ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარია ალიოხინას აპელაცია არ დაკმაყოფილდა


სასამართლომ უარი თქვა პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოთის“ წევრის თხოვნაზე პატიმრობის სასჯელის გადავადების შესახებ

ბერეზნიკოვის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გალინა ეფრემოვამ არ დააკმაყოფილა მარია ალიოხინას თხოვნა პატიმრობის გადავადების შესახებ. ფემინისტური პანკ-ჯგუფის, „ფუსი რაიოთის“ წევრი ქალაქ ბერეზნიკის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში ორწლიანი სასჯელის მოხდას აგრძელებს. ალიოხინას ადვოკატი აპელაციას მცირეწლოვანი შვილის ყოლას აფუძნებდა და ამტკიცებდა, რომ 5 წლის ფილიპს ჩამოყალიბების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დედა აუცილებლად სჭირდება.

ანსამბლის 2 წევრს ხულიგნობის და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობის ბრალდებით გასულ წელს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მათი ვიდეო, რომელიც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარშია გადაღებული, ექსტრემისტულია და მისი დაბლოკვა მოითხოვა. მარია ალიოხინასთან ერთად დაპატიმრებული ნადეჟდა ტალაკონიკოვა სასჯელს მორდოვსკის ქალთა კოლონიაში იხდის. მისი მეუღლე, პეტრე ვერზილოვი ბერეზნიკიში ალიოხინას მხარდაჭერის მიზნით ჩავიდა.

აქ მაშა ალიოხინას სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად ჩამოვედით. მაშას 5 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც დედა ძლიერ ენატრება და 14 წლამდე აუცილებლად სჭირდება. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი თხოვნა და სასჯელი გადადოს“ - ამბობს პატიმრის მხარდამჭერი.

მოსამართლე გალინა ეფრემოვამ განაცხადა, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანის დროს უკვე გაითვალისწინა ალიოხინას მცირეწლოვანი შვილის შემამსუბუქებელი გარემოება და შესაბამისად გადაწყვეტილება შედარებით მოკლევადიანი სასჯელის შესახებ მიიღო.

თავად 24 წლის მუსიკოსი ქალთა კოლონიაში ყოფნას გოგოლის მოთხრობებს, კაფკას და ორველის რომანებს ადარებს და ყვება, რომ მას დისციპლინარული კომისია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის სეირნობაზე დაგვიანების გამოც კი სჯის. პატიმრებს ზედამხედველი კარებთან მისვლით და დაძახებით აღვიძებს. ხშირად ისინი დაბალ ხმაზე გვეძახიან. მე არ გამეღვიძა და შემდეგ გამომიცხადეს, რომ რეჟიმი დავარღვიე, ყვება პატიმარი.

„როდესაც გადავწყვიტე დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიპასუხეს, რომ არავინ იცის, თუ როგორ შეიძლება ამ პროცედურის განხორციელება ქალთა კოლონიაში. ბრძანებულების ტექსტის გაცნობის საშუალებაც კი არ მომცეს. საერთოდ არც კი ვიცი, არსებობს კი ის სადმე რეალურად? მოვითხოვე, რომ ნომერი მაინც ეთქვათ. აქაც სრული კრახი განვიცადე, კოლონიაში არცერთმა უწყებამ არ იცის იმ ბრძანებულების ნომერი, რომლითაც მე ვისჯები“ - აცხადებს მარია ალიოხინა.

კოლონიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ალიოხინას დისციპლინარულ საკითხებთან ერთად სხვა პატიმრებთან შეგუების პრობლემაც აქვს. უსაფრთხოების მოსაზრებით „ფუსი რაიოთის“ წევრი სამარტოვო საკანში უნდა გადაიყვანონ.


პანკ-ჯგუფი „ფუსი რაიოთი“ მკვეთრად ანტისამთავრობო პოზიციით გამოირჩევა და ეკლესიაში გამართული აქციითაც გოგონები პრეზიდენტ პუტინის უპრეცედენტო მესამე ვადით არჩევას აპროტესტებდნენ. ჯგუფის წევრები თავს დამნაშავედ არ სცნობენ. მათ ბევრი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. კრემლი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მუსიკოსები ელემენტარული ხულიგნები არიან.
„ფუსი რაიოთის“ წევრთა მხარდამჭერი აქციები არამარტო მოსკოვში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, პარიზში და ლოდონში არაერთხელ გაიმართა.
XS
SM
MD
LG