ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები არჩევანის გარეშე - რუსეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


რუსეთის საპარლამენტო და რეგიონულ არჩევნებში, რომელში მონაწილეობაც თითქმის მთელ ოპოზიციურ სპექტრს აკრძალული ჰქონდა, მმარველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ხმათა თითქმის 50 % მოიპოვა, რაც მცირედით, 6 %-ით ნაკლებია მის ამჟამინდელ პოზიციებთან შედარებით და საკონსტიტუციო უმრავლესობაც შეინარჩუნა. პარტია სახელმწიფო გამოკითხვების თანახმადაც კი, ორი ათწლეულის განმავლობაში ახლა ყველაზე ნაკლებ პოპულარული იყო და მისი საქმიანობა მოსახლეობის 30 %-ზე ნაკლებს მოსწონდა. საარჩევნო კომისიის მიხედვით, მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია, ხმათა 19 %-ით. ანალიტიკოსები საარჩევნო პროცესს „პოლიტიკურ თეატრსა“ და „ლეგიტიმაციის წარუმატებელ რიტუალს“ უწოდებენ.

მზარდი რეპრესიების ფონზე რუსეთში საპარლამენტო, რეგიონული და ადგილობრივი არჩევნების კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო ახსნილი, თუმცა კრიტიკოსები ფართომასშტაბიან გაყალბებაზე და წინასაარჩევნო გარემოს ძალადობრივ მახასიათებლებზე საუბრობდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში პირველად, არჩევნებზე დაკვირვების საშუალება ასევე კოვიდ-შეზღუდვების საბაბით არ მიეცათ ეუთოს დამკვირვებლებსაც. აქტივისტები ამბობენ, რომ არჩევნები კენჭისყრის დღემდე უკვე არალეგიტიმური და გაყალბებული იყო, რადგან რეალურ, და არა ფასადურ, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლეოდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები კი უკიდურესი წნეხის პირობებში ფუნქციონირებდნენ ან ამა თუ იმ რეპრესიული კანონის გამო საერთოდ ვერ ახერხებდნენ თავიანთი მისიის შესრულებას. არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, "უცხო ქვეყნის აგენტების", "ექსტრემისტული" თუ "არასასურველი ორგანიზაციების" სია განსაკუთრებით გაიზარდა.

"პოლიტიკური თეატრი"

ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

„ისიც კი საკამათოა, შეგვიძლია თუ არა საერთოდ, რუსეთში ოპოზიციის შესახებ საუბარი. ტერმინი „ოპოზიცია“ დემოკრატიას უკავშირდება. ოპოზიციის წევრები, როგორც წესი, სხედან პარლამენტში ან სატელევიზიო შოუებში, მონაწილეობენ არჩევნებში. ამ რეჟიმის უმთავრესი მოწინააღმდეგეები კი ან ცოცხლები აღარ არიან, ან ციხეში არიან, ან ქვეყნიდან გაიქცნენ“, - ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა, აქტივისტი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯდომარე.

რაც შეეხება პარტიებს, რომლებიც „ერთიანი რუსეთის“ გარდა, არჩევნებში მონაწილეობდნენ და საკანონმდებლო ორგანოშიც უმცირესობით შევლენ, ოპონენტთა აზრით, ისინი ფასადურია, სისტემის ნაწილია და მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნებას ემსახურება. თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, ამ არჩევნების შესახებ - არაფერია დემოკრატიული.​

„ეს არჩევნები ფარსია, პირდაპირ ვიტყვი. ამ არჩევნების შესახებ არაფერია დემოკრატიული“, - ამბობს სტივენ ბლენკი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი. „კანდიდატები წინასწარაა განსაზღვრული, წარსული გამოცდილებიდანაც ვიცით, რომ რეგიონებშიც ლიდერები მოსკოვიდან იღებენ ბრძანებებს, რომ პუტინისა და „ერთიანი რუსეთისთვის“ 60-70 %-იანი მხარდაჭერა უზრუნველყონ თავიანთ რეგიონებში. რეჟიმის ოპონენტებს უფრო და უფრო მკაცრად ავიწროვებენ. ვხედავთ ყველა მხრიდან ტოტალურ შევიწროვებას, მათ შორის მედიისაც. ქვეყანაში საინფორმაციო „ბლოქაუტია“. წინასაარჩევნოდ იბლოკება ოპოზიციური კანდიდატების ფინანსური თუ სხვაგვარი დახმარების მცდელობაც. ვიცით, რომ ყველა არჩევნები, პრაქტიკულად 1996 წლის შემდეგ, გაყალბებულია. პუტინის ხელში, ამ არჩევნებს დემოკრატიულად ვერაფერი აქცევს“, - განმარტავს ბლენკი.

გაყალბების ინოვაციური გზები და ორი განსხვავებული რეალობა

​დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, „გოლოსმა“ თქვა, რომ უბნებზე 5 000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არ არსებობს ფაქტები, რომლებიც გაყალბების ფართო მასშტაბებზე მიუთითებს. მათ კრემლის მოწინააღმდეგეებს „ფაბრიკაციაში“ დასდეს ბრალი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანი დარღვევა“ საერთოდ არ დაფიქსირებულა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები... ზოგან კი გრძელი რიგები საარჩევნო უბნებთან, განსაკუთრებით კი პოლიციის შენობებში გახსნილ უბნებთან.

თუკი ხმათა ფიზიკური დათვლის შედეგებს ელექტრონულ შედეგებს შევადარებთ, ეს ორი განსხვავებული ქვეყანა იქნება, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ელექტრონული სისტემის შედეგებს კი საერთო არაფერი აქვს რუსეთის მოქალაქეების რეალურ განწყობასთან,
- ვლადიმირ კარა-მურზა.

“ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უიტმორი ამბობს, რომ წლევანდელი არჩევნები რუსეთში კვლავ ის პროცესია, როდესაც ვიცით, რომ „კრემლს შეუძლია არჩევნების გაყალბება და გვაჩვენებენ, რომ დიახ, კიდევ ერთხელ შეუძლიათ არჩევნების შედეგების შეცვლა“. უიტმორი წლების განმავლობაში „ძალაუფლების ვერტიკალის“ ბლოგისა და პოდკასტის ავტორი და წამყვანი იყო, ასევე „რადიო თავისუფლების“ წამყვანი ანალიტიკოსი რუსეთის საკითხებში.

„გაყალბების შესახებ ცნობები იყო მასშტაბური და კარგად დასაბუთებული. ამას ველოდით კიდეც. მაგრამ, როდესაც რუსულ არჩევნებს ვაკვირდებით, ამას უნდა მივუდგეთ, როგორც „პოლიტიკურ თეატრს“ და ვფიქრობ, არც ეს სპექტაკლი წარიმართა საკმარისად კარგად“, - ამბობს უიტმორი და გარდა გაყალბების მასშტაბური ძალისხმევისა, ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის 45 %-ზე მეტის მობილიზებაც კი ვერ შეძლო. მისი თქმით, კრემლმა ვერ მოიპოვა ის საკმარისი ლეგიტიმაცია, რომლის მიღწევაც ამ არჩევნებით სურდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად გაყალბების ტრადიციული მეთოდების მასშტაბური გამოყენებისა, კრემლს წელს ახლადდანერგილი ელექტრონული სისტემით მანიპულირებაც დასჭირდა. ამ უკანასკნელის გაყალბების ინსტრუმენტად გამოყენებას კი ექსპერტების აზრით, ფიზიკურად, „ხელით დათვლილი ბიულეტენებისა“ და ელექტრონული დათვლის შედეგების რადიკალური განსხვავება ადასტურებს.

„ხმების დათვლის პროცესს მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში დავესწარი. იქ წლების განმავლობაში რეალური შედეგები გვქონდა ხოლმე. 2013 წელს ამ უბანში მოსკოვის მერის არჩევნებში ალექსეი ნავალნიმ გაიმარჯვა“, - ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა. „ამ უბანში ხმების 27 % კომუნისტური პარტიამ მიიღო, ამაში დიდი წვლილი ცხადია „ჭკვიანური კენჭისყრის“ აპლიკაციას მიუძღვის. 20% - „ერთიანმა რუსეთმა“ აიღო და 19 % კი - პარტია „იაბლოკომ“ - ერთადერთმა ნამდვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც უფლება მიეცა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში“.

„ჭკვიანური ხმის მიცემის“ აპლიკაცია დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ინიცირებული სისტემაა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ის კანდიდატები, რომლებიც პარტია „ერთიან რუსეთს“ არ წარმოადგენენ და გამარჯვების შანსი აქვთ. მოქალაქეებს კი ზოგ შემთხვევაში სწორედ მათ მხარდაჭერას ურჩევენ. თუნდაც ისინი კრემლისგან სრულად დამოუკიდებელი კანდიდატები არ იყვნენ.

ვიცით, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში 2016 წელს. პუტინი ცდილობს ე.წ. „ყალბი ექვივალენტობის“ შექმნას, ცრუ ტოლობის ნიშნების დასმას. ასევე, ესაა ერთგვარად წყლის ამღვრევის სტრატეგიაც: რუსეთის მოსახლეობისა და ქვეყნის გარეთ მყოფთათვისაც რთული გახადოს სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა,
- ლინკოლნ მიტჩელი

ამასთან, მაშინ, როდესაც, როგორც წესი, ელექტრონული კენჭისყრის შედეგები უბნების დახურვიდან ძალიან მალევე შეიძლება იყოს გამოქვეყნებული, თითქმის 24 საათის შემდეგაც მოქალაქეებმა მისი შედეგები არ იცოდნენ. შედეგების გამოცხადება განსაკუთრებით გაჭიანურდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბუგრში. აქტივისტების განცხადებით, ეს მიუთითებს, რომ იქ რუსეთის ხელისუფლება შედეგების მანიპულაციას და ოქმების გადაწერას ცდილობდა.

ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ თუკი ადრე ფიზიკური ძალისხმევა - ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. კარუსელები და სხვა, საკმარისი იყო, ახლა ამ ყველაფერთან ერთად, ელექტრონულმა სისტემამ, რომელიც ახლა მხოლოდ 10-ზე ნაკლებ რეგიონში, მომავალ არჩევნებში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება გამოყენებული, გაყალბებას უპრეცედენტო მასშტაბები შესძინა:

„ამჯერად უბრალოდ გამოგონილი მილიონობით ხმა იქნება ჩათვლილი ელექტრონულად, რომელთა გადამოწმებასაც ვერანაირად ვერავინ შეძლებს. არავინ იცის რეალურად როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა, არ ვიცით როგორ ითვლება ხმები, არ არსებობს მისი კონტროლის ან მასზე დაკვირვების გზა. მათ შეუძლიათ დაწერონ ნებისმიერი შედეგი, რაც კი მოესურვებათ... თუკი ხმათა ფიზიკური დათვლის შედეგებს ელექტრონულ შედეგებს შევადარებთ, ეს ორი განსხვავებული ქვეყანა იქნება, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ელექტრონული სისტემის შედეგებს კი საერთო არაფერი აქვს რუსეთის მოქალაქეების რეალურ განწყობასთან“, - ამბობს კარა-მურზა.

ინტერნეტი საფრთხეში

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი მარია სნეგოვაია თქმით ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი მიგნება სწორედ ის იყო, რომ ნათელი გახდა, „ერთიანი რუსეთი“ ხმათა უმრავლესობას ვერ მიიღებდა და ის დიდი განსხვავებით აგებდა, განსაკუთრებით - მოსკოვსა და პეტერბურგში. გაყალბების ძველი, ტრადიციული მეთოდები კი საკმარისი აღარ იყო და „გაყალბების ინოვაციური მეთოდები იყო საჭირო“. ამიტომ, ოპოზიციას სწორედ გაყალბების ინოვაციურ გზებთან გამკლავება მოუწევს.


სნეგოვაია განმარტავს, რომ კრემლი ბოლო პერიოდში არა მხოლოდ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ავიწროვებს, არამედ, სხვა ჯგუფების რეპრესიასაც ამკაცრებს, მათ შორის უნივერსიტეტების, ახალგაზრდული გაერთიანებების, და რაც ყველაზე საშიშია - ინტერნეტის. „მომავალი კრემლის წინააღმდეგაა“, - ამბობს მკვლევარი და დასძენს, რომ ინტერნეტი ქვეყნისთვის საშიშროებად ეროვნული უსაფრთხოების თაობაზე კრემლის განახლებულ დოქტრინაშიც კია წარმოდგენილი.

სწორედ ამიტომ, მკვლევარის თქმით, განსაკუთრებით სახიფათო შესაძლოა იმის მსგავსი გადაწყვეტილებები აღმოჩნდეს, რაც დასავლურმა კომპანიებმა სწორედ არჩევნების დღეს მიიღეს. კენჭისყრის უბნების გახსნის პარალელურად „ეფლისა“ და „გუგლის“ საძიებო სისტემიდან გაქრა „ჭკვიანური კენჭისყრის“ აპლიკაცია.

რუსეთი დასავლეთს, კერძოდ კი ამერიკულ ტექნო-გიგანტებს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში სდებს ბრალს. ამ საქმესთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყებამ ამერიკის ელჩიც გამოიძახა.

ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ეს „ყალბი ექვივალენტობის“ და ტოლობის ნიშნების დასმის კიდევ ერთი მცდელობაა.​

“ჩვენ პუტინისგან მსგავსი რამ ადრეც გვინახავს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში 2016 წელს. შეიძლება სხვადასხვა ასპექტზე ვიდავოთ, მაგრამ ამის შესახებ ეჭვი არ არსებობს. ამგვარი ქმედებით კი [ახლა] პუტინი ცდილობს ე.წ. „ყალბი ექვივალენტობის“ შექმნას, ცრუ ტოლობის ნიშნების დასმას, „თქვენ ჩვენ გვადანაშაულებთ, ჩვენ კი თქვენ დაგადანაშაულებთ. მეორე მხრივ, ესაა ერთგვარად წყლის ამღვრევის სტრატეგიაც, რუსეთის მოსახლეობისა და ქვეყნის გარეთ მყოფთათვისაც რთული გახადოს სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა. ჩვენ იგივე ვიხილეთ უკრაინაში 2014 წელს და მანამდეც“, - ამბობს მიტჩელი.

ანალიტიკოსებიც განმარტავენ, რომ ავტორიტარული რეჟიმების მოთხოვნებთან დამორჩილება შესაძლოა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის საგანიც კი გახდეს.

„ფაქტმა, რომ „ეფლმა“ და „გუგლმა“ გამოხატეს მზაობა, რომ დამორჩილებოდნენ ცენზურას, კრემლს მწვანე შუქი აუნთო. ვნახავთ ბევრ ამგვარ პრაქტიკას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ დიქტატორული სტანდარტებისთვის დამორჩილება დიდი პრობლემაა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს განხილული და იმედი მაქვს, გამოსავალი იქნება ნაპოვნი. რადგან სხვაგვარად, ჩვენ ვხედავთ ისეთი ინტერნეტის დასასრულს, როგორიც ის არის. კრემლისთვის საინფორმაციო მონოპოლია უმნიშვნელოვანესია და წარსულშიც კონტროლში ეს არაერთხელ დახმარებია. ვფიქრობ, ეს საკითხი ნამდვილად შეიძლება დადგეს კონგრესის დღის წესრიგში და შესაძლებელი გახდეს, ტექნოლოგიური კომპანიების დიქტატორების რეგულაციებში მოქცევა“, - ამბობს სნეგოვაია.

რუსეთში ჩატარებული არჩევნები უკვე დაგმეს დასავლეთის ქვეყნებშიც. ევროკავშირის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ არჩევნებს შესაბამისი დაკვირვების პირობებში არ ჩაუვლია და ის არც თავისუფალი იყო და არც სამარლიანი. მსგავსი განცხადებები გააკეთეს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებშიც.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „დუმის არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალ და სამართლიან პროცესს ხელს არ უწყობდა.“ არჩევნების წინა პერიოდში კი, რუსეთის მთავრობის მიერ “ექსტრემისტული ორგანიზაციების”, "უცხოეთის აგენტების” და “არასასურველი ორგანიზაციების” წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის გამოყენებამ "მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და რუს ხალხს, მისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენებაში ხელი შეუშალა".

პუტინის ხელში, ამ არჩევნებს დემოკრატიულად ვერაფერი აქცევს,
- სტივენ ბლენკი

გარდა ფართოდ გავრცელებული გაყალბებისა, რომელზეც ოპოზიცია და დასავლური ორგანიზაციები საუბრობენ, დასავლეთში უპირობოდ არალეგიტიმურად მიიჩნევენ არჩევნების შედეგებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არ ცნობს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უჭერს მხარს.

მართალია პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას რუსეთში ამ არჩევნების შემდეგ, თითქმის არავინ ელოდა, მაგრამ ბრაიან უიტმორი ამბობს, რომ ეს 2024 წლამდე ბოლო ფედერალური მასშტაბის არჩევნებია და ვლადიმირ პუტინისთვის, რომელსაც ამ წელს კიდევ ერთხელ ეწურება პრეზიდენტობის ვადა, საკანონმდებლო ორგანოს ეს შემადგენლობა მნიშვნელოვანი იქნება. ვლადიმირ კარა-მურზა კი კრემლს ისტორიის გაკვეთილებს ახსენებს და ამბობს, რომ კანონზომიერება აჩვენებს: „იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო უბნებზე არ ხდება, ადრე თუ გვიან, ის ქუჩებიდან იცვლება“.

XS
SM
MD
LG