ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის ცხოვრება


ქალაქის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ახალი ინიციატივა

რა თქმა უნდა ყველასთვის არა, და არც ყველგან, მაგრამ დაბალშემოსავლიანი ნიუ იორკელებისთვის ეს შეღავათი ივლისის დასაწყისიდან წარმატებით მოქმედებს: ფერმერთა ბაზრობებზე ხილ-ბოსტნეულზე დახარჯულ ყოველ 5 დოლარზე ისინი 2-დოლარიან კუპონს იღებენ, შესაბამისად 20 დოლარზე - 8-ს, 100-ზე კი - 40 დოლარის ოდენობის კუპონებს. მათი გამოყენება ქალაქის 5-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განლაგებულ 138 ფერმერთა ბაზრობაზე შეიძლება.

ნიუ იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ახალ ინიციატივას ქალაქში Health Bucks - ჯანმრთელობის ფულს - ეძახიან. ევა ანჰოლდმა ხილის და ბოსტნეულის საყიდლად 20 დოლარი დახარჯა. გამყიდველმა მას ნავაჭრთან ერთად 8 დოლარის ოდენობის კუპონები გაუწოდა, რომლის გამოყენებაც ევას ისევ მხოლოდ ახლადდაკრეფილ ხილზე და ბოსტნეულზე შეუძლია.

ცოტაოდენი ფულით ოჯახის ბიუჯეტის გაზრდა შეიძლება. სწორედ ამიტომ „ჰელს ბაქსი“ კარგ წამოწყებად მიმაჩნია“ - ამბობს ევა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ქალაქის მერმა თანამოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვა სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანიების დაფინანსებით დაიწყო. შემდეგ იყო ჯანმრთელი კვების და ჭარბწონიანობასთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები, რომელიც არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ნიუ იორკის რესტორნებში ჯერ ტრანს-ცხიმების, არაჯანსაღი ცხიმოვანი მჟავების, ტრანს-იზომერების, შემცველი საკვები აიკრძალა. მაიკლ ბლუმბერგის მომდევნო რეგულაცია რესტორნების მენიუში თითოეულ პროდუქტზე კალორიის რაოდენობის მითითების შესახებ გამოვიდა. მაშინ კაფე-რესტორნების მეპატრონეთა უკმაყოფილება კალორიების დაანგარიშების და ახალი მენიუების დაბეჭდვის ხარჯებმა გამოიწვია.

სულ რამდენიმე თვის წინ ბლუმბერგის მიერ ნიუ იორკის რესტორნებში, სტადიონებზე, კინოთეატრებსა და მაღაზიებში დიდი ზომის გაზიანი სასმელების გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას მოსახლეობის მხრიდანაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთმა ეს ნაბიჯი ადამიანის უფლებების, არჩევანის უფლების დარღვევადაც კი შეაფასა.

ახალი პროგრამა, რომელსაც ქალაქში ჯანმრთელობის ფულს ეძახიან, ნიუ იორკში ბევრად უფრო პოპულარულია. მას ორგანიზაცია Greenmarkets Grow NYC, ახორციელებს. ქართულად ის შეიძლება ასე ითარგმნოს: ნიუ იორკის მწვანე ბაზრების ნაწარმი. პროგრამის მიზანია დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ფულადი წახალისებით სწორი, ჯანმრთელი კვების ჩვევა გამოუმუშავდეს.

ინიციატივის მიღმა ჯანდაცვის რეალური სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიხედვითაც ჭარბწონიანობა და მასთან ასოცირებული დაავადებები სწორედ დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენაში ჭარბობს. პროგრამა ქალაქს 350 ათასი დოლარი დაუჯდა და მისი მოქმედების ვადა 2012 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით არის გათვალისწინებული. ალექსის სტივენსი, პროგრამის ხელმძღვანელი, ნიუ იორკის მერიის თანამშრომელია.

ჩვენი ბაზრობის დირექტორი ყვება, რომ ხალხი უზომოდ კმაყოფილია. კუპონების ჩუქება ძალიან უხარიათ და ათას მადლობას იხდიან“ - ამბობს ის.

ქალაქის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ პროგრამის რეალური შედეგის გამოჩენას მართალია დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყოველივე ქალაქის ჯანდაცვას მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს. ნიუ იორკის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა სწორ კვებას მიეჩვევა, ჭარბწონიანთა რაოდენობა შემცირდება და შესაბამისად ჯანმრთელობის პრობლემებიც იკლებს. ამასთან ერთად ფერმერების და ბაზრებზე მოვაჭრეთა წახალისებაც ხდება, რადგან მათთვის ნავაჭრის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ოდნავ ხელის გამართვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთს ესა თუ ის ხილი ან ბოსტნეული გასინჯულიც არ აქვს და ჩემგან იტყობს ამა თუ იმ პროდუქტის სახელს, თუ მის სარგებლიანობას. ეს პროგრამა ხალხს თუ მეტი ხილის და ბოსტნეულის მიღებას მიაჩვევს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს“ - ამბობს ზაიდ კურდეჰი, ნოვიჩ მიდოუს ფერმიდან.

კარგი წამოწყებაა. მე ბედნიერებას მანიჭებს. მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი მოყვანილი და მოვლილი პროდუქტი“ - ეს ლავი მურჯენკოა, უბრალო ენთუზიასტი, რომელიც მებაღეობითაა გატაცებული.

ასე რომ ქალაქის მერის ახალი ინიციატივა ნიუ იორკში ხალისით და ენთუზიაზმით იკიდებს ფეხს. მაიკლ ბლუმბერგს იმედი აქვს, რომ თანამოქალაქეებს შორის სწორი კვების ჩვევა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი თანდათან უფრო პოპულარული გახდება და დროთა განმავლობაში უფრო მეტად დამკვიდრდება.
XS
SM
MD
LG