ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობდა


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობდა.

მოსამართლე ნინო ელეიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ვერ ხედავს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობას და ის გაუქმდა. სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს დაინიშნა.

პროცესზე მოსამართლე ნინო ელიაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო ვეღარ ხედავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს კი, რომლებიც ასევე ფიგურირებენ ამ საქმეში, შეფარდებული პატიმრობა არ მოხსნიათ, რადგან სასამართლოს განმარტებით, ახალი გარემოებები მათ მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი. სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.


დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს. საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად. პროკურორის განმარტებით, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით გაიმართოს დაკავების ადგილზე.

სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის ორგანიზებით პარალელურად რამდენიმე აქცია იმართებოდა. აქცია იმართება ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, მოდულის შენობასთან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დღეს აქციების მონაწილეთა ნაწილი გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაშვებულ ფარგლებს, შეეცადა ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას და ამის გამო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 46 ადამიანი დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე ბექა ბასილაიამ მოითხოვა, 10-წუთიანი შესვენება გამოცხადებულიყო და სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია დაშვებულიყვნენ. მოსამართლემ ბასილაიას ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ყოფნის გარეშე ისედაც ვერ ხედავდა სხდომაზე ყოფნის აზრს, რადგან, მისივე თქმით, რიგი საკითხები სააკაშვილთან უნდა შეჯერდეს და იმედი ჰქონდა, რომ სხვა ადვოკატებს ეცოდინებოდათ სააკაშვილის პოზიცია, ან საქმეზე ახალი გარემოებები, თუმცა მოსამართლემ ისინი სხდომაზე არ დაუშვა.

სასამართლო პროცესის განმავლობაში სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვდნენ, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მესამე პრეზიდენტის პროცესზე დასწრება, ასევე სხდომა ყოფილიყო ღია და ყველა მედიას შესძლებოდა გაშუქება. ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილებაც მოითხოვა, თუმცა ეს შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილდა.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG