ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი: "ვაგნერის" წარმომადგენელი რუსულ შტაბში არ დაუშვეს


რუსი დაქირავებულების უფროსმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა რომ ორშაბათს, მისი წარმომადგენელი უკრაინაში რუსეთის სამხედრო სარდლობის შტაბში არ დაუშვეს, რაც თავდაცვის ისტებლიშმენტთან მისი უთანხმოების კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო.

პრიგოჟინმა თქვა რომ ეს ინციდენტი, მის მიერ ამუნიციის დაჟინებით მოთხოვნიდან მეორე დღეს მოხდა.

„5 მარტს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაჯგუფების მეთაურს, ამუნიციის გამოყოფის გადაუდებელი საჭიროების შესახებ წერილი მივწერე. 6 მარტს, დილის 8 საათზე, შტაბში ჩემს წარმომადგენელს საშვი გაუუქმეს და არ დაუშვეს,“ განაცხადა პრიგოჟინმა „ტელეგრამზე“ თავისი პრეს-სამსახურის მეშვეობით.

იანვრის შუა რიცხვებიდან, უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიას, პირადად გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი მეთაურობს.

პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, უკრაინის ქალაქ ბახმუტთან ყველაზე მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა, მაგრამ კვირების განმავლობაში ჩიოდა რომ სამხედრო ხელმძღვანელობა მის წვლილს აკნინებდა.

უქმეებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, პრიგოჟინმა გაიმეორა ადრე გაჟღერებული უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მის მებრძოლებს ამუნიციას არ აწვდიდნენ.

„თუ ვაგნერი ახლა ბახმუტიდან უკან დაიხევს, მთელი ფრონტი ჩამოიშლება. ვითარება სახარბიელო არ იქნება ყველა იმ სამხედრო შენაერთისთვის, რომელიც რუსულ ინტერესებს იცავს,“ ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში, რომელიც ბუნკერშია ჩაწერილი.

სააგენტო „როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, თუ სად და როდის იყო ჩაწერილი ვიდეო და „ტელეგრამის“ იმ არხზე არ გამოქვეყნებულა, რომელსც პრიგოჟინი ჩვეულებრივ იყენებს.

XS
SM
MD
LG