ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიგარეტის საწინააღმდეგო კამპანია რუსეთში


მედვედევის რეფორმა ძალაში 2015 წელს შევა

სიგარეტის მწეველთა რაოდენობის მიხედვით რუსეთი მსოფლიოს ლიდერთა შორისაა. რუსების 40 პროცენტზე მეტი ეწევა. ქვეყნის პრემიერ მინისტრი, დმიტრი მედვედევი სიტუაციის შეცვლას ცდილობს. მისი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, 2015 წლამდე საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალება. ამასთან ერთად აიკრძალება ყველანაირი რეკლამა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იქნება დაკავშირებული.

მედვედევი ამ შეზღუდვებზე გაჩერებას არ აპირებს. ის სიგარეტის გაყიდვაზე გადასახადების გაზრდასაც გეგმავს. და ეს ხდება ქვეყანაში, რომელშიც ერთი კოლოფი სიგარეტი დღეს დოლარზე ნაკლები ღირს. აღნიშნული გეგმის შესახებ საუბარი პრემიერ მინისტრის მიერ ბლოგზე გამოქვეყნებული ვიდეოფირის შემდეგ დაიწყო. მასში მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთში წელიწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპება და ამ მონაცემთა იგნორირება ყოვლად დაუშვებელია.

„ყოველწლიურად ერთი დიდი ქალაქის მოსახლეობა რუკიდან თამბაქოს მოწევის გამო ქრება. სიკვდილი კიბოს შემთხვევაში ხანგრძლივი წამების შედეგად დგება. ხშირად უცაბედიც არის, ინფარქტის ან ინსულტის გამო,“- აცხადებს პრემიერი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რუსეთს მთელ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილი უჭირავს. პირველზე ჩინეთია. უახლესი სტატისტიკური კვლევების მიხედვით, მწეველ ქალთა რაოდენობა რუსეთში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტემპით იზრდება. თუკი დაახლოებით 10 წლის წინ რუსი ქალების მხოლოდ 7 პროცენტი ეწეოდა, დღეს ეს ციფრი 22-მდეა გაზრდილი. ჯანდაცვის სამინისტროს განსახილველად ახალი კანონმდებლობა გადაეცა, რომლის მიხედვითაც მოწევის საწინააღმდეგო კამპანია სახელმწიფო რეგულაციებით განისაზღვრება და რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ითვალისწინებს.

მოსახლეობის ნაწილი ცვლილებას მხარს უჭერს. მოსკოველი ვლადიმირი არამწეველია და თვლის, რომ მწეველები მის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

არა, არ მსიამოვნებს იმ შენობაში ყოფნა, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა,“ - ამბობს ის.

თუმცა, ყველა ვლადიმირივით არ ფიქრობს. მწეველები ახალი რეგულაციების წინააღმდეგი არიან და ამბობენ, რომ რეფორმა მათ უფლებებს ლახავს. მათი თქმით, ზრდასრულ ადამიანებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავად უნდა შეეძლოთ.

პრემიერი მედვედევი წინააღმდეგობის მიუხედავად რეფორმის გატარებისთვის ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ მისი მიღება აუცილებელია. დოკუმენტი რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, მის ჯანმრთელობას და მომავალს ეხება. ამიტომ მისი მიღება აუცილებელი და დროულიცაა - აღნიშნავს პრემიერი.

კანონის მიღებამდე რეფორმა დუმაში ორივემ - ქვედა და ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იდეალურ ვარიანტში, თუკი კანონი ძალაში შევა, მთავრობას საკმარისი ინფრასტრუქტურა მაინც არ გააჩნია, რომ თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კანონის დანერგვისთვის აუცილებელი ზომები დროულად გაატაროს.
XS
SM
MD
LG