს, რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია. მაგრამ მოსახლეობას ეშინია. ამბობენ, თუ გვიწევს საგუშაგოს გადაკვეთა, ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს, არ ვიცით რას გვიზამს ქართული პოლიციაო. მე, რა თქმა უნდა ვკითხე, თუ იყო ცუდი მოპყრობის ფაქტები–თქო და მიპასუხეს, რომ ამგვარი რამ არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეშინიათ.“
ზარდიაამთკარიდან დევნილი მოსახლეობა მეოთხე წელია საბავშვო ბაღებში რომ ცხოვრობს, ახლა იმას ელის, როდის აღადგენს მათ სახლებს სახელმწიფო ზარდიაანთკარში, რომ დაბრუნება შეძლონ. ზვიად თაზიაშვილი ერთ–ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდა, თუმცა ამის გაკეთებას აზრი მანამ არ აქვს, სანამ იქ საცხოვრებლები არ მოწესრიგდება. ზვიად თაზიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ორი, ეთნიკურად ოსი ეროვნების ოჯახი ზარდიაანთკარიდან მართლაც აიყარა და დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.
„შესვლას კი ვახერხებთ, მაგრამ იქ ყველაფერი დანგრეულია და ცხოვრების არანაირი საშუალება არ არსებობს. ჩემი სახლიც გაძარცვულია, დამტვრეული, თეფში და კოვზიც წაღებულია. ამბობენ, მივხედავთ, ყველაფერს გავაკეთებთო. საფრთხე, საგუშაგოს გასხნის შემდეგ არ არის. ხალხი სახლების აღდგენას ელოდება, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეიქმენას. სადაც საგუშაგო დადგა, დაახლოებით 30 მეტრში ორი ოსი ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა და ისინი გაიხიზნენ. არ აწყობდათ ქართველები რომ თითქმის მათი კარის წინ ყოფილიყვნენ. ქართველებმა საკთხი დაუსვეს: ან აქეთ იყავით ან იქით, პასპორტებსაც დაგირიგებთ და ყველანაირი სოციალური შეღავათითაც ისარგებლებთო, მაგრამ, მათ არ აწყობდათ. სასმელი და სარწყავი წლის საკითხი როგორ იქნება, არ ვიცით. ერთადერთი გზაა მხოლოდ, რომ წყალი ოსების მხრიდან წამოვიდეს და რა იქნება, არ ვიცი. ბოძებიც აუტანიათ, შუქიც გაუყვანიათ, ამბობენ გალამაზდება სოფელიო“,– ამბობს ზვიად თაზიაშვილი.
ამ დროისთვის ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების პროცესი არ დაწყებულა. ქართული საგუშაგო სოფლის ცენტრშია განთავსებული და პირობით ხაზს ავლებს ეთნიკური ქართველებითა და ოსებით დასახლებულ ნაწილებს შორის.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG