ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს


ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მეორე დღეა სროლის და აფეთქების ხმა ესმით. ერგნეთელების დაკვირვებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან.

სოფლის მცხოვრების, ვეფხვია კასრაძის თქმით, სროლის და აფეთქების ხმა სოფელში ხშირად ესმით და ეს ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი ხდება.

„ეს ორი დღეა ძალიან გააქტიურდა ვარჯიშები ცხინვალში. არის მასიური დაბომბვის იარაღის გამოყენების ხმა. ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია და მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ რუსებმა“, - ამბობს ის.

29 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოტომსროლელთა ბატალიონის წვრთნა იწყებოდა ოკუპირებულ სოფელ ძარწემში მოწყობილ პოლიგონზე. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი საცეცხლე და საინჟინრო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გავიდა პოლიგონზე.

ვარჯიშის დროს მუშავდება სხვადასხვა საკითხი: სხვადასხვა ვითარებაში დანაყოფებისა და ცეცხლის მართვის უნარი, სამედიცინო მომზადება (პირველი დახმარების გაწევა, დაჭრილების ბრძოლის ველიდან გამოყვანა), საინჟინრო მომზადება, ტერიტორიის შესწავლა და საცეცხლე პოზიციების შეცვლა - ეს ინფორმაცია სააგენტო „რესის“ საიტზე განთავსდა.

ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი 30 მარტს დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან. ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შესახვედრად გაემგზავრნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები. ეს საკითხი მათთვის პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება.

გუშინ, 30 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი. 10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG