ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში პრეზ. სააკაშვილის ვიზიტის მიმოხილვა


საქართველოს პრეზიდენტი გუშინ 8 ივნისს, ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

ოფიციალური ვიზიტით პარიზში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გუშინ 8 ივნისს, ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა. პირისპირ მალაპარაკების მთავარი თემები იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას.

სააკაშვილ-სარკოზის შეხვედრის პარალელურად, საფრანგეთისა და საქართველოს პირველი ქალბატონების-სანდრა რულოვსისა და კარლა ბრუნის შეხვედრა გაიმართა. მათ საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. „საფრანგეთი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს პრესაც გამოეხმაურა. გავლენიანი მემარჯვენე გაზეთი „ლე ფიგარო“ წერს რომ ოფიციალურ პარიზსა და თბილისს შორის ურთიერთობის დათბობის ახალი ეტაპი იწყება. გაზეთი მიიჩნევს რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური სიცივე მაშინ დაიწყო როცა საფრანგეთმა რუსეთისათვის მისტრალის ტიპის ოთხი სამხედრო გემის მიყიდვა გადაწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონი გიორგი ბარამიძე. „ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია რომ საფრანგეთი დაეხმარება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიან დარეგულირებაში, ჩვენი ტერრიტორიების დეოკუპაციასა და დევნილების დაბრუნებაში. ასევე, საფრანგეთი მიზანმიმართულად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას როგორც ნატოში ასევე ევრო კავშირში. წელს, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი წელი გვაქვს. რამდენიმე დღეში ვიზების გამარტივებას მოვაწერთ ხელს, რომელიც ძალაში ამ წლის ბოლოს შევა და წელსვე დაიწყება მოლაპარაკება ასოცირების თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რაც პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა პრემიერმა.

ვიზიტს ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო ექსპერტი სამხრეთ-კავკასიის საკითხებში თორნიკე გორდაძე. „ 2008 წლის ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტი ევროპაში, - მიიჩნევს ექსპერტი. მალე დაიწყება მოლაპარაკებების სერია ევროგაერთიანებასთან ასოციაციის თაობაზე. მართალია იგი ხელს არ შეუშლის რუსეთსა და ევროპას შორის დაწყებულ დიალოგს მაგრამ, საფრანგეთი როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ალბათ დაეხმარება საქართველოს რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე და წარმატებით დასრულდეს.“

მიხეილ სააკაშვილმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საქართველოს თემაზე კონფერენცია გამართა რომელსაც საფრანგეთის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, პოლიტოლოგები და სტუდენტები დაესწრნენ.

„საქართველო - პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორია“ ასეთი სახელწოდებით წარმოადგინა მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე, საბჭოთა კორუმპირებული სისტემიდან ქვეყნის მშვიდობიანი გზით დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შემუშავებულ სტრატეგიასა და ეროვნული უმცირესობებზე. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მდგომარეობის ორიგინალურობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმატებულ ევროპულ პოლიტიკურ მოდელად გადაიქცა და ამით დაამსხვრია იმ ორი მოდელის ალტერნატივა ელცინისეულ ქაოსსა და პუტინისეულ ავტორიტარიზმს შორის რომელსაც აქამდე სპეციალისტების გარკვეული ნაწილი წინასწარმეტყველებდა.

„ევრო-ატლანტიკურ მოდელს საქართველოსათვის დიდი მიმზიდველობა აქვს. სწორედ ეს მოდელი ავირჩიეთ ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციისათვის. საქართველო იქნება ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითი თუკი რუსეთი ამის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“- განაცხადა პრეზიდენტმა. მან სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ეხებოდა საქართველოს შესაძლო ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ქართულ ემიგრაციას, რუსეთთან ურთიერთობას და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კულტურის დღეებსაც დაესწრო. მან პირადად მოინახულა ტოკიოს სასახლეში წარმოდგენილი ფოტო გამოფენა „ქართული გაზაფხული - მაგნუმის დღიურები“ და ქართული კინო-თეატრისათვის შექმნილი სცენოგრაფიული მასალის მდიდარი კოლექცია პიერ კარდენის ცენტრში სადაც საპრეზიდენტო წყვილს თავად ფრანგმა დიზაინერმა უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG