ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროგოჟინი ირწმუნება, რომ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილს სრულად აკონტროლებს


ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის ჯგუფის" ხელმძღვანელი.
ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის ჯგუფის" ხელმძღვანელი.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის ჯგუფის" მფლობელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, ბახმუტში მიღწევები გააფართოვეს. უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიან ომში, ამ დრომდე, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია.

ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მისი დაჯგუფების წევრებმა, ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი მოიპოვეს. მისი მტკიცებით, ისინი ახლა აკონტროლებენ მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთით მდებარე ყველა უბანს. მდინარე ქალაქს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონში კვეთს, ქალაქის ცენტრი კი მდინარის დასავლეთით მდებარეობს.

დაქირავებული მებრძოლების მეთაურის, ევგენი პრიგოჯინის განცხადებაზე, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია არც რუს და არც უკრაინელ ოფიციალურ პირებს. ოთხშაბათს დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიში იტყობინებოდა: "მძიმე დანაკარგების მიუხედავად, მტერი აგრძელებს იერიშებს ქალაქ ბახმუტზე".

ომის კვლევების ინსტიტუტი - ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრი, თავის ერთ-ერთ ბოლო ანალიზში წერს: „რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ დაიპყრო ბახმუტის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთით, 7 მარტს, აღმოსავლეთ ბახმუტიდან უკრაინული ძალების კონტროლირებული გასვლის შემდეგ.“

ომამდე ბახმუტის მოსახელობა დაახლოებით 70 000 იყო. ქალაქისთვის რუსეთის ბრძოლას, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, "ვაგნერის ჯგუფი" ხელმძღვანელობს. კერძო სამხედრო დაჯგუფება დაქირავებული მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის ციხეებიდან კონტრაქტის სანაცვლოდ გათავისუფლებული რუსი და უცხოელი მსჯავრდებულები არიან.

კრემლისთვის ბახმუტის ხელში ჩაგდება, დასახული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია. კრემლი მის მიერ სექტემბერში უკანონოდ ანექსირებულ დონეცკის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამას გარდა, უკვე თვეებია, რაც რუსეთს მნიშვნელოვანი უკანდახევების შემდეგ, უკრაინაში გამარჯვება აღარ მოუპოვებია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს თქვა, რომ ბახმუტის აღება რუსეთს საშუალებას მისცემს განახორციელოს შეტევა უფრო ღრმად რეგიონში.

ორშაბათს, გენერლებთან გამართული შეხვედრის სემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ბახმუტისთვის ბრძოლაში უკან არ დაიხევს. მან ქალაქის მცველებს, უკრაინულ ძალებს მადლობა გადაუხადა.

დასავლელი ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ. რომ უკრაინული ძალების ბახმუტიდან უკანდახევის შემთხვევაშიც კი, რუსეთის მიერ მის ხელში ჩაგდებას სტრატეგიული მნიშვნელობა არ ექნება და ეს კონფლიქტის მიმდინარეობას არ შეცვლის. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ბახმუტის დათმობა ომში გარდატეხას ვერ შეიტანს და მას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე სტრატეგიული.

XS
SM
MD
LG