ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი დაქირავებულების უფროსი ამბობს, რომ ბახმუტი პრაქტიკულად ალყაშია


უკრაინელი მებრძოლები
უკრაინელი მებრძოლები

პარასკევს, რუსეთის ჯარი და დაქირავებული მებრძოლები ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქ ბახმუტისკენ მიმავალ ბოლო გზებს საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ და სისხლიანი ომის ბოლო 6 თვეში, მოსკოვისთვის პირველ მნიშვნელოვან გამარჯვებას უახლოვდებოდნენ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტი ალყაშია. დაქირავებულთა ჯგუფ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნანგრევებად ქცეული ქალაქი ახლა თითქმის მთლიანად ალყაშია და უკრაინის ჯარისთვის ღია მხოლოდ ერთი გზა რჩება.

სააგენტო „როიტერი“ აკვირდებოდა რუსების მიერ ბახმუტისკენ მიმავალი გზების ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვას, რაც აშკარად იმისთვის კეთდებოდა, რომ უკრაინული ძალებისთვის ქალაქში შესვლა და გამოსვლა დაებლოკათ. მეზობელ ქალაქ ხრომოვეში, რუსულმა ტანკებმა ხიდი დააზიანეს.

უკრაინელი ჯარისკაცები დაზიანებული გზების აღდგენაზე მუშაობდნენ და ფრონტის ხაზისკენ მეტი ჯარი მიდიოდა, რაც იმის ნიშანია, რომ უკრაინელები ქალაქ ბახმუტის დათმობას არ აპირებდნენ. ისინი თავდაცვითი პოზიციებისთვის ახალ სანგრებს თხრიდნენ.

ბახმუტში გამარჯვებამ, ქალაქში, რომლის ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 70 ათასი იყო, შესაძლოა რუსებს ზამთრის დიდდანაკარგებიანი შეტევის შემდეგ, ფრონტის ხაზიდან პირველი ჯილდო მისცეს. ზამთრის შეტევის წინ, რუსეთმა ასობით ათასი რეზერვისტის მობილიზაცია მოახდინა. ბახმუტი შესაძლოა მიმდებარე დონბასის რეგიონის - რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში დაწყებული ომის მნიშვნელოვანი სამიზნის - დაპყრობისთვის, საყრდენი საფეხური გახდეს.

უკრაინა ამბობს, რომ ქალაქს თავისთავად მცირე სტრატეგიული ფასეულობა გააჩნია, მაგრამ არ არის გამორიცხული, იქ განცდილმა დანაკარგებმა, ამ ეტაპზე ომის კურსი განსაზღვროს. უკრაინამ 2022 წლის მეორე ნახევარში ტერიტორიების ნაწილები დაიბრუნა, მაგრამ ახლა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, უმეტესად თავდაცვაზეა გადასული.

ორივე მხარე ამბობს, რომ ბახმუტში მოწინააღმდეგეს დამანგრეველი ზიანი მიაყენა. კიევმა განაცხადა, რომ მისი ძალები იქ პოზიციებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. თუმცა, იმავდროულად აღიარა რომ ამ კვირაში ვითარება გაუარესდა.

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ნაზარენკომ უკრაინულ რადიოს უთხრა რომ ვითარება „კრიტიკული“ იყო, ბრძოლები ბახმუტთან „დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში“ მიმდინარეობდა.

„ისინი ქალაქის იერიშით აღების მცდელობისას დანაკარგებს არ ითვლიან. ბახმუტში ჩვენი ძალების ამოცანაა, მტერს შეძლებისდაგვარად მეტი დანაკარგი განვაცდევინოთ. უკრაინის მიწის ყოველი მეტრი, მტერს ასობით სიცოცხლე უჯდება. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ამუნიცია გვჭირდება. იქ ბევრად მეტი რუსია, ვიდრე მათი განადგურებისთვის საჭირო ამუნიცია გვაქვს,“ თქვა ნაზარენკომ.

XS
SM
MD
LG