ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი ბახმუტის ასაღებად დახმარებას ითხოვს


ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის ჯგუფის" მეთაური
ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის ჯგუფის" მეთაური

ორშაბათს, რუსი დაქირავებულების "ვაგნერის ჯგუფი" მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის რეგულარული ჯარისგან მეტი ამუნიციის, დამატებითი ძალის და მხარდაჭერის მიღება სჭირდება, რათა უკრაინის პატარა ქალაქ ბახმუტისთვის თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში გაიმარჯვოს.

„ვაგნერის“ დამფუძნებლისგან ეს მოწოდება, მას და თავდაცვის სამინისტროს შორის უთანხმოების გაღრმავების ნიშნების ფონზე ისმის. ევგენი პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს თვეების განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა და ბრალად დასდო, რომ მის მებრძოლებს ამუნიციას შეგნებულად აკლებდა. თავდაცვის სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო.

პარასკევს პრიგოჟინმა თქვა, რომ მისმა დანაყოფებმა „პრაქტიკულად ალყაში მოაქციეს ბახმუტი“, სადაც თვეების განმავლობაში ერთმანეთის გამოფიტვისკენ მიმართული საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსული ძალები ქალაქს სამი მხრიდან უტევდნენ. მაგრამ, ორშაბათს მან თქვა რომ უკრაინამ მიმდებარე ქალაქებში საკუთარი ძალების თავმოყრა შეძლო, რათა ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაძევება სცადოს და ამიტომ დახმარება სჭირდება, რათა მოსკოვისთვის ქალაქი დაიპყროს.

მისი პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიგოჟინმა თქვა: „ვაკაკუნებ ყველა კარზე და განგაშს ვტეხ ამუნიციისა და დამატებითი ძალების, ასევე ჩვენი ფლანგების დაფარვის საჭიროების შესახებ.“

პრიგოჟინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ უპირატესობას ბახმუტის დაცვას და გაძლიერებას ანიჭებს და აშკარაა, რომ კიევი ბახმუტისთვის „ბოლომდე“ იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG