ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმი-ბანია ლუკა: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი


ჰაჯიმბამ სერბთა რესპუბლიკის 16 კაციანი დელეგაცია ოკუპირებულ სოხუმში მიიღო

საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე „თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს“ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებას, ამჯერად, ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალმა სერბთა რესპუბლიკის (Republika Srpska) ოფიციალურმა დელეგაციამ დაარღვია.

ოკუპირებულ სოხუმში სერბთა რესპუბლიკის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე დუშანკა ტეგელტიას მეთაურობით, ქალაქების ბიელინასა და ზვორნიკის მერები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები და ბიზნესმენები სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სერბთა რესპუბლიკის საზღვრები ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში
სერბთა რესპუბლიკის საზღვრები ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში

ბოსნიელ სერბთა დელეგაცია გუშინ აფხაზთა ლიდერმა რაულ ჰაჯიმბამ მიიღო და სოხუმსა და ბანია ლუკას შორის „პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების“ სურვილი გამოთქვა. რაულ ჰაჯიმბამ კერძოდ თქვა:

როცა დიდი სახელმწიფოები ამა თუ იმ მიზეზით იშლებოდა, იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. თქვენი და ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს“
რაულ ჰაჯიმბა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი

„იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი მალე უფრო განვითარდება, ვიპოვით საერთო ენას და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. როცა დიდი სახელმწიფოები ამა თუ იმ მიზეზით იშლებოდა, იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. თქვენი და ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს “

სერბთა რესპუბლიკა იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისა (1991) და ბოსნიის სისხლისმღვრელი ომის შედეგად (1992-1995) წარმოიშვა. 1995 წლის 14 დეკემბერს მიღებული დეიტონის ცნობილი ხელშეკრულებით, ეს თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციის ნაწილია.

კარაჯიჩი (მარჯვნივ) ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 40 წლიან სასჯელს იხდის
კარაჯიჩი (მარჯვნივ) ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 40 წლიან სასჯელს იხდის

სერბთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი (1992-1996) ბოსნიის ომში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის გამო, 2016 წლიდან, 40 წლიან სასჯელს იხდის.

ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის განაჩენს ამ დრომდე ელის სერბთა რესპუბლიკის არმიის გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი რატკო მლადიჩი. კარაჯიჩის მსგავსად მლადიჩსაც გენოციდსა და სრებრენიცის ჟლეტაში ადანაშაულებენ, სადაც 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა 8000-ზე მეტი მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს.

მუსლიმ ბოსნიელთა გენოციდის მემორიალი სრებრენიცაში
მუსლიმ ბოსნიელთა გენოციდის მემორიალი სრებრენიცაში

2010 წლიდან სერბთა რესპუბლიკას ნაციონალისტი, რუსოფილი და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აქტიური მოკავშირე მიროსლავ დოდიკი მართავს.

დოდიკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცოგოვინას NATO-ში ინტეგრაციას, არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და სერბთა რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნა სურს. 2015 წლის ბოლოს, მან ბანია ლუკაში აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი „საგარეო მინისტრი“ ვიაჩესლავ ჩირიკბა მიიღო.

პრეზიდენტი დოდიკი „სერბული მიწების“ ანუ სერბთა რესპუბლიკის სერბეთთან გაერთიანების იდეით გამოდის. ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციიდან სერბთა რესპუბლიკის გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას დოდიკი 2018 წელს გეგმავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, „შიდა სერბული კონსენსუსის“ არარსებობის გამო რეფერენდუმი მომავლისთვის გადადო.

დოდიკისა და პუტინის ბანერი ბანია ლუკაში
დოდიკისა და პუტინის ბანერი ბანია ლუკაში

დოდიკი ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტიის „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირის“ (SNSD) ლიდერია, ამ პარტიას სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინაში (პარლამენტში) წამყვანი პოზიციები უკავია. SNSD-ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, სერბთა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ზორან ტეგელტია. სწორედ მისი მეუღლეა დუშანკა ტეგელტია, რომელმაც გუშინ ოკუპირებულ სოხუმში ყოფნისას სეპარატისტების ლიდერი სერბთა რესპუბლიკაში მიიპატიჟა:

მინდა ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც მალე იგრძნობთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას და ამიტომ, სერბთა რესპუბლიკაში გეპატიჟებით.“
დუშანკა ტეგელტია, სერბთა რესპუბლიკის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე

„აფხაზეთში ძალიან კარგად მიგვიღეს, მინდა ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც მალე იგრძნობთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას და სერბთა რესპუბლიკაში გეპატიჟებით.“

საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1995 წელს დამყარდა, თუმცა საელჩოები თბილისსა და ბელგრადში ამ დრომდე არ გახსნილა და არც უმაღლესი დონის შეხვედრები გამართულა. (ერთადერთი გამონაკლისი 2017 წლის ივნისში სერბეთის ახალი პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ინაუგურაციაზე საგარეო მინისტრ მიხეილ ჯანელიძის დასწრება იყო - ზ.წ) სააგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე პირდაპირ წერია, რომ „სერბეთთან ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებ აქტიურია“.

მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ინაუგურაციაზე, ივნისი 2017
მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ინაუგურაციაზე, ივნისი 2017

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ოფიციალური ბელგრადი როგორც გაეროში, ისე ევროსტრუქტურებში ცალსახად ანტიქართულ პოზიციას იკავებს. სერბეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგია.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, ხორვატიიდან გამოძევებულმა, თვითგამოცხადებული „სერბთა რესპუბლიკა კრაინას“ დევნილმა მთავრობამ (რომელიც 1995 წლიდან, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია განთავსებული) ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობაც“ სცნო. ამჯერად, ამ მიმართულებით ბოსნია ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკა აქტიურობს.

ბოსნიელ სერბთა დელეგაცია ოკუპირებულ სოხუმში
ბოსნიელ სერბთა დელეგაცია ოკუპირებულ სოხუმში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში სერბთა რესპუბლიკის, სირიის, ე.წ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დნესტრისპირეთის“ დელეგაციების უკანონო ვიზიტები და ამ ნაბიჯებს, რუსეთის მხრიდან, „სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციისა და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონების“ მორიგი მცდელობა უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG