ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეიჩელ რიზო - რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს


2021 წლის 14 ივნისს, ბრიუსელი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ სხვა თემებთან ერთად ალიანსის წევრები "რუსეთის აგრესიულ ქმედებებს" განიხილავენ.

როგორია მოლოდინები და რას უნდა ველოდოთ ამ სამიტისგან? გადადგამს თუ არა მორიგ ნაბიჯს ნატო საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით; როგორი იქნება ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციასთან და სად იქნება საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორის როლი ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ? ამ თემებზე, "ახალი ამერიკული უსაფრთხოების" მკვლევარს, რეიჩელ რიზოს, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ვიდრე ბრიუსელი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. უკვე ვნახეთ გენერალური მდივნის განცხადება, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა "რუსეთის აგრესიული ქმედებები" იქნება. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ სამიტისგან?

ვფიქრობ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომ თავიდან განამტკიცოს თავისი მოვალეობები და ერთგულება ნატოს ალიანსისადმი, გასული ტურბულენტური 4 წლის შემდეგ.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რამდენიმე თემას განიხილავენ მოკავშირეები და ეს იქნება: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ჩინეთის საკითხი, თუმცა რუსეთის აგრესიული ქმედებები სიის თავში იქნება, ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი იქნება განხილვის მთავარი თემა. მოკავშირეები განიხილავენ [რუსი] სამხედროების მიმდინარე მობილიზაციას უკრაინაში, სანქციებს, რომლებიც გასული თვის განმავლობაში ამერიკამ რუსეთს დაუწესა და იმას, თუ რა როლს ითამაშებს ეს პროცესი ურთიერთობების განვითარებაში. ასე რომ მომავალ სამიტზე ძალიან ბევრი რამ იქნება განსახილველი.

წარსულში დავბრუნდეთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა არ მისცეს, როგორც ბევრი ამბობს, რუსული ფაქტორის გამო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია ეს რუსული ფაქტორი ახლა?

ვფიქრობ ეს თემა, სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ბოლო დროს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამ თქვა, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც დღემდე იმ ლოგიკით ხელმძღვანელობენ, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ, იმ კუთხით, უნდა იყვნენ თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მდივან ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა, რეგიონში ამერიკის ვალდებულებების და ერთგულების ჩვენების ნიშანია. მან თქვა, რომ ამერიკა აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისა და უსაფრთხოებაში დახმარების საკითხებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი ნიშანია.

ვფიქრობ საქართველოსა და უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც ხელს უშლის ამ რეფორმებს, არის გზა ნატოსკენ. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ნატოს კარი ღიად რჩება. ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, თავად არიან თავად ნატოს წევრები. რუსეთს არ აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ შეუერთდება ნატოს და ამის უფლება არც არასდროს ექნება.

თქვენ ენტონი ბლინკენის ვიზიტზე საუბრობდით. ამერიკა ნატოს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. გაძლევთ თუ არა ეს ვიზიტი იმის ნიშანს, რომ მომავალ სამიტზე, შესაძლოა ნატომ რაიმე ნაბიჯი გადადგას უკრაინისკენ და თუ კი, მაშინ რისი მომასწავებელი იქნება ეს საქართველოსთვის?

არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე, ალიანსის წევრები უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, არა მარტო 2014 წელს, არამედ მას შემდეგაც, განსაკუთრებით გასულ თვეში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ალიანსის წევრები ძალიან სერიოზულად განიხილავენ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა უკრაინასთან, როგორ წარმოუდგენიათ მომავალი ნაბიჯები. ასევე მოველი, რომ გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნატოს კარი ღიაა. ვფიქრობ, საქართველოც ძალიან ახლოს უნდა დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს.

როდესაც ნატო-საქართველოს მომავალზე ვსაუბრობთ, ხშირად გვესმის, რომ საზოგადოების ნაწილს ეშინია - თუ ნატო გადადგამს ნაბიჯს საქართველოსკენ, ან პირიქით, რუსეთი გაღიზიანდება და კიდევ ერთხელ დაესხმება თავს ქვეყანას. რამდენად არგუმენტირებული გგონიათ ეს მოსაზრება?

გასული წლების განმავლობაში, დანამდვილებით, 2008 და 2014 წლების შემდეგ, რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული გახდა. ასე რომ არგუმენტი, რომ რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, ძნელად დასამტკიცებელია ახლა. იმის ნაცვლად, რომ ვფოკუსირდეთ რუსეთის შესაძლოა რეაქციებზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე ნატოს წევრობას რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და უკრაინისთვის და იმ ნაბიჯებზე, რაც ნატოსთან მომავლის არსებობას შეეხება.

თქვენ ახსენეთ, რომ საქართველომ და უკრაინამ ნატოსკენ სავალ გზაზე მუშაობა უნდა გააგრძელონ. ჯეიმს აპატურაიმ, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნატო დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს და უკრაინის ერთგულება და პასუხისმგებლობა არსებობს და იგივე ითქმის ნატოზე. თუ ეს ყველაფერი ადგილზეა, მაშინ რა აკლიათ ამ ქვეყნებს, რა უშლით ხელს იმაში, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ?

ეს ძალიან რთული შეკითხვაა. თქვენ მართალი ხართ, როდესაც ბუქარესტის სამიტს იხსენებთ, სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოსა და უკრაინის ალიანში მიღების თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იტყვის, რომ საქართველოს და უკრაინას კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, მაგრამ ისინი ამ გზას ადგანან, სწორ ნაბიჯებს დგამენ, რეფორმებზე მუშაობენ და ნატოსთან, ამერიკასთან და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

მე ვიტყოდი, რომ ეს ორი ქვეყანა აკეთებს ზუსტად იმას, რაც მათ სთოხვეს რომ გაეკეთებინათ, ისინი სწორად მოქმედებენ და ამ გზით უნდა განაგრძონ სიარული.

როგორც უკვე ვთქვით, საქართველო და უკრაინა უკვე 13 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან. ამ 13 წლის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების წინააღმდეგ ვნახეთ სამხედრო, ეკონომიკური, კიბერ და სხვა სახის აგრესია. როგორ ფიქრობთ, რა სიგნალს უგზავნის ეს 13-წლიანი მოლოდინი რუსეთს?

ვფიქრობ, აქ რამდენიმე საკითხია გამოსაყოფი.13-წლიანი მოლოდინის პერიოდი და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ნატო წევრობა საქართველოსა და უკრაინისთვის და ის, რომ გენერალური მდივანი კვლავ ამბობს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა აქვს, რომ ნატოს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ქვეყანა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა. ასე რომ, ნატო დგამს ნაბიჯებს, რომლითაც გვაჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება იმასთან დაკავშირებით ვინ შეუერთდება ალიანსს. ვეჭვობ, ამ ორი ქვეყნის მიღება, არ იყო ამბავი, რომელიც კარგად მიიღეს კრემლში. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის ამბავსაც ასე მიიღებენ. თუმცა, იმავდროულად, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკავშირეებმა და ნატომ უნდა მიიღონ. და მხოლოდ საქართველოს და უკრაინაზეა დამოკიდებული გაწვერიანებისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც ადრეც ვთქვი, ეს ქვეყნები მუშაობენ ამ ცვლილებებზე. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ ნატოს კარი ღიად რჩება.

საქართველო და უკრაინა ნატოს უსაფრთხოების კონტრიბუტორები არიან. რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს მაპის და შემდეგ წევრობის მიღების გზაზე?

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინამ და საქართველომ, გასული წლების განმავლობაში ნათლად დაგვანახეს, რომ ისინი სანდო მოკავშირეები არიან უსაფრთხოების საკითხში. ამავდროულად, ამერიკამ, განსაკურებით სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ამერიკა უკრაინისა და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულია.

უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და უკრაინის მხრიდან ამ ვალდებულებების ჩვენება და ვფიქრობ, რომ ნატოს მოკავშირეები, სწორედ ამ საკითხს აკვირდებიან, როდესაც განიხილავენ პოტენციური მოკავშირეების ნატოში მიღებას.

როდესაც უსაფრთხოების თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ ავღანეთის მისიაზეც. მას შემდეგ რაც ნატო-ამერიკის ჯარები დატოვებს ავღანეთს, სად ხედავთ საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორის როლს? დღემდე, საქართველოს ჩართულობა ამ მისიაში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, რა იქნება ახლა?

როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველომ წარმოუდგენელი დახმარება გაუწია ავღანეთის მისიას. ვფიქრობ, უფრო დიდი შეკითხვა, რომელიც ახლა ჩნდება ისაა, თუ რა იქნება ნატოს არეალს მიღმა ოპერაციების როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირებში, მისის დასრულებასთან ერთად, ალიანსი სწორედ ამ თემებს განიხილავს.

აფრიკის, ახლო ამოსავლეთის, ერაყის შემთხვევაში, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ნატოს ჩართულობა ამ რეგიონების მისიებში, ეს შეკითხვები ისმის და ამაზე მუშაობენ. საქართველო კი, ვფიქრობ, ამ განხილვის ნაწილი იქნება და დარწმუნებული ვარ მისთვისაც მოინახება როლი მას შემდეგ, რაც ავღანეთის მისია დასრულდება.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით საფრანგეთი, იტალია, გერმანია და სხვები დათანახმდნენ ნატოს გაფართოებას?

ეს რომ ვიცოდე, ალბათ ნატოს გენერალური მდივანი ვიქნებოდი. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, საჭიროა ალიანსის ისეთ წევრებთან საუბრის და განხილვის გაგრძელება, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა. ნატო კონსესუსის ორგანიზაციაა. ყველა წევრს თანაბრად აქვს იმის გადაწყვეტილების უფლება, თუ რა უნდა მოხდეს ალიანსისთვის სამომავლოდ. ეს გვაჩვენებს იმის აუცილებლობას, რომ საუბარი და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა და ისეთ ქვეყნებთანაც, როგორიც თურქეთი,საბერძნეთი, უნგრეთი არიან. ყველას ხმა, ვინც გადაწყვეტილების მაგიდასთან ზის თანაბრად ისმის და ნებისმიერი გადაწყეტილება ერთობლივად მიიღება.

საქართველოსა და უკრაინაზე საუბრის გაგრძელება გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან ნატოს წევრებთან ერთად, არის გასაღები საფრანგეთისა და გერმანიის მხარეს ყოფნისთვის და იმის გასარკვევად, ერთ დღეს, ეს ერთობა როგორი შეიძლება იყოს.

თუმცა, ეს ნამდვილად ძალიან რთული კითხვა და თემაა, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ.

საქართველოში არიან პოლიტიკური ჯგუფები, ვინც თვლის, რომ ნატო-საქართველოს მომავალი, დროებით უნდა შენელდეს, ან შეჩერდეს და საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს. საქართველო-რუსეთის წარსულის გათვალისწინებით, როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?

საქართველოს მომავალი დასავლეთშია. დასავლეთის მიერ აღებული პასუხისმგებლობები საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნათელია. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირთანაა.

[დიალოგი რუსეთთან] ძალიან მძიმე განსახილველი იქნება, განსაკუთრებით დასავლეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ პასუხისმგებლობები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ძალიან ნათელია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG