ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს - ბელგოროდში ნავთობტერმინალი იწვის


რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ნავთობტერმინალი იწვის. ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი, ამბობს, რომ თავდასხმა ნავთობტერმინალზე უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ბრიტანული გამოცემის BBC-ის ცნობით გლადკოვი ვერ პასუხობს კითხვას, თუ როგორ აარიდეს თავი უკრაინულმა ვერტმფრენებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. თავის მხრივ გუბერნატორი კი ამბობს, რომ თავდასხმაში ორი უკრაინული ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ქალაქი ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში 8 რეზერვუარი იწვის, ცეცხლის ჩაქრობას 200-მდე მაშველი და 60-მდე შესაბამისი ტექნიკა ცდილობს.

ბელგოროდში ნავთობტერმინალი იწვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

კრემლი ამბობს, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი არასახარბიელოდ გამოიყურება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესისთვის.

გლადკოვის თქმით, ხანძრის დროს ორი მუშა დაშავდა, ოლქის რამდენიმე უბნიდან კი ევაკუაცია მიმდინარეობს. ნავთობტერმინალი, რუსულ კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის“. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებულა და თანამშრომლების დროული ევაკუაცია მოხდა.

სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს თვითმხილველმა თქვა, რომ ქალაქში აფეთქების ხმა დილით 10 საათსა და 20 წუთზე გაისმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია ბელგოროდში უკრაინული ვერტმფრენების თავდასხმის შესახებ, რადგან ის არ ფლობს სამხედრო ინფორმაციას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ამ დრომდე ბრალდებებზე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

„არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ ამაში უკრაინა იყო ჩართული მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას,“- ამბობს უკრაინის საგარეო საქმთა მინისტრი, დმიტრო კულება.

ეს პირველი ბრალდებაა, 24 თებერვლის შემდეგ, როცა მოსკოვი კიევს, რუსულ მიწაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ვრცელდება ვიდეო კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ხდება ნავთობტერმინალზე იერიშის მიტანა. ამ დროისთვის ვერ ხერხდება კადრების ავთენტურობის დადასტურება.

კრემლში ამბობენ, რომ რუსეთზე მიტანილმა იერიშმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ვლადიმირ პუტინი-ამბობს დმიტრი პესკოვი, რომელიც კრემლის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს.

განცხადება გაკეთდა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროშიც. მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი ამბობს, რომ მომხდარი გავლენას ვერ იქონიებს რეგიონში საწვავის მიწოდებასა და ფასებზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG