ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ქვეყნიდან ჰოლანდიელი ჟურნალისტი გააძევა


რუსეთმა ჰოლანდიელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გასულ ორ თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთიდან კორესპონდენტს აძევებენ.

ჰოლანდიის მთავრობას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემის, „დი ფოლკსკრანტ“ ჟურნალისტის ტომ ვენინკის დეპორტაციის შესახებ ოთხშაბათს აცნობა. ვენინკი რუსეთში კორესპონდენტად 2015 წლიდან მუშაობდა.

რუსეთის ხელისუფლებამ ვენინკის ბინადრობის უფლება კვირის დასაწყისში გააუქმა და მას ქვეყნის დასატოვებლად სამი დღე მისცა. მიზეზად გამოცემის თქმით, ძველი ადმინისტრაციული გადაცდომები დასახელდა. 2 წლის წინ ვენინკი საიმიგრაციო ოფისში რუტინული რეგისტრაციის დაგვიანების გამო დააჯარიმეს, ხოლო გასულ წელს მან კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო ჩრდილოეთ ციმბირში აკრძალულ უსაფრთხოების ზონაში უნებართვო ვიზიტისთვის.

აგვისტოში, რუსეთმა BBC-ის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი გააძევა, რომელიც მოსკოვში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბრალი დასდო დიდ ბრიტანეთს, ლონდონში რუსი ჟურნალისტების დისკრიმინაციაში.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბენ კნაპენმა ჟურნალისტის გაძევება შეაფასა, როგორც „მიუღებელი“. „ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარას, სხვა ბევრის გაჩუმებაზე საშიში ეფექტი აქვს „ - დაწერა მინსტრმა „ტვიტერზე“.

გამოცემის „დი ფოლკსკრანტ“ რედაქტორმა, პიეტერ კლოკმა თქვა, რომ უცნაურია უცხო ქვეყნის ჟურნალისტის ძველი ადმინისტრაციული გადაცდომების გამო გაძევება. „ასეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არასდროს არ ყოფილა დაბრკოლება ბინადრობის უფლების გაგრძელებისთვის წინა წლებში“, - თქვა მან.

ნიდერლანდების და რუსეთის ურთიერთობები, 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. კომპანია, რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ ახორციელებდა. თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან, დონბასიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. მომხდარს 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათი უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ვენინკის გაძევება ემთხვევა, ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ყირიმული ანტიკური არტეფაქტები კიევს დაუბრუნდება და არა ანექსრებულ ყირიმს. სკვითური ოქროს არტეფაქტები ჰოლანდიის მუზეუმში იყო გამოფენილი, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG