ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები გამართა


რუსეთი სამხედრო წვრთნებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს. ამჯერად რუსულმა შავი ზღვის ფლოტმა მტრის სამიზნეების განადგურებაზე შავ ზღვაში ივარჯიშა. წვრთნები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან ახლოს გაიმართა.

„მათ საზენიტო სარაკეტო იარაღითა და არტილერიით გაანადგურეს იმიტირებული მტრის საჰაერო სამიზნეები,“- წერია რუსული მხარის გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო წვრთნებს წინ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განცხადება უსწრებდა, სადაც პუტინი რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობაზე საუბრობდა. პუტინის თქმით შემაშფოთებელია მის საზღვრებთან სამხედრო ალიანსის აქტიურობა.

რუსული სამხედრო წვრთნების პარალელურად შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი USS Mount Whitney იმყოფება. ამერიკული საზღვაო ძალების ცნობით მალე ამერიკული ხომალდი პარტნიორი ქვეყნების გემებს შეუერთდება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მახლობლად საზღვაო ძალების მობილიზება დაიწყო, მოგვიანებით კრემლმა ეს ინფორმაცია უარყო. ოფიციალურმა მოსკოვმა აქვე მიუთითა რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარის გადაადგილება მათი სუვერენული უფლებაა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთის აგრესიული ქმედების გამო დასავლეთმა კრემლს სანქციები დაუწესა. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა იზრდება, ვაშინგტონი კიევთან სამხედრო პარტნიორობას აღრმავებს.

მიმდინარე პროცესები კი რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინაში ნატოს გაძლიერება „პუტინის წითელი ხაზია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG