ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ჩექმა ოკუპირებულ ქართულ მიწებზე


ოკუპანტები ნაგვალოუს პოლიგონზე, ოჩამჩირის რაიონში
ოკუპანტები ნაგვალოუს პოლიგონზე, ოჩამჩირის რაიონში

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს განაგრძობს და პარალელურ რეჟიმში, იქ განლაგებული საოკუპაციო დაჯგუფების გადაიარაღებასაც ახდენს. მეორე კვირაა ნაგვალოუს, გუდაუთის, წებელდისა და ძარწემის პოლიგონებზე რუსი ოკუპანტების ტაქტიკური წვრთნები, იქ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენებით მიმდინარეობს.

ოკუპირებული გულრიფშიდან 23 კილომეტრში, წებელდის პოლიგონზე, 500 ოკუპანტი, ახლახანს მიღებული - მოდერნიზებული T72 B3 ტიპის ტანკებით, BTR-82А ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებით და ბრონირებული Kamaz-Mustang-ებით ვარჯიშობს. წებელდაშივე საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან 9K33M2 Osa-AK და 9K35 Strela-10 რუსებმა 100-მდე გასროლა განახორციელეს.

რუსული BTR-82А ოკუპირებული წებელდის პოლიგონზე
რუსული BTR-82А ოკუპირებული წებელდის პოლიგონზე

ოკუპირებული ოჩამჩირიდან 5 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ნაგვალოუსთან, ზღვის სანაპიროზე კი რუსეთის მე-7 საოკუპაციო ბაზის არტილერისტები „პირობითი მოწინააღმდეგის“ სატანკო და საზღვაო იერიშის მოგერიების "ხერხებს ხვეწენ".

წვრთნაში აქაც 500-მდე ოკუპანტია ჩართული. ისინი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა - BM-21 Grad-ს, 152 მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარ - 2S3 Akatsiya-ს, 120 მმ-იან ნაღმტყოცნ - 2S12 Sani-ის, 122 მმ-იან ჰაუბიცა - D30-ს და უპილოტო საფრენ აპარატებს: Bird Eye 400, Orlan-10 და Granat-4 იყენებენ.

რუსი ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის ცაში
რუსი ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის ცაში

რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობის განცხადებით, 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, მარი ელიდან, მორდოვიიდან, უდმურტეთიდან და ასტრახანიდან 600-მდე ახალწვეული იქნა გადასროლილი. ერთ-ერთი მათგანი, ასტრახანელი რიგითი ალექსანდრე კირსანოვი ამბობს:

სამხედრო წვრთნის ამ ეტაპზე, ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ჩვენ მოვახდინეთ აფხაზეთის საზღვაო სანაპიროს დაცვა, „პირობითი მოწინააღმდეგის“ საზღვაო დესანტირებისა და თავდასხმის პირობებში“
ალექსანდრე კირსანოვი, რუსი ოკუპანტი

„სამხედრო წვრთნის ამ ეტაპზე, ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ჩვენ მოვახდინეთ აფხაზეთის საზღვაო სანაპიროს დაცვა, „პირობითი მოწინააღმდეგის“ საზღვაო დესანტირებისა და თავდასხმის პირობებში.“

რუსეთის 4-ე საოკუპაციო ბაზის სატანკო, საარტილერიო და მოტომსროლელი შენაერთებიდან, 1500-მდე ოკუპანტია ჩართული ძარწემის პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნაში, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან 10 კილომეტრის დაშორებით, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. რუსები აქ T72 BM-ის ტიპის ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების BMP-2-ისა და BMP-3-ის და თვითმავალი საარტილერიო დანადგარის 2S1 Gvozdika-ს გამოყენებით ვარჯიშობენ.

ოკუპანტები ძარწემის სამხედრო პოლიგონზე
ოკუპანტები ძარწემის სამხედრო პოლიგონზე

სოფელ ძარწემში ოკუპანტებმა ნოემბრის განმავლობაში სამხედრო ინჟინრები, გამნაღმველები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ამუშავეს, დამატებით 3 ათასი ჰექტარი ტერიტორია განაღმეს, გაასუფთავეს და სამხედრო პოლიგონს მიუერთეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ასევე შეეხო, С-300PC-ს და C-300GMU-1-ის სულ მცირე სამ დივიზიას, რომლებიც ოკუპირებული გუდაუთისა და გულრიფშის რაიონებში არიან განლაგებული. ეს დამანგრეველი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მოსკოვმა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეიყვანა, 2017 წლის მარტში კი მათი რაოდენობა გაზარდა.

რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300
რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას აფხაზეთში მხოლოდ მიესალმება:

დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა, ასევე, განლაგებული არიან რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ჯარები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“
რაულ ხაჯიმბა, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი

„დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა, ასევე, განლაგებულნი არიან რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ჯარები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ გაძლიერებას მხოლოდ მივესალმებით“

რუსი ჯარისკაცისადმი მადლიერების ნიშნად, სოხუმში სანაპიროზე, გასულ კვირას, რაულ ხაჯიმბამ „რუსი მშვიდობისმყოფელის“ ორ მეტრიანი ძეგლი გახსნა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს (1994-2008) დაღუპული 117 რუსი ჯარისკაცის ხსოვნას ეძღვნება.

ხაჯიმბა რუსი მშვიდობისმყოფელის ძეგლის გახსნაზე ოკუპირებულ სოხუმში
ხაჯიმბა რუსი მშვიდობისმყოფელის ძეგლის გახსნაზე ოკუპირებულ სოხუმში

მონუმენტის მშენებლობა რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „მიროტვორეცმა“ დააფინანსა, რომელსაც რუსი თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ევტეევი ხელძღვანელობს. ევტეევი 2002-2005 წლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის“ მეთაური იყო. სოხუმში აღმართული ძეგლის ავტორი კი მოქანდაკე სერგეი სუროვცევია.

ოკუპირებულ აფხაზეთამდე, რუსი „მიროტვორეცის“ ძეგლი 2017 წლის 5 დეკემბერს, მოლდოვის ტერიტორიაზე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლში გაიხსნა. 2016 წლის მარტში კი რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლში "მწვანე კაცუნებსაც" დაუდგეს ძეგლი.

"რუსი მშვიდობისმყოფელის" ძეგლი ოკუპირებულ ტირასპოლში
"რუსი მშვიდობისმყოფელის" ძეგლი ოკუპირებულ ტირასპოლში

„მწვანე კაცუნების" ძეგლი ოკუპირებულ სევასტოპოლში
„მწვანე კაცუნების" ძეგლი ოკუპირებულ სევასტოპოლში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG