ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სიკვდილობის რეკორდული მონაცემები კიდევ ერთხელ აღირიცხა


პარასკევს რუსეთში კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლება პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 1 163 ადამიანი. მათი საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 236 220-ს აღწევს, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მონაცემია. ეს იმ ფონზე, როცა ბევრი თვლის, რომ რუსეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს.

ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ადამიანები სამუშაო ადგილებზე არ უნდა გამოცხადდნენ. სამთავრობო დაწესებულებების და კერძო კომპანიების უმეტესი ნაწილი ფუნქციონირებას წყვეტს. ნოემბრის პირველი კვირის განმავლობაში რუსეთში მხოლოდ კრიტიკული მნიშვნელობის სამსახურები იმუშავებს.


პუტინმა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს მოუწოდა, მსგავსი შეზღუდვები ცოტა ხნით ადრე შემოეღოთ. მოსკოვმა ანალოგიური ზომები ხუთშაბათიდან აამოქმედა. დედაქალაქში რესტორნები და კაფეები დაიკეტა და მხოლოდ შინ მიტანის მომსახურებაზე გადავიდა. სურსათის მაღაზიები და აფთიაქები მოსკოვში ღიაა.

მუზეუმები, თეატრები, საკონცერტო დარბაზებიც ღიაა, თუმცა იქ სტუმრებს ლიმიტირებულად უშვებენ. საჯარო ღონისძიებებზე შესვლა შეუძლიათ მარტო მათ, ვისაც ტელეფონზე კოვიდ-19-ის გადატანის, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული კოდი ექნება. 60 წლის და უფრო ხანდაზმული მოქალაქეები შინ უნდა დარჩნენ.

ინფიცირების მაჩვენებელი წინა დღის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, დღეს ცოტა ნაკლები იყო. ბოლო 24 საათში რუსეთში დადასტურებულად ინფიცირებულია 39 849 ადამიანი.

ექსპერტები მონაცემების ზრდას ვაქცინაციის სუსტ ტემპს აბრალებენ. დღეისთვის კოვიდ-19-ზე რუსეთში დაახლოებით 51 მილიონი ადამიანია აცრილი, მოსახლეობის მესამედზე ოდნავ მეტი. სპეციალისტები შიშობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საკმარისად შეჩერება ამ ერთ კვირაში შესაძლოა არ მოხდეს, რადგან ბევრმა რუსმა გადაწყვიტა ესარგებლა შვებულებით და ზღვაზე, ან უცხოეთში წასულიყო.

რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საკუთარი წარმოების ვაქცინა "სპუტნიკ V" დაამტკიცა. მიუხედავად მონაცემების სანდოობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული შეკითხვებისა, ეს ვაქცინა ბევრმა სხვა ქვეყანამაც შეიძინა, თუმცა რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მაინც არ იცრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG