ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპულარულ სტუდენტებს შორის მეტი მწეველია


Popular Youth at Higher Risk for Smoking

კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები შეერთებული შტატებიდან და მექსიკიდან

ათი წლის მანძილზე ჩატარებული ოთხი კვლევის თანახმად, საშუალო და დამამთავრებელი კლასების პოპულარულ მოსწავლეებს შორის ყველაზე მეტი მწეველია. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები შეერთებული შტატებიდან და მექსიკიდან. თუმცა, კვლევის მთავარი ავტორი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგების განზოგადება სხვა ქვეყნებზეც არის შესაძლებელი. ელიზაბეტ ლი მოგვითხრობს დეტალებზე ლოს ანჟელესიდან.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის პროფესორის, ტომ ვალენტეს თქმით, თამბაქოს პოპულარული სტუდენტები ეწევიან, რომლებიც ნაკლებად პოპულარულ მოსწავლეებთან შედარებით მწეველებად უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდებიან.

„პოპულარობას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ნიშნავს იმას, რომ პოპულარობის გარკვეული დონე უნდა შეინარჩუნო,” - ამბობს ვალენტე.

სიგარეტის მოწევა კი ამ სტატუსის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ვალენტეს თქმით, მეტი ალბათობაა, რომ სტუდეტები, რომლებმაც მოწევა მეცხრე და მეათე კლასებში დაიწყეს, სხვა მწეველებს დაუმეგობრდებიან.

„არ ვთვლი, რომ არსებობს რაიმე მიზეზი იმისათვის, რომ ამ კვლევის შედეგები ერთი რომელიმე კონკრეტული დემოგრაფიული, ეთნიკური ან კულტურული ჯგუფის წარმომადგენლით შევზღუდოთ,” - განმარტავს ვალენტე.

წარმოშობით ესპანელმა ბეა დონოსომ, რომელიც ახლა კოლეჯში სწავლობს, მოწევა დამამთავრებელ კლასებში დაიწყო. მისი თქმით, ის პოპულარული იყო.

„მოწევა იმიტომ დავიწყეთ, რომ მეგობრებთან ერთად წვეულებებზე ვხვდებოდით; წამოვიწყეთ ისეთი რამ, რაც მეგობრებთან ყოფნის საშუალებას მოგცემდა და პოპულარობას მოგვიტანდა,” - ამბობს ბეა დონოსო.

27 წლის ხალიდ აბუსუბაითმა, რომელიც საუდის არაბეთიდანაა, მოწევა 15 წლის ასაკში დაიწყო. ამბობს, რომ თავის დანებება სურს, თუმცა, ეს მარტივი არ არის.

„მოწევას თავი 6 თვით დავანებე და შემდეგ ისევ დავუბრუნდი,” - ამბობს ხალიდი.

კარა ლი სამხრეთ კალიფორნიაში 25,000-იანი სასკოლო უბნის კონსულტანტია ალკოჰოლისა და თამბაქოს განათლების საკითხებში. მისი თქმით, რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, მით უფრო რთულია თავის დანებება.

„უამრავი კვლევაა ჩატარებული ტვინის განვითარებაზე ნარკოტიკებისა და თამბაქოს ზეგავლენის შესახებ -- იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ადამიანი მათზე, როდესაც მათ მოხმარებას ადრეულ ასაკში იწყებს. ნარკოტიკები და თამბაქო, ნამდვილად, ქმნის ამ დამოკიდებულებას,” - განმარტავს კარა.

თუმცა, ლი თვლის, რომ ნამდვილად პოპულარული მოსწავლეები ისინი არ არიან, ვინც ეწევიან.

„დანამდვილებით ვხედავ ალტერნატიულ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ იმ კატეგორიებში მოხვდნენ, თუ ვინ თვლის თავს პოპულარულად ან ვის სურს პოპულარობა. შესაძლოა ისინი თვლიან, რომ საჭიროა მოწევის მსგავსი სარისკო ნაბიჯების გადადგმა, რათა საკუთარი თავს უკეთესი იმიჯი შეუქმნან,” - ამბობს კარა ლი.

იმავე სასკოლო უბნის სტუდენტებისა და ოჯახების სამსახურის ხელმძღვანელი, სინტია გომესი ამბობს, რომ ბავშვის ცხოვრებაში დგება კრიტიკული ეტაპი, როდესაც განისაზღვრება, განავითარებს თუ არა მოსწავლე ისეთ მავნე ჩვევას, როგორიც არის მოწევა.

„თერთმეტიდან 15 წლამდე ბავშვები, ანუ მეექვსე-მეცხრე კლასის მოსწავლეები განვითარების იმ ეტაპზე არიან, როდესაც მათ დიდი ყურადღება სჭირდებათ,” - განმარტავს სინტია გომესი.

ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაში ბავშვებს ზოგიერთი საშუალო სკოლის მოხალისე მოსწავლეებიც ეხმარებიან. 16 წლის ვიქტორია სმიტის თქმით, როდესაც ის მეხუთე და მეექვსე კლასელ მოსწავლეებთან კონსულტაციებს ეწეოდა, სიგარეტთან დაკავშირებით მათი შეხედულებების შეცვლა უწევდა.

„მათ იცოდნენ, რომ სიგარეტი ცუდია, მაგრამ მაინც მიაჩნდათ, რომ მოწევა იმ თვალსაზრისით არის კარგი, რომ ეს მათ სკოლაში პოპულარობას მოუტანს,” - ამბობს სმიტი.

თოთხმეტი წლის ჯანილ რივასი ამბობს, რომ მოსწავლე-კონსულტანტები გაცილებით ეფექტურია ბავშვებში, ვიდრე უფროსი ასაკის მრჩევლები.

„ჩემი ნათქვამი უფრო მეტად იმოქმედებს მათზე, რადგან მე იმავე ასაკობრივ ჯგუფს წარმოვადგენ,” - ამბობს ჯანილი.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, პოზიტიური მისაბაძი მაგალითები სკოლაში, რომელსაც თან ერთვის სახლში სასარგებლო ღირებულებების ჩანერგვა, ბავშვებს ჯანსაღი წესის არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG