ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამწლიანი მსჯავრი სააკაშვილისთვის


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილი იმის გამო სცნეს დამნაშავედ, რომ მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირებს, რომელთაც სავარაუდო პატიმრობა ელოდათ, წინასწარ აღუთქვა შეწყალება და შემდგომ ეს დანაპირები სისრულეში მოიყვანა – ეს სახელმწიფო ბრალმდებელის ოფიციალური ვერსიაა.

საქმე მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილების – შეწყალების აქტის გამოყენებას ეხება. პროკურატურა ამბობს, რომ მან შეწყალებისას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ მედია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და სინამდვილეში საქმე შეწყალების აქტთან საერთოდ არაა კავშირში.

პირდაპირი ჩვენებაც კი არ არსებობს, ვთქვათ, ვინმე რომ ამბობდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეპირდა რამეს.
გიორგი მშვენიერაძე

„არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით აბსოლუტური უფლება, როგორც ახლა ციტირებენ, თითოს პრეზიდენტს ჰქონდა შეუზღუდავი უფლებამოსილება შეწყალების, არ არსებობს. ასეთი მცნება არ არსებობს კანონში. შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლებამოსილება, დიახ, მაგრამ მოდით, გავმიჯნოთ, რა არის უფლებამოსილება და რას ედავებოდა პროკურატურა ექს–პრეზიდენტს. შეწყალების უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ის ისე იყოს გამოყენებული, როგორც ვინმეს მოესურვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს გამოყენებული კეთილსინდისიერად. დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. პრეზიდენტს ჰქონდა გარკვეული უფლებამოსილება და ის იქნა გამოყენებული ბოროტად. ამაშია არსი და არა იმაში, რომ შეწყალების გამო გასამართლდა ვინმე,“ ამბობს ნადარეიშვილი.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ კომენტარი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა და განაცხადა: მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას, რაც თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომაც გაიზიარა.

საქმე ძალიან სენსიტიურია, რადგან ის ეხება ყოფილ პრეზიდენტს და კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს
ეკა გიგაური

„დღეს, როდესაც იხილება ასეთი მნიშვნელოვანი საქმე, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ გამოიყენა დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი, რის შემდგომაც პროკურატურამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება. ამან გააღრმავა ეჭვი, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობის. საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს.“

სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე „ამერიკის ხმა“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს

„საუბარია არა შეწყალების შინაარსზე, არამედ იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცას შეჰპირდა პრეზიდენტი. პირდაპირი ჩვენებაც კი არ არსებობს, ვთქვათ, ვინმე რომ ამბობდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეპირდა რამეს. არის მხოლოდ ირიბი ჩვენებები, როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც მოუყვა ვიღაცას, რომ პრეზიდენტს ასე უთქვამს. ეს არ შეიძლება იყოს მტკიცებულება.“

მშვენიერაძის თქმით,მტკიცებულება რომც არსებობდეს, გამოძიება სხვა მუხლით უნდა წარმართულიყო და არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე:

„არამედ ეს გახლავთ დანაშულის დაფარვა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს. მაგრამ პროკურატურამ ამ მუხლით არ დაიწყო გამოძიება, სწორედ იმიტომ რომ ის არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ამნისტირებული არაერთხელ. აქედან გამომდინარე, კანონის უზენაესობის კუთხით სერიოზული პრობლემა გვაქვს. კვალიფიკაცია იყო სპეციალურად არასწორი, რადგან თუკი სწორი კვალიფიკაციით წავიდოდნენ, მათ მაინც მოუწევდათ საქმის შეწყვეტა, რადგან ამნისტირებულ მუხლთან გვქონდა საქმე.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია:

პრეზიდენტს უფლება აქვს ამ წესების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ
სულხან სალაძე

„ერთის მხრივ ექსკლუზიური უფლება აქვს პრეზიდენტს შეიწყალოს, მაგრამ მეორეს მხრივ, პროკურატურა ამბობს, რომ პრეზიდენტმა წინასწარ უთხრა პირს, რომ შეიწყალებდა, თუკი მისთვის სასურველ ჩვენებას მისცემდა. ახლა საუბარია იმაზე, როგორ დაამტკიცა ეს პროკურატურამ. არ გვაქვს ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოდან. ცხადია, საქმე ძალიან სენსიტიურია, რადგან ის ეხება ყოფილ პრეზიდენტს და კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ჩვენ პოზიციას საზოგადოებას შევთავაზებთ მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გვექნება.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელისულხან სალაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუ როგორ დაასაბუთებს სასამართლო ბმას ბოროტად გამოყენებასა და შეწყალებას

„იმაზე, რომ თავის დროზე სტრასბურგის სასამართლო მიუთითებდა გირგვლიანის საქმეზე გამოძიების შედეგად დადგენილიყო ობიექტური ჭეშმარიტება, არავინ დაობს, მაგრამგვაქვს მეორე მხარე, რაც შეწყალებას ეხება. შეწყალების წესებში მაშინაც და ახლაც არა მარტო კონკრეტული კრიტერიუმები დასაფუძვლებია გაწერილი, არამედ მითითებულია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს ამ წესების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ“

სალაძის თქმით, არ არის გამორიცხული სხვა საქმეებიც გადაიხედოს, „თუკი პროკურატურა დააყენებს მათზეუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხს.“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას ბრალი 4 საქმეზე აქვს წარდგენილი. ერთ საქმეში, რაც შეწყალების აქტის გამოყენებას ეხება ის უკვე მსჯავრდებულადაა ცნობილი. რამდენად შეიძლება ეს აღმოჩნდეს საკმარისი მისი ექსტრადირების პროცესის დასაწყებად, მაინც გაურკვეველია, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებისთვის მოსახერხებელია სააკაშვილი მიჩნეული იყოს დამნაშავედ, მაგრამ ამ ქვეყნების ხელისუფლებებისთვის მისი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ყოფნა და უშუალოდ დასჯა, უკვე პოლიტიკური დისკომფორტის გარანტიაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG