რუსეთში პოლიტიკური ოპოზიცია ყოველ 31 რიცხვს დემონსტრაციებს მართავს. ამით ოპოზიციონერები რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლის მიმართ საზოგადოების ყურადღების მოპყრობას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 31 მუხლის თანახმად ქვეყანაში დაშვებულია მშვიდობიანი საჯარო შეკრებების, დემონსტრაციების, მსვლელობებისა და პიკეტების გამართვა. გასულ თვეს რუსეთში ცნობილი როკ მუსიკოსი ქვეყნის პრემიერ მინისტრს დაუპირისპირდა კონსტიტუციაში დაცულ ამ უფლებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი არ ეთანხმება როკ მუსიკოსის იური შევჩუკის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ პოლიცია არა ხალხს არამედ რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება. მაგრამ შევჩუკმა უკან არ დაიხია და მათ შორის საკმაოდ ხმამაღალი დისკუსია გაიმართა.
შევჩუკი ცნობილი რუსული როკ ჯგუფის „დე-დე-ტე-ს“ წევრია. მან ბატონ პუტინს მოახსენა, რომ ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად, რომლებშიც ხშირად 500-მდე ადამიანი მონაწილეობს, ხელისუფლება საგანგებო დანიშნულების 2,500-წევრიან რაზმს აგზავნის. შევჩუკი ბატონ პუტინს შაბათს სანქტ პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეხვდა.
პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი პოლიციელი საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვეულებრივი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს, მაგრამ მან აღიარა შევჩუკის შენიშვნა კორუმპირებული ოფიციალური პირების თაობაზე.
ბატონ პუტინის თქმით, რუსეთში კულტურა ისეთ დონეზეა, რომ თუ რომელიმე ადამიანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, იგი მყისვე დაიწყებს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას დამატებითი შემოსავლის შექმნის მიზნით. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ხსენებული თვისება არა მხოლოდ პოლიციაშია გავრცელებული არამედ სხვა სფეროებშიც, სადაც ოფიციალური ძალაუფლება არსებობს და შესაძლებელია მისი გაქირავება მოგების მიღების მიზნით.
შევჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთში ათასწლეულების მანძილზე კლასებს შორის დიდი განსხვავება არსებობდა. მან გააფრთხილა პრემიერ მინისტრი, რომ რუსულ საზოგადოებაში შეინიშნება უზარმაზარი სხვაობა პრივილიგირებულ ფენასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის.
შევჩუკი აღნიშნავს, რომ რუსეთს სამოქალაქო საზოგაოდება სჭირდება. მისივე თქმით, კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე, თვით როკ მომღერლისა და პრემიერ მინისტრის ჩათვლით, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. როკ მომღერალმა აღნიშნა, რომ ყველაფერი თანასწორუფლებიანობას ეყრდნობა - საავადმყოფოების მშენებლობა ისევე როგორც ბავშვების, ღარიბების, უნარდაქვეითებულებისა და მოხუცების მიმართ საქველმოქმედო საქმიანობის გაწევა. ამისთვის კი რუსეთს თავისუფალი მედია სჭირდება, აღნიშნა შევჩუკმა.
ამის შემდეგ მომღერალმა პრემიერ მინისტრს ჰკითხა აპირებს თუ არა რუსეთის მთავრობა სანქტ პეტერბურგში 31 მაისს დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის დაშლას. ბატონმა პუტინმა უპასუხა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაში შედის. მისი თქმით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის თუ რამდენად შეუშლის ხელს საავადმყოფოებს, მძღოლებსა და სხვებს საპროტესტო აქციის გამართვა. მან აღნიშნა, რომ იგი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს დემონსტრაციების გამართვაში რადგან ხშირად აქტივისტები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ არსებული პრობლემების მიმართ. ამგვარად პუტინმა დემონსტრანტების მიმართ მადლიერებაც გამოხატა.
შემდეგ დღეს კი ბატონ პუტინის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა რადიო „ეხო მოსკვისთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება საპროტესტო დემონსტრაციების მოწონებას როდი ნიშნავდა, რადგან ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია.
საპროტესტო აქციების ორგანიზების უფლება რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლშია ჩადებული. ოპოზიციის ლიდერმა და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა გარი კასპაროვმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის უმთავრესი მოვალეობაა კონსტიტუციის დაცვა.
კასპაროვი აღნიშნავს, რომ ცხადია, რომ რუსეთში ნამდვილი ძალაუფლების ბერკეტები ბატონ პუტინის ხელშია. ოპოზიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ საპროტესტო დემონსტრაციების დაშლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინის პირადი დადასტურებითა ან ირიბი თანხმობით სრულდება.
როკ ვარსკვლავმა შევჩუკმა ბატონ პუტინს მოუწოდა, რომ მან გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური წონა და გავლენა რათა დემონსტრაციების ორგანიზების უფლება სათანადოდ დაცული იქნას, რაზეც ბატონმა პუტინმა იხუმრა, რომ იგი მხოლოდ 76 კილოგრამს იწონის.