ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ბელგოროდში - კიევისა და მოსკოვის პოზიციები


რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. გამომწვევი მიზეზებისა და დაძაბული ვითარების შესახებ დილიდან ინტერნეტ სივრცეში ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება. ბელგოროდი რუსული ოლქია და ის უკრაინას, ხარკივის რაიონს ესაზღვრება.

ოლქის გუბერნატორი განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვიაჩესლავ გლადკოვი მათ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უკრაინელები გრაივორონსკის რაიონში იმყოფებიან და რუსი სამხედროები მათთან ბრძოლას აწარმოებენ.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო კადრები, თუ როგორ ხდება ბელგოროდის ოლქის დაბომბვა ვერტმფრენებიდან და როგორ ტოვებენ ოლქს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ამ დრომდე ვიდეო კადრების ავთენტურობა დაზუსტებული არ არის, უცნობია როდის არის ეს კადრები გადაღებული და სად. ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.

ბელგოროდში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც. ანრეი იუსოვის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბელგოროდში „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანია შიექმნას „უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად,“- ამბობს იუსოვი.

უკრაინული მედიის ცნობით, იუსოვი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელები შეიჭრნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბელგოროდში რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ „ ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებას“.

სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაჩნდა ახალი გვერდი "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონიც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგიონმა უკვე გაათავისუფლა კოზინკას რაიონი და მიიწევენ წინ გრაივორონისკენ. ტვიტის ბოლოს კი წერია, რომ "რუსეთი იქნება თავისუფალი".

ამ დროისთვის, უცნობია ვინ დგას ამ ჯგუფის უკან და რა მიზნები აქვთ მათ.

კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა „ბელგოროდის ოლქის წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევას ახორციელებს, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პანიკის დათესვაა“.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრისპირა რეგიონია. ამ ტერიტორიიდან რუსთს ხშირად მიაქვს იერიშები სხვადასხვა უკრაინულ ქალაქებზე, მათ შორის ხარკივზე. ბოლო დროს, ხშირად დაფიქსირდა სხვადასხვა ინციდენტი, იქნება ეს ქალაქში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა თუ რუსული თვითმფრინავებიდან საკუთარი ტერიტორიების დაბომბვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG