ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირების მიუხედავად, კრემლი უკრაინის ქალაქების დაბომბვას დღესაც აგრძელებს


ახლადდაბომბილი ქ. ჩერნივის ბაზარი, უკრაინა. 30 მარტი, 2022 წ.

დღეს რუსეთის ძალებმა კიევის შემოგარენი და ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქები ისევ დაბომბა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ადგილებში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებდა, სულ ერთი დღეა გასული.

სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რუსეთმა განაცხადა, რომ კიევის და ჩრდილოეთის ქალაქ ჩერნივის მიმართულებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე "ორმხრივი ნდობის გაღრმავების მიზნით", შეიარაღებული ძალების ოპერაციებს შეზღუდავდა. დასავლეთს მოსკოვის დაპირება სერიოზულად არ მიუღია და ჩათვალა, რომ კრემლი სავარაუდოდ, გარკვეულ სამხედრო გადაჯგუფებას გეგმავდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან თითქმის 5 კვირა გავიდა. უკრაინის დედაქალაქზე და სხვა მსხვილ ქალაქებზე გამუდმებული იერიშების მიუხედავად, მოსკოვმა ჯერჯერობით უკრაინის ვერცერთი დიდი ქალაქის დაპყრობა აქამდე ვერ შეძლო. უკრაინის არმიამ კონტრშეტევებით მთელ რიგ დასახლებული პუნქტებზე კონტროლი დაიბრუნა.

დაბომბვის ხმა კიევში ოთხშაბათს დილიდან ისმოდა, ძირითადად იმ მიმართულებიდან, სადაც დედაქალაქის გარეუბანში უკრაინის ძალებმა ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს და დღეს ფრონტის წინა ხაზი გადის. ინფორმაციას სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტიც ადასტურებს. უშუალოდ დედაქალაქის დაბომბვა დღეს არ მომხდარა, თუმცა აფეთქებებმა და არტილერიის ცეცხლმა კიევში ფანჯრები ჩაამსხვრია.

ინტენსიური დაბომბვა გაგრძელდა ქ. ირპინის ჩრდილოეთის მიმართულებითაც. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალაქის ქუჩებში დღეს გვამები ეყარა. ირპინი უკრაინამ ამ კვირაში დაიბრუნა. "როიტერის" ჟურნალისტი ადასტურებს, რომ დანგრეულ და მიტოვებულ მოჩვენებათა ქალაქში უკრაინელი ჯარისკაცები პატრულირებენ.

ბოლო 24 საათში გრძელდებოდა ქ. ჩერნივის ინტენსიური დაბომბვაც. ქალაქის მერი ვლადისლავ ასტროშენკო ამბობს, რომ 100 000-მდე ადამიანი ალყაში იმყოფება და მათ საკვების და მედიკამენტის მარაგი დაახლოებით ერთ კვირაში ამოეწურებათ.

რუსეთმა ბოლო 24 საათში იერიში დასავლეთ უკრაინის რამდენიმე ინდუსტრიულ ნაგებობაზეც მიიტანა. ადგილობრივი გუბერნატორების ინფორმაციით, მათი მიმართულებით, 3 ობიექტი დაიბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო დღე-ღამეში მომხდარ მოვლენებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG