ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყის ხანძრები ბირთვულ საფრთხეს ქმნის


ტყის ხანძრები ბირთვულ საფრთხეს ქმნის
ტყის ხანძრები ბირთვულ საფრთხეს ქმნის

რუსეთში სტიქია ისევ ბობოქრობს და ამჟამად ცეცხლი კურსკის ატომურ ელექტრო სადგურს ემუქრება. ხელისუფლება შიშობს, რომ ცეცხლი ტყეებში დამარხული ბირთვული მასალის მტვერს ჰაერში გაფანტავს.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ტყის ხანძარი ბრიანსკის რეგიონშიც დაფიქსირდა, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ დაბინძურებულ ზონად იქნა გამოცხადებული. ამასთან ერთან, ბრიანსკის რეგიონში კურსკის ატომური ელექტრო სადგური მდებარეობს.

რუსეთის ტყის დაცვის სამსახურის როსლესოზაშჩიტას წარმომადგენლის განცხადებით, ბრიანსკში 28 ხანძრის კერაა დაფიქსირებული. სამაშველო სამსახურებმა აქედან ექვსი თითქმის ბოლომდე ჩააქრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხანძარმა შეიძლება ჰაერში გაფანტოს ჩერნობილის შემდეგ ბრიანსკის ტყეებში დამარხული რადიოაქტიური მასალის მტვერი.

მოსკოვში დღეს ცა მოწმენდილი იყო და ქარის მიმართულების შეცვლის შედეგად ქალაქი ერთი დღით სმოგისგან გაიწმინდა. თუმცა მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარი მიმართულებას სავარაუდოდ ხვალ შეიცვლის და 34 გრადუს სიცხესთან ერთად ქალაქი კვამლში კვლავ გაეხვევა.

სიცხესთან და ბურუსთან ერთად მოსახლეობას კრემლის პოლიტიკაც აწუხებს. ერთ-ერი მოსახლის ოლგა კუბიშევას თქმით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა ხანძრის ჩაქრობის ტემპებს ანელებს. მოსახლეობას ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხეების მოჭრის უფლება არ აქვს:

„აუცილებელია ნებართვა. ამ ნებართვის გარეშე ორი კვირის განმავლობაში ხე არავინ მოჭრა. ნებართვის გარეშე ხის მოჭრა ტყის გაკაფვად ითვლება და თითო ხეზე ჯარიმა ოთხი ათასი რუბლია. ამისთვის შეიძლება ციხეშიც ჩაგსვან,“ ამბობს ქალბატონი კუბიშევა.

რუსეთში ორ თვიანი სიცხისა და ხანძრების შედეგად გამოწვეული ზარალი სავარაუდოდ 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს კი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთი პროცენტია.

XS
SM
MD
LG