ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პრობლემის წინაშე დგას


چه‌ند تابلۆیه‌کی هونه‌رمه‌ندی شێوه‌کار ئاریان ئه‌بوبه‌کر‌
چه‌ند تابلۆیه‌کی هونه‌رمه‌ندی شێوه‌کار ئاریان ئه‌بوبه‌کر‌

რუსეთის პრემიერ-მინისტრი -ვლადიმერ პუტინი- არც ისე კმაყოფილი ჩანდა, როდესაც დმიტრი მედვედევმა არჩევნების შედეგებზე პოზიტიური ტონით ისაუბრა. მისმა პარტიამ დუმაში მანდატების მეოთხედი დაკარგა.

რუსეთის მმართველ პარტიას ელექტორატის ნახევარზე ნაკლებმა მისცა ხმა, ყველაზე ცოტამ, რაც კი პუტინისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის 11 წლის მანძილზე როდესმე მიუციათ.

პრობლემა ის არის, რომ სულ რამოდენიმე თვეში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება და პუტინის პოპულარობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი თავის ქვეყანაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

დამოუკიდებელი მკვლევარი, ლევ გუდკოვი თვლის, რომ ეს ფაქტი დუმაზე არ იმოქმედებს, მაგრამ მორალურად პუტინის რეჟიმმა ძალზე სერიოზული დარტყმა მიიღო.

„ერთიანი რუსეთის“ პარტიამ ქვეყანაში ზომით მეორე ქალაქში ხმების კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობა მოიპოვა. მმართველი დუეტის მშობლიურ პეტერბურგში პუტინის პარტიამ მხოლოდ ხმების 1/3 მიიღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მუსლიმებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში პარტიას 70-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, წმიდა ეთნიკურ რუსულ მოსახლეობაში კი - მას მხოლოდ 35 პროცენტი ემხრობა.

კვირა საღამოს მოსკოვის ორი სხვადასხვა ეგზიტპოლის მიხედვით რუსეთის დედაქალაქში პუტინის პარტიას მხარს ამომრჩეველთა მხოლოდ 27 პროცენტი უჭერს. მაშინ, როცა მოსკოვის არჩევნების ოფიციალური შედეგი 46.5 პროცენტი იყო.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვლადიმერ რიჟკოვის, განცხადებით მთავრობის მოხელეებმა რუსეთის დიდ ქალაქებში შედეგები მნიშვნელოვნად გააყალბეს:

ყველაზე კატასტროფული სიტუაცია ამ მხრივ მოსკოვში, სანკტ პეტერბურგში და ეკატერინბურგშია - ე.წ.„მილიონნიკებში“, ანუ იმ ქალაქებში, სადაც მილიონობით მაცხოვრებელია. პუტინის პარტიისთვის ეს სრული კატასტროფის მომასწავებელია, რადგან რეალური შედეგი მხოლოდ 30-35 პროცენტს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10-15 პროცენტი გაყალბებულია“.

ევროპელი დამკვირვებლების აზრით არჩევნები ჯერ საარჩევნო ყუთებში დამატებითი ბიულეტენების ჩაყრით იყო გაყალბებული და შემდეგ, ხმის დათვლისას - ხშირი პროცედურული დარღვევებით.

ჰეიდი ტალიავინი შვეიცარელი დიპლომატია, რომელიც ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მივლენილ დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს:

ყველაზე უფრო ის გვაშფოთებს, რომ მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. ამან კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის მინიმუმზე დაიყვანა. მთელი რიგი პარტიები არჩევნებზე არც კი დაუშვეს“ - აღნიშნავს შვეიცარელი დიპლომატი.

ორშაბათს გერმანიაში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არჩევნების გაყალბებათა ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა:

„რუსი ხალხი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ მათი ხმა მოისმინონ და მას ანგარიში გაუწიონ“ - აცხადებს ქალბატონი ჰილარი კლინტონი.

დამოუკიდებელი მედია მოსკოვში, რომელიც ძირითადად ინტერნეტის გვერდებზეა განთავსებული, ჰაკერების მასიური თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ვებ-გვერდები არჩევნების დღეს გამორთული იყო და ვერ ფუნქციონირებდა. ოპოზიციურად განწყობილი ადვოკატი, მარკ ფეიგინი თვლის, რომ ინტერნეტი ერთგვარი აფეთქებაა რუსულ მედიაში და ის ქვეყნის პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„დიდ ქალაქებში პუტინი აღარ მოსწონთ. რატომ? იმიტომ რომ მათ ალტერნატიული ინფორმაციის წყაროზე -ინტერნეტზე- მიუწვდებათ ხელი და შესაბამისად მეტი ინფორმაცია აქვთ. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი რუსეთში ძალიან სწრაფად იზრდება“ - აღნიშნავს ის.

მასობრივი გაყალბებების მიუხედავად ბატონ რიჟკოვს მაიაჩნია, რომ დრო ინტერნეტის მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი არმიის მხარესაა. „გუშინ რუსეთში ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო და ტელევიზიის პარტიამ კი წააგო“ - ამბობს ოპოზიციის ლიდერი.

რუსეთმა ევროპის ტერიტორიაზე ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობით ახლახან გერმანიასაც კი გაუსწრო და 51 მილიონს მიაღწია. სავარაუდოდ გასულ კვირას პრემიერმა პუტინმა ინტერნეტის პოლიტიკური ძალაუფლების შესახებ პირველად შეიტყო.

XS
SM
MD
LG