ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დივერსია ბალტიისპირეთში და მის მიღმა


ლიტველი სამხედროები NATO-ს წვრთნებზე
ლიტველი სამხედროები NATO-ს წვრთნებზე

ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საბჭოთა ოკუპაციისგან 25 წლის წინ გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც ბალტიის ზღვის ქვეყნები ეკონომიკის მოდერნიზაციას და ევროპასთან ინტეგრაციას გზას შეუდგნენ. ისტორიის მანძილზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ზღვის ქვეყნების ოკუპაცია არ უცვნია. ვაშინგტონმა სამ ქვეყანასთან ურთიერთობები 1991 წლის შემდეგ აღადგინა. საბოლოოდ, 2004 წელს, ბალტიის სამი ქვეყანა ევროკავშირს და ნატოს შეუერთდა, რითაც ისინი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან პირველები გახდნენ, რომლებიც დასავლურ გაერთიანებაში მიიღეს.

უკანასკნელი წლების მანძილზე დაპირისპირება პოსტ-საბჭოთა რეგიონში უფრო და უფრო მწვავდება. ბალტიისპირეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის მთავარი წითელი ხაზია.

ოთხშაბათს, 22 მარტს, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოცემა „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუკასი და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი ჩვენებით წარსდგნენ. ისინი იმ საფრთხეზე საუბრობდნენ, რასაც მოსკოვი დღეს ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წარმოადგენს და მოუწოდებდნენ ამერიკელ კანონმდებლებს უფრო მეტი სიხისტე გამოიჩინონ კრემლის მიმართ.

რუსეთს სურს საერთაშორისო სისტემის პრინციპებს გამოუთხაროს ძირი, იყენებს, დივერსიულ ტაქტიკას, პროპაგანდას, მოქრთამვას, კორუფციას და მხარს უჭერს მათ, ვინც ქაოსს ქმნის.
პოლ გობლი

„შანსი იმისა, რომ მოსკოვი ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს გაგზავნის ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ნაკლებია. ეს ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ან რომ ამ ქვეყნების პანიკა უადგილოა. თუმცა პუტინი, ბალტიის ქვეყნებისთვის და დასავლეთისთვის უფრო დიდ საფრთხეა არა მხოლოდ განცხადებული მიზნების გამო (რაც კრემლს აქვს), არამედ რუსეთის მიერ ადაპტირებული სტრატეგიის გამოც... რუსეთს სურს საერთაშორისო სისტემის პრინციპებს გამოუთხაროს ძირი... მოსკოვი იყენებს, დივერსიულ ტაქტიკას, მათ შორის პროპაგანდას, მოქრთამვას, კორუფციას და მათთვის მხარდაჭერას, ვინც ქაოსის შექმნას ცდილობს“, - განაცხადა გობლმა.

ვლადიმირ პუტინს არ სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესია, ამის ნაცვლად რუსეთი დასავლეთის შიგნით უთანხმოების გაღვივებას არჩევნებში ჩარევით, დეზინფორმაციით, მოკავშირე პარტიების დაფინანსებით, შეფარული და პროვოკაციული არაპირდაპირი სამხედრო მოქმედებებით თუ ჰიბრიდული ომით ახერხებს.

გობლის თქმით, რუსეთმა იცის, რომ თუ ის ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოახდენს პირდაპირ სამხედრო აგრესიას, ამაზე ამერიკის პასუხს მიიღებს, ამიტომ ის შეფარულ ტაქტიკას იყენებს ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირების შესაქმნელად.

„დასავლეთმა შესაბამისად არ უპასუხა რუსულ აგრესიას საქართველოში 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო პირდაპირი შედეგი ვლადიმირ პუტინის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთი წლით ადრე გაცხადებული პოლიტიკისა. ამასთანავე, დასავლეთმა ჯერ ვერ იპოვა გზა, რომლითაც ის შეძლებს პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანშლუსით დაიწყო და რომელიც გრძელდება დღემდე, არა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში, არამედ მთლიანად უკრაინაში“, -

დასავლეთმა შესატყვისად არ უპასუხა რუსულ აგრესიას საქართველოში 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო პირდაპირი შედეგი ვლადიმირ პუტინის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთი წლით ადრე გაცხადებული პოლიტიკისა
პოლ გობლი

ამბობს გობლი.

2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა ცივი ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი და სისტემა გააკრიტიკა, სადაც წამყვანი როლი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა ბრალი დასდო ვაშინგტონსა და ნატოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გაფართოებაში. ათი წლის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „პოსტ-დასავლეთის“ საერთაშორისო წესრიგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, უფრო „სამართლიანი“ იქნება.

დასავლეთმა ჯერ ვერ იპოვა გზა, რომლითაც ის შეძლებს პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში
პოლ გობლი

კონგრესის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ედვარდ ლუკასმა, რომელიც რუსეთის შესახებ ბევრი პუბლიკაციის და წიგნის ავტორია, აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთის ერთიანი პოზიციის არსებობა, რომ საერთაშორისო პრინციპების დაცვა ბრიუსელის და ვაშინგტონის ინტერესშია. მისი თქმით, „ბალტიის ქვეყნები უმთავრესია ევროპული უსაფრთხოების დასაცავად. თუ ბალტიისპირეთი რუსეთის წნეხის ქვეშ მოექცევა სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ ღირებულებებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემას, რომელსაც ამერიკამ ჩაუყარა საფუძველი და რომელიც ექვსი დეკადის მანძილზე ევროპას იცავს, ბოლო მოეღება.“

ბალტიის ქვეყნები უმთავრესია ევროპული უსაფრთხოების დასაცავად. თუ ბალტიისპირეთი რუსეთის წნეხის ქვეშ მოექცევა მაშინ ღირებულებებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემას, რომელსაც ამერიკამ ჩაუყარა საფუძველი ბოლო მოეღება
ედვარდ ლუკასი

სამხედრო ავანტიურა რუსეთისთვის, რეგიონიდან სხვა საერთაშორისო მოთამაშეებისთვის კარის ჩაკეტვასთან ერთად, ადგილობრივი მხარდაჭერის გაზრდისა საშუალებაცაა.

„რუსეთი იმ შემთხვევებში, სადაც საჭიროა, პირდაპირ სამხედრო ძალას იყენებს და უზარმაზარი სამხედრო წვრთნებით იმუქრება, რომ საგარეო ჩარევას ხელი შეუშალოს, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში... საგარეო პოლიტიკური თავგადასავლები, იქნება ეს საქართველოში, უკრაინასა თუ სირიაში, რუსეთის შიგნით, კარგად მუშაობს. ეს ყველაფერი, პუტინს საშუალებას აძლევს ყურადღება გადაიტანოს მისი რეჟიმის წარუმატებლობიდან“, - აღნიშნა ლუკასმა.

ედვარდ ლუკასმა კონგრესმენის კითხვაზე, თუ რატომ არ გვინახავს 2007 წელს ესტონეთზე კიბერ-შეტევის მიღმა რუსეთის სამხედრო აგრესია ბალტიისპირეთში უპასუხა, რომ ეს ხაზს უსვამს „ნატოს სიცოცხლისუნარიანობას. რადგან ეს ქვეყნები ნატოს წევრი არიან და ჩვენ [დასავლეთმა] გავავლეთ მკვეთრი წითელი ხაზი ბალტიისპირეთზე.“

თუმცა დასავლეთის ნაკლებმა ყურადღებამ შესაძლოა მოსკოვს შესაძლებლობა მისცეს.

2012 წლის შემდეგ, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპაში განლაგება საგრძნობლად შემცირდა. და დღეს, დაახლოებით 60,000 სამხედროს წარმოადგენს, რაც 1990-იან წლებთან შედარებით, როდესაც აშშ-ს 200,000-ზე მეტი სამხედრო ყავდა ევროპაში, მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

XS
SM
MD
LG