ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ოპოზიციის ბრძოლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ


25 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამიტი 16 ივნისს, ჟენევაში ჩატარდება. თეთრი სახლის პრეს-სპიკერი, ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკა "აპირებს, რომ აღადგინოს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა ამერიკა-რუსეთს შორის".

ამ ვიზიტს დიდი ინტერესით ელოდებიან, როგორც ამერიკაში, ისე თავად რუსეთში. რუსეთის ოპოზიცია იმედოვნებს, რომ სამიტის დროს, სხვა თემებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება.

ლეონიდ ვოლკოვი, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი და მისი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელია. ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ლიდერები ყოველთვის აღწევდნენ შეთანხმებას საბჭოთა კავშირის ლიდერებთან, ისეთებთანაც კი, როგორიც გორბაჩოვი, ან ხრუშოვი იყვნენ, ბაიდენს ახლა პუტინთან საუბრისას, განსაკუთრებული სიმტკიცე და პრინციპულობა დასჭირდება.

„პუტინი, სამწუხაროდ, უფრო მკაცრი, უფრო ბოროტია. გასული წლების განმავლობაში ის ვისწავლეთ, რომ ის ღია მისდგომას, [ურთიერთობაში] ხიდების აგების ნებისმიერ მცდელობას სისუსტედ აღიქვამს. მას მხოლოდ მაშინ ესმის ვინმესი, თუ ძალიან მკაცრი, ძლიერი პოზიციიდან ელაპარაკებიან. ამას შეუძლია აიძულოს პუტინი მოლაპარაკებაზე ფიქრი დაიწყოს. თუ პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ მომავალ სამიტზე რამეს მიაღწიოს, მაშინ ძალიან ძლიერი და მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს. სხვა შემთხვევაში პუტინი იფიქრებს, რომ წითელი ხაზები არ არსებობს, მას შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს და რომ დასავლეთი კვლავ „ღრმად შეშფოთებული“ დარჩება“, ამბობს ლეონიდ ვოლკოვი.

„იყო დიქტატორი ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარს სძულხარ, არაა ისეთი სამხირაულო და კომფორტული და ეს სულაც არაა ის, რასაც პუტინი შეჩვეულია. ეს მას ხდის უფრო ეჭვიანს და უქმნის მეტ დისკომფორტს“,- ამბობს ვოლკოვი. 

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრების თემას, თავისი წინამორბედების მსგავსად ბაიდენიც წამოჭრის, მაშინ მას მყარი პოზიციები ნამდვილად დასჭირდება. მთავარი პოლიტპატიმარი ახლა ქვეყანაში ალექსეი ნავალნია, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და პუტინის მწვავე კრიტიკოსია. მასთან ერთად, როგორც ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, პუტინის რეჟიმს 400-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. „მეტი ვიდრე, საბჭოთა კავშირს ჰყავდა სტალინის სიკვდილის შემდეგ“, ამბობს ლეონიდ ვოლკოვი.

ვოლკოვი თვლის, რომ ბაიდენს გაუჭირდება პუტინის ნავალნის გათავისუფლებაზე დათანხმება, ვინაიდან „პუტინს არ სურს, რომ ნავალნი გაათავისუფლოს და მას არ მისცემს იმის უფლებას, რომ რუსეთში დარჩეს და პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, მანამ, სანამ [პუტინი] ცოცხალია, ან კრემლშია“.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ვოლკოვი თვლის, რომ პუტინს რაციონალური გათვლების გაკეთება შეუძლია და ხვდება, რომ ნავალნის საპატიმროში ყოფნა, მას გაცილებით უფრო დიდ პრობლემებს უქმნის. ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ნავალნის დაკავებით პუტინმა თავის მოწინააღმდეგეებს აჩვენა, რომ მისი ნომერ პირველი მტერი ნავალნია და ყველა, ვინც მას რაიმე მიზეზით არ ეწინააღმდეგება, ნავალნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

პუტინს რომ ნავალნის ციხეში გამოკეტვა უნდა, ამის ეჭვს ოპოზიციონერებს ახლად შემოღებული კანონებიც უღრმავებს. 18 მაისს, რუსეთის დუმამ მიიღო ორი კანონი, რომლის მიხედვითაც „ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან“ ასოცირებულ ნებისმიერ ადამიანს, აღარ ექნება უფლება დაიკავოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობა. ხოლო, მეორე კანონის მიხედვით, „არასასურველ ორგანიზაციასთან“ ასოცირებულ ნებისმიერ რუს მოქალაქეს 6 წლამდე ციხეში პატიმრობა ემუქრება.

„პუტინი ნერვიულობს და ამიტომაც ისტერიკულად იქცევა, მხოლოდ ასე შემიძლია ავხსნა ის ქმედებები, რასაც ის ჩადის. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ის ახალი კანონები, რომლებიც ახლა დუმამ გამოსცა“.

ერთი თვის წინ კი, მოსკოვის პროკურატურამ პეტიცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, მოითხოვა, რომ ნავალნის ორგანიზაციები, „ანტიკორუფციული ფონდი“ და რეგიონილი ცენტრების გაერთიანება, ექსტრემისტებად გამოცხადოს, რაც ხელს შეუშლის ამ ორგანიზაციების წევრებს აჩევნებში მონაწილეობაში.

ნებისმიერს ვინც დაკავშირებულია, ან ჩართულია „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა. ნებისმიერი, ვინც დონორია ასეთი ორგანიზაციისა 8 წლამდე პატიმრობის წინაშე შეიძლება დადგეს, ხოლო ასეთი ორგანიზაციის აქტიურ წევრებს და ლიდერებს კანონი 10-წლამდე პატიმრობის გარანტიას აძლევს.

ვოლკოვი თვლის, რომ გარდა იმისა, რომ პუტინი ამ კანონების შემოღებით ებრძვის ოპოზიციურ სპექტს, იმის გარანტიებსაც იღებს, რომ ნავალნი, როგორც „ექსტრემისტული“ დაჯგუფების ლიდერი, კიდევ 10 წლით ციხეში დარჩება.

„პუტინი ნერვიულობს და ამიტომაც ისტერიკულად იქცევა, მხოლოდ ასე შემიძლია ავხსნა ის ქმედებები, რასაც ის ჩადის. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ის ახალი კანონები, რომლებიც ახლა დუმამ გამოსცა“, ამბობს ვოლკოვი.

სანერვიულო კი, ოპოზიციონერის თქმით, პუტინისთვის ახლა რუსეთის დუმის არჩევნებია, რომელიც 4 თვეში უნდა ჩატარდეს ქვეყანაში. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მთელი ყურადღებაც ამ თარიღისკენაა მიმართული. ვოლკოვი ამბობს, რომ ბელარუსის მაგალითზე, პუტინიც ცდილობს, რომ ჰყავდეს „სტერილური“ პარლამენტი, სადაც არავინ მოკითხავს პასუხს, არავინ დასვავს მწვავე შეკითხვებს და არ ეყოლება ოპოზიცია. ამიტომაც, ის ყველაფერს გააკეთებს არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციონერი კანდიდატების თავიდან მოსაშორებლად.

დანებებას არც ოპოზიცია აპირებს. „რა თქმა უნდა ჩვენი ძალების 85% პროცენტი, კონცენტრირებულია დუმას მომავალი არჩევნების ირგვლივ... დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნება პრეზიდენტ პუტინისა და „გაერთიანებული რუსეთის“, მისი პოლიტიკური პარტიისთვის. დამოუკიდებელი გამოკითხვების მიხედვით, „გაერთიანებული რუსეთის“ რეიტინიგი 30%-ზე ნაკლებია. ვსაუბრობთ 27, 28, 29%-ზე, რაც ახლოსაც არაა იმ წარმომადგენლობით რიცხვთან, რაც მათ პარლამენტში უკავიათ. ისინი პარლამენტის, თითქმის, 80%-ს შეადგენენ“,- ამბობს ვოლკოვი.

ოპოზიციის მთავარი ლიდერი ციხეშია, ბელარუსის მსგავსად, ოპოზიციის ლიდერებს, სხვადასხვა მიზეზით, უარს ეუბნებიან კანდიდატებად დარეგისტრირებაზე. ახალი კანონის შემოღების შემდეგ კი, ნავალნის თანაგუნდელებს, აღარც კანონი მისცემს იმის საშუალებას არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაშინ როგორ აპირებს რუსული ოპოზიცია დუმის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას, არა მარტო იმ პირობებში, რომ თავად ვერ იღებენ მონაწილეობას, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იმედი არ აქვთ?

პასუხი ამ კითხვაზე ნავალნისა და მისი თანაპარტიელებისთვის ერთია: ჭკვიანური ხმის მიცემის პროგრამა. პროგრამა იმას გულისხმობს, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს ნებისმიერ კანდიდატს კონკრეტულ ოლქში. მთავარია ეს კანდიდატი არ იყოს პუტინის პარტიის წევრი. ასე, ნავალნის ორგანიზაცია პარლამენტში, მერის ოფისსა, თუ საკრებულოებში ახერხებს დამოუკიდებელი კანდიდატების ყოლას.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვიწვიოთ მეტი არეულობა, მეტი ხმაური და ნაკლებად მივცეთ საშუელაბა პუტინს, აკონტროლოს რუსეთის დუმა“,- ამბობს ვოლკოვი. მისივე თქმით, წინა არჩევნებზე შეძლეს 20 დამოუკიდებელი კანდიდატი შეეყვანათ დუმაში. ახლანდელი გათვლებით კი ფიქრობენ, რომ პარლამენტის 15-20%-ის დამოუკიდებელი კანდიდატებით დაკომპლექტებას და გარკვეული ცვლილებების მოხდენას შეძლებენ.

„იყო დიქტატორი ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარს სძულხარ, არაა ისეთი სამხირაულო და კომფორტული და ეს სულაც არაა ის, რასაც პუტინი შეჩვეულია. ეს მას ხდის უფრო ეჭვიანს და უქმნის მეტ დისკომფორტს“,- ამბობს ვოლკოვი.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია პუტინისთვის არჩევნებში იმის დამტკიცებას, რომ მოსახლეობის ნახევარს სძულს, ეს სექტემბერში გამოჩნდება. მანამდე კი მთელი ყურადღება ბაიდენ-პუტინის სამიტისკენ იქნება მიმართული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG