ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნედ პრაისი: ეს იქნება უკანდახევა პარტნიორობის შესაძლებლობიდან


„ეს იქნება უკანდახევა შეერთებული შტატების შესაძლებლობისგან, რომ კვლავაც დარჩეს საქართველოს ხალხის პარტნიორად“, - ასე გამოეხმაურა თბილისში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრაისმა თქვა, რომ ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის.

ეს იქნება ქართველი ხალხისა და მთავრობის გადაწყვეტილება და ჩვენ ძლიერ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი კი ახლა ძალიან ნათლად საუბრობს" ,
- ნედ პრაისი

“ჩვენ არ გვსურს ამის ხილვა, და არა მხოლოდ ჩვენ, იგივეს ამბობს ევროკავშირი, გაერო, და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ყოველმა მათგანმა ძალიან მტკიცე განცხადებები გაავრცელა იმ შეშფოთებაზე, რასაც ეს კანონპროექტი იწვევს”, - ამბობს პრაისი.

პრეს-სპიკერი აღნიშნავს, რომ დიპლომატიური უწყება შეშფოთებულია თბილისში განვითარებული მოვლენებით და ყურადღებით აკვირდება პროცესებს. ამასთან, პრაისი ამბობს, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოში შექმნილი ვითარების მონიტორინგი. ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის ისაა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს მიეცეთ საშუალება გამოიყენონ ეს უფლება მშვიდობიანი გზით“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა და დასძინა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ, მოუსმინონ ხალხს".

"გვაშფოთებს, რომ ამ პარტნიორობას შესაძლოა ნაწილობრივ მაინც საფრთხე შეუქმნას მსგავსი კანონის მიღებამ. საბოლოოდ, ეს იქნება ქართველი ხალხისა და მთავრობის გადაწყვეტილება და ჩვენ ძლიერ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი კი ახლა ძალიან ნათლად საუბრობს. ჩვენ გვესმის ძალიან მკაფიო ხმები, რომელთაც ახშობენ ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით, რომლებსაც იყენებენ იმათ შესაზღუდად, ვინც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობს", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

„არა რუსულ კანონს“ - თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. პოლიცია აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებს. მოქალაეები არ იშლებიან და პარლამენტში პირველი მოსმენით უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ.

ნედ პრაისის თქმით, ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები იმისთვის, რომ შეევიწროვებინა დემონსტრანტები, რომლებიც ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტის კანონპროექტს აპროტესტებდნენ. პრაისი ამბობს, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების გამო ვაშინგტონი შეშფოთებულია.

„ეს კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს, მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ააშენონ ნათელი მომავალი, ევროპასთან ინტეგრირებული მომავალი“, - ამბობს ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკა რჩება საქართველოს პარტნიორად, ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა მიმდინარე პროცესებმა მისი განმარტებით, შესაძლოა ორი ქვეყნის პარტნიორობაც ეჭვქვეშ დააყენოს:

ვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება უზარმაზარი უკუსვლა, ეს იქნება უკანდახევა საქართველოს ხალხის მისწრაფებების გზაზე

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რა თქმა უნდა, იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქართველი ხალხისთვის. ასევე იმიტომ, რომ შეერთებული შტატები იყო საქართველოს პარტნიორი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეერთებული შტატები იყო ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, პირველივე დღეებიდან. ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებაზე. მან მიაღწია უზარმაზარ პროგრესს იმისთვის, რომ გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა“, - ამბობს ნედ პრაისი და იქვე დასძენს:

„თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება უზარმაზარი უკუსვლა; ეს იქნება უკანდახევა საქართველოს ხალხის მისწრაფებების გზაზე; ეს იქნება უკანდახევა შეერთებული შტატების შესაძლებლობისგან, რომ კვლავაც დარჩეს საქართველოს ხალხის პარტნიორად“, - ამბობს ნედ პრაისი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. „აგენტების“ კანონს, ანგარიშვალდებულნი იქნებიან „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდების გამო“.

როგორ შეიძლება დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მოხდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის, ან სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან? სახელმწიფო დეპარტამენტში 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე, ამ კითხვაზე პასუხად ნედ პრაისმა თქვა:

„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ინდივიდუალურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შეიძლება ამერიკის ან სხვათა სანქციების სამიზნე გახდნენ. მაგრამ ჩვენ ხელთაა მთელი რიგი საშუალებები, რომლებიც მოგვცემდა შესაძლებლობას, დავაკისროთ პასუხისმგებლობა ნებისმიერ პირს ნებისმიერ ქვეყანაში იმ უფლებათა შეზღუდვისთვის, რაც ადამიანთა საყოველთაო უფლებაა".

XS
SM
MD
LG